ვალტერ სამუელი: რუსეთში ჩავალ და არგენტინასთან ერთად მუნდიალის მოგებას ვიზეიმებ

AutoSharing Option
ვალტერ "კედელი" სამუელი სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს. არგენტინელმა ცენტრალურმა მცველმა, რომელიც 23 მარტს 38 წლის გახდება, ამის შესახებ განცხადება რამდენიმე თვის წინ გააკეთა. 2014 წლიდან მოყოლებული, მდიდარი კარიერის მქონე ფეხბურთელი "ბაზელში" ირიცხება და მშვიდად მიდის სათამაშო კარიერის ბოლოსკენ.

იქამდე იგი "ნიუელს ოლდ ბოისში", "ბოკა ხუნიორსში", "რომაში", "რეალსა" და "ინტერში" თამაშობდა. ვალტერი არც იმას გვიმალავს, რომ მომავალში მწვრთნელობას აპირებს. სამუელი არგენტინის ნაკრებში 1999-2010 წლებში თამაშობდა და "ალბისელესტეს" ამჟამინდელ მდგომარეობასა და სამომავლო შანსებსაც აფასებს.

- ბევრისთვის მოულოდნელი იყო, როდესაც თქვენ 20 წლის
განმავლობაში გამორჩეულ გუნდებში თამაშის მერე, შვეიცარიაში გადაბარგება გადაწყვიტეთ...
- ეს საინტერესო პერსპექტივა გახლდათ. რამდენიმე იტალიური გუნდი დაინტერესებული იყო, თუმცა მე ცვლილება მინდოდა. მეგობარმა მითხრა, რომ "ბაზელის" ვარიანტი არსებობდა და ჩავთვალე, რომ ეს მჭირდებოდა.

გუნდი კარგად მახსოვდა ევროტურნირებზე თავისი საინტერესო თამაშით, მაგრამ არ ვიცოდი, დაინტერესდებოდნენ თუ არა ისინი ჩემით. საბოლოოდ კი ყველაფერი მშვენივრად და მალე მოხდა. გადაწყვეტილებას არ ვნანობ, პირიქით, ძალიან კმაყოფილი ვარ და კარგი იქნებოდა, მსგავსი ნაბიჯი ცოტა უფრო ადრე გადამედგა, როდესაც უკეთეს ფორმაში ვიყავი.

- არგენტინელისთვის, რომელმაც 15 წელი გაატარა იტალიასა და ესპანეთში, შვეიცარიაში ცხოვრება ალბათ ცოტა უცნაურია...
- უფრო მშვიდობიანია, ჩემს ოჯახთან ერთად აქ მშვენიერ დროს ვატარებ და ისინიც კმაყოფილები არიან. მათ უპრობლემოდ და დამოუკიდებლად შეუძლიათ გადაადგილება, რაც მნიშვნელოვანია მათი ზრდისთვის. ჩემი შვილები ახალ ენას სწავლობენ, მე სიტყვაც კი არ მესმის (იცინის), მაგრამ მათ გერმანული ნამდვილად გამოადგებათ.

- თქვენ განაცხადეთ, რომ სეზონის ბოლოს კარიერას ასრულებთ. როდის მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
- ადრე თუ გვიან, უნდა წახვიდე. თუმცა რეალურად პირდაპირ ამის შესახებ არ განმიცხადებია, არადა, იდეის დონეზე დიდი ხნის განმავლობაში მიტრიალებდა თავში. სეზონის სტარტზეც მქონდა ეჭვები, ღირდა თუ არა კონტრაქტის გაფორმება. საბოლოოდ, გადავწყვიტე, კიდევ ერთი სეზონი ჩამეტარებინა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ეს ბოლო იქნებოდა.

სიამოვნებას ვიღებ ვარჯიშით, თამაშით, თანაგუნდელებთან ერთად ხუმრობით... ამას ვერაფერზე გავცვლიდი, მაგრამ სამწუხაროდ, ფიზიკური კონდიცია აღარ მიწყობს ხელს, ეს ფსიქოლოგიურადაც მოქმედებს ჩემზე. ივნისში კი ყველაფერი დასრულდება. არა უშავს, მქონდა პრივილეგია, რომ ამდენი წლის განმავლობაში მეთამაშა და ახლა მინდა იმით ვისიამოვნო, რაც დარჩა.

- ღელავთ, როდესაც კარიერის დასრულების შემდგომ ცხოვრებაზე ფიქრობთ?
- არა. ხშირად ლაპარაკობენ ამაზე და ბევრს ფიქრობენ, მაგრამ მე არ ვღელავ. მსურს, ჩემი ცხოვრება გარდავქმნა და ამისთვის მზად ვიყო. მწვრთნელობა მინდა, ახალგაზრდების აღმოჩენა-გაზრდით დავიწყებ და მერე ვნახოთ. არ მეშინია ცვლილების, ჩემი ოჯახი ჩემთან ერთადაა და თავს მშვიდად ვგრძნობ.

- ხანგრძლივი საერთაშორისო კარიერა გქონდათ. შეგიძლიათ არგენტინის ნაკრებთან ერთად თქვენი საუკეთესო და ურთულესი პერიოდი გაიხსენოთ?
- ყველაზე მძიმე მოგონებით დავიწყოთ: ძალიან ცუდია, რომ 2002 წლის კორეა-იაპონიის მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლა ვერ შევძელით. ეს გახლდათ ნაკრები, რომელსაც ფანები აღფრთოვანებაში მოჰყავდა, კარგ თამაშს ვაჩვენებდით და ეს პირველი ეტაპი რომ დაგვეძლია, ძალიან შორს შეგვეძლო წასვლა. ეს ყველაზე მტკივნეული მოგონებაა.

- და საუკეთესოდ, რა დაგამახსოვრდათ?
- 1997 წელს მალაიზიაში 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება. უბედნიერესი ვიყავი. ძირითად ნაკრებთან ერთად, სამწუხაროდ, აღარაფერი მომიგია. ახალგაზრდულთან ერთად მიღწეული ეს წარმატება კი ჩემთვის ბევრს ნიშნავდა და განსაკუთრებით სასიამოვნო იმ ბიჭებთან ერთად გამარჯვება გახლდათ, ვისთან ერთადაც ამ სიხარულს ვიზიარებდი. კარგი გუნდი გვყავდა.

- თქვით, რომ ახალგაზრდების გაწვრთნა გსურთ. რა სჭირდებათ მათ საწყის ეტაპზე, როდესაც ფეხბურთს სწავლობენ?
- მათთან სამართლიანი და პირდაპირი უნდა იყო. ბავშვებს დახმარება სჭირდებათ, ყველაფერი კარგად უნდა განუმარტო და აუხსნა. სწორედ ამ ეტაპზე ყალიბდებიან ისინი ფეხბურთელებად და ამ ეტაპზე სწავლობენ ყველაზე მეტს. საჭიროა თავდაუზოგავი შრომა, მონდომება და ნელ-ნელა, წინა პლანზე დისციპლინარული საკითხები გადმოდის.

მე არ მინდა, რომ ზედმეტად მკაცრი ვიყო და არც ზედმეტად ლმობიერი. ისინი უაღრესად შემართულები უნდა იყვნენ და ესმოდეთ, რომ ნაკრებში თამაში პრივილეგიაა და ძალიან გაუმართლათ, რომ იქ არიან. იდეალურია, როდესაც ერთი და იგივე ჯგუფი 17-წლამდელებშიც თამაშობს და მერე 20-წლამდელებშიც. ამას მოჰყვება ეტაპი, როდესაც ევროპაში წასვლაა საჭირო ან რომელიმე დიდ გუნდში თამაში.

- და ეროვნულ ნაკრებზე რას იტყვით? მიადევნეთ თვალყური 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასაწყისს?
- დროში სხვაობის გამო ეს ადვილი გასაკეთებელი არ გახლდათ, მაგრამ ინტერნეტის მეშვეობით მაინც ვადევნებდი თვალყურს მატჩებს. ვფიქრობ, ჩვენმა ნაკრებმა ბოლო ორ მატჩში მშვენივრად ითამაშა. ბიჭებს ბრაზილიასთან შეხვედრის მეორე ტაიმში ცოტა გაუჭირდათ, მაგრამ მოგება გვეკუთვნოდა. თან ბრაზილიას მართლაც კარგი გუნდი ჰყავს.

მომწონს, რასაც ტატა მარტინო აკეთებს. კოლუმბიასთან თამაშშიც ბევრი გამოჩნდა და ასეც უნდა იყოს, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოუმატო. მქონდა ბედნიერება შესარჩევ მატჩებში მონაწილეობის მიღებისა და ეს ძალიან რთული ეტაპია, მძიმე მატჩებით დახუნძლული. ადვილი თამაშები აღარ არსებობს, აი, ეკვადორი ჩავიდა ბუენოს აირესში და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. ბევრი რამ შეიცვალა.

- როგორც ფეხბურთელი, საკმაოდ მშვიდი იყავით და როგორი ხართ, როგორც ფანი? ნერვიულობთ ხოლმე?
- ცოტათი კი. მახსოვს, კოლუმბიასთან მატჩის მეორე დღესაც აღელვებული ვიყავი, რადგან არაერთი შანსი გვქონდა, მაგრამ ინტრიგა ვერ მოვკალით და ამან მანერვიულა (იცინის). საბედნიეროდ, მოგება მაინც მოვახერხეთ.

- არგენტინის ერთ-ერთი მთავარი ძალა გასულ მუნდიალზე დაცვის ხაზი იყო. ახლა ბევრი რამ შეიცვალა და როგორ შეაფასებდით უკანა ხაზს?
- ვფიქრობ, კოლუმბიაში ნიკოლას ოტამენდიმაც და რამირო ფუნეს მორიმაც კარგად ითამაშეს. ესეკიელ გარაის მშვენიერი მსოფლიო ჩემპიონატი ჰქონდა. ჩემი აზრით, ოტამენდი ბრწყინვალე ფეხბურთელია.

იგი ფუნეს მორის მომატებასა და ზრდაში დაეხმარება. რამირო ნელ-ნელა დაიხვეწება და მასში ის მომწონს, რომ სულ ბურთით ყოფნა სურს, შეუძლია ბურთის ამოტანა და გოლების გატანაც ეხერხება. მას არაფრის ეშინია და სითამამე ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, საერთაშორისო, სანაკრებო დონეზე. რაც მე ვნახე, განსაკუთრებით ბოლო მატჩებში, არგენტინას ბევრი ისეთი ცენტრალური მცველი ჰყავს, რომელთა იმედზე ყოფნაც შეიძლება.

- შეძლებს "ალბისელესტე" ბოლოს და ბოლოს, მუნდიალის მოგებას 2018 წელს რუსეთში?
- დიახ! იმედი მაქვს. სურვილი მაქვს, რომ მსოფლიო ჩემპიონატს დავესწრო, მატჩები ვნახო და სიამოვნება მივიღო. არ მგონია, რომ ნაკრებს საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა გაუჭირდეს, მიუხედავად იმისა, რომ გასვლა ადვილიც არ იქნება. როგორც აღვნიშნე, ბოლო ორი მატჩი მომეწონა და დარწმუნებული ვარ, არგენტინა მუნდიალის ფინალურ ეტაპზე გავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფეხი არაფერი დაიდგა:)))))
chala
23:40 27-01-2016
0

სიახლეები პოპულარული