ზოგი თავს სწირავს, რომ უკეთ ვიცხოვროთ, მე კი უბრალოდ ვთამაშობ - ინტერვიუ ლიონელ მესისთან

AutoSharing Option
საკლუბო მუნდიალის ფინალამდე ლიონელ მესიმ არგენტინულ ჟურნალ "ხენტეს" მცირე ინტერვიუ მისცა, რომელიც ჟურნალის გამოსვლის 50 წლისთავს მიეძღვნა.

ინტერვიუმ საშუალება მოგვცა, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ცოტა სხვა კუთხიდან დაგვენახა.

- ისტორიულ დოკუმენტში ასეა - ლიონელ მესი კუჩიტინი 1987 წლის 24 ივნისს მოევლინა ქვეყანას როსარიოს იტალიურ კლინიკაში; ის იყო 47 სმ. სიმაღლის და 3,6 კილოგრამი წონით; ლიონელი არის შვილი ხორხესა და სელიასი, ძმა მარიას, სოლის, მატიასის და როდრიგოსი; ისიც ცნობილია, რომ იგი იზრდებოდა ლავალიეხას ქუჩის ნომერ 525 სახლში. გახსოვთ თქვენი პირველი ბურთი?
- ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ეს იყო საჩუქარი სამი ბრძენკაცის დღეს *, მაგრამ არ მახსოვს, რომელი წელი იყო.

- ვინ იყო პირველი ფეხბურთელი, ვისი თამაშიც ნახეთ ცოცხლად ან ტელევიზიით, რომელმაც გავლენა იქონია თქვენ თამაშზე?
- კონკრეტულად არასოდეს ვყოფილვარ, რომელიმე ფეხბურთელის თაყვანისმცემელი და არც ვინმეს ვემსგავსებოდი. მაგრამ, როცა ცოტა გავიზარდე, დიეგო მარადონა დაბრუნდა ჩვენს ქვეყანაში ესპანეთიდან, ის "ნიუელს ოლდ ბოისში" გადმოვიდა.

ეს იყო 1993 წელს, დიეგო ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა, რომელიც 1994 წლის მუნდიალისთვის ემზადებოდა... მოკლედ, თუკი ვინმემ იქონია ჩემ ფეხბურთზე გავლენა, ის, ეჭვსგარეშე, მარადონა იყო.

- ლეო, ფეხბურთი კვლავ სიამოვნებას განიჭებთ? შესაძლოა, ეს არის უმთავრესი ათწლეული საუკეთესო ფეხბურთს რომ აჩვენებთ?
- მე ყოველთვის მანიჭებს ფეხბურთის თამაში სიამოვნებას, მაგრამ ვერ გეტყვით, არის თუ არა ეს ჩემი კარგად თამაშის საიდუმლო. ვიცი, რაც მანიჭებს სიამოვნებას და ამ საქმეს გავაგრძელებ, სანამ შემეძლება.

- როცა გძინავთ, სიზმარშიც ფეხბურთს ხედავთ?
- მძინავს, როგორც ნებისმიერ ადამიანს, ფეხბურთის რეპორტაჟებს სიზმრებში არ ვხედავ. მიყვარს ფეხბურთის თამაში, როგორც პროფესიონალს და როგორც მოყვარულს მეგობრებთან ერთად, მაგრამ მთელი ჩემი ცხოვრება მხოლოდ ფეხბურთი არ არის.

- მოგვიყევით თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან რჩევაზე და ვინ მოგცათ ის?
- ბევრს მოუცია. ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს სიმართლე. მხოლოდ მართალ რჩევას აქვს მნიშვნელობა განსაკუთრებით ფეხბურთელისთვის.

- რას ურჩევდით მილიონობით ბავშვს, რომელთაც ფეხბურთის თამაში თქვენს გამო სურთ?
- ჩემი რჩევაა, ისიამოვნეთ ფეხბურთით, ისწავლეთ ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაფრის მიუხედავად, ფეხბურთი მაინც თამაშია.

- ფეხბურთის სამი მთავარი ატრიბუტის; ტალანტის, შრომისა და ჭკუის გაყოფა რომ გთხოვოთ, რომელს, რამდენ პროცენტს შეახვედრებთ მნიშვნელობის მიხედვით?
- მე ძალიან ბევრს ვვარჯიშობ კვირის განმავლობაში. ყოველთვის მსურს, თამაშს ფიზიკურ მზადყოფნაში შევხვდე, რომ მივაღწიო დასახულ მიზნებს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყოფილა შემთხვევები, ყველაფერი ისე არ წასულა, როგორც მე მსურდა, თამაშში სულ სხვა რამ შეიძლება გამოჩნდეს. შრომა მნიშვნელოვანია.

- კარგად იცით, რამდენი ადამიანისთვის ხართ მისაბაძი მაგალითი, როგორ ფიქრობთ, რატომ აგირჩიათ ღმერთმა, იყოთ ლიონელ მესი?
- არა, არა, ძალიან ბევრი ნამდვილი პროფესიონალია ამ ქვეყნად, ზოგი სიცოცხლეს გვინარჩუნებს, რომ უკეთ ვიცხოვროთ, ზოგი აშენებს. მე კი უბრალოდ ვთამაშობ, ვახალისებ ხალხს, ვაძლევ მათ მეგობრებთან კამათის საბაბს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი ასე მოეწყო.

- როგორ უმკლავდებით თქვენს პოპულარულობას?
- ვცდილობ, ეს ნორმალურად მივიღო, როგორც სხვამ - დავდივარ, ვცხოვრობ ჩემ ოჯახთან, მეგობრებთან ერთად, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი. რა თქმა უნდა, ჩემი პროფესიის წყალობით, თავს ბევრი კარგი რამის უფლებას ვაძლევ.

- მოგცათ თუ არა ცხოვრებაში ფეხბურთმა ყველაფერი?
- ამაში ეჭვის შეტანაც არ შეიძლება, პროფესიული და სოციალური თვალსაზრისით, ყველაფერი ფეხბურთმა მომიტანა ცხოვრებაში. მაგრამ არის კიდევ ოჯახი, რომელთანაც ფულს და სპორტს ნაკლები შეხება აქვს. ეს კიდევ ცალკე სამყაროა, ფუნდამენტალური.

* სამი ბძენ-კაცის (ან მეფის, მოგვის) დღე - რელიგიური დღესასწაული კათოლიკურ სამყაროში, ბავშვებს ამ დღეს საჩუქრებს ჩუქნიან ესპანურენოვან ქვეყნებში. აღინიშნება 6 იანვარს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული