მუნდიალი 2018. სამხრეთ ამერიკა: არგენტინა ისევ მოუგებელია

AutoSharing Option
AUTO PLAY
სამხრეთ ამერიკაში ლიონელ მესისა და ლუის სუარესის გარდა, ნაკრებებს წამყვანი ფეხბურთელები დაუბრუნდნენ. მაგალითად, ბრაზილიას ნეიმარი დაუბრუნდა, კოლუმბიას ხამეს როდრიგესი, ურუგვაის ედინსონ კავანი და ასე შემდეგ.

ყველას ყურადღება პირველ რიგში არგენტინა-ბრაზილიაზე იყო მიმართული. ორივე გუნდმა მძიმედ დაიწყო და "მონუმენტალზე" ორმაგად საინტერესო და დაძაბული სანახაობა გველოდა. ხერარდო მარტინომ საუცხოო ფორმაში მყოფი გონსალო იგუაინი დააბრუნა და ამან გაამართლა.

"პიპიტამ" ესეკიელ ლავესის საგოლედ უპასა, მაგრამ ამ ეპიზოდში ანხელ დი მარიას ბოლოსწინა გადაცემა არანაკლებ გამოსარჩევია. "ალბისელესტე" 34-ე წუთზე სამართლიანად დაწინაურდა, რადგან საგრძნობ უპირატესობას ფლობდა. მერე
არგენტინელებმა ცოტა, მოუკლეს და ბრაზილია გააქტიურდა და "სანტოსის" ლუკას ლიმამ გათანაბრება შეძლო.

"ტატამ" ბოლოსკენ ნიკოლას გაიტანი, პაულო დიბალა და ერიკ ლამელა გამოიყვანა, თუმცა არგენტინამ ვერაფერი შეცვალა და სამი ტურის მერე ისევ მოუგებელია. კარლოს დუნგამ ფრთხილად ითამაშა და ამ სიფრთხილემ, რამდენიმე კარგი ფეხბურთელის თადარიგში დატოვება გამოიწვია. საბოლოოდ კი, იგი პრინციპულ მეტოქესთან საგარეო ქულით უფრო კმაყოფილი დარჩა.

ეკვადორმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ სერიოზული ძალაა, მით უმეტეს კიტოში და სამიდან სამი მოგებით ერთპიროვნულად გალიდერდა. მეტოქე კი სერიოზული იყო - ურუგვაის ნაკრები, რომელსაც კავანის გოლმა ვერ უშველა.

ეკვადორელთა ფელიპე კაისედოსი არ იყოს, უკვე მესამე გოლი დაუგროვდა ჯეფერსონ ფარფანსაც, რომელმაც პერუს პირველი გამარჯვება და ზოგადად პირველი ქულები მოუტანა პარაგვაისთან საშინაო შეხვედრაში. თავის მხრივ, პარაგვაელთა წაგებაც პირველი იყო.

სანტიაგოში "ნასიონალზე" ჩილე არტურო ვიდალის თავურით კი დაწინაურდა, მაგრამ ხამესმა ლუის მურიელის კარგი თამაშის მერე, შეაგდო გამთანაბრებელი. ბოლოს მოგება უფრო კოლუმბიელებს შეეძლოთ, მაგრამ ჩილელთა კარში კლაუდიო ბრავო დგას. მესამე ტურში ვერც ერთმა სტუმარმა ვერ იმარჯვა.

ჭკუამხიარული თამაში გამოვიდა ლა პასში, სადაც ბოლივიამ სიცილ-ხარხარში ჩაყლაპა გამოკვეთილი აუტსაიდერი ვენესუელა. 55-ე წუთზე უკვე 4:2 იყო, და თქვენ წარმოიდგინეთ, მეტი გოლი აღარ გასულა.

მე-3 ტური
ბოლივია-ვენესუელა 4:2
გოლები: 1:0 რამალიო (19), 2:0 არსე (23-პენ.), 2:1 რონდონი (31), 3:1 რამალიო (45), 4:1 კარდოსო (48), 4:2 ბლანკო (55)
გაძევება: სეიასი (90. ვენესუელა)

ეკვადორი-ურუგვაი 2:1
გოლები: 1:0 კაისედო (23), 1:1 კავანი (49), 2:1 მარტინესი (59)

ჩილე-კოლუმბია 1:1
გოლები: 1:0 ვიდალი (45), 1:1 ხ. როდრიგესი (68)

არგენტინა-ბრაზილია 1:1
გოლები: 1:0 ლავესი (34), 1:1 ლუკას ლიმა (58)
გაძევება: დავიდ ლუისი (88. ბრაზილია)

პერუ-პარაგვაი 1:0
გოლი: 1:0 ფარფანი (20)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ეკვადორი 3 3 0 0 6-1 9
2. ჩილე 3 2 1 0 7-4 7
3. ურუგვაი 3 2 0 1 6-2 6
4. ბრაზილია 3 1 1 1 4-4 4
5. პარაგვაი 3 1 1 1 1-1 4
6. კოლუმბია 3 1 1 1 3-4 4
7. ბოლივია 3 1 0 2 4-6 3
8. პერუ 3 1 0 2 4-6 3
9. არგენტინა 3 0 2 1 1-3 2
10. ვენესუელა 3 0 0 3 3-8 0

ბომბარდირები: 3 - ფელიპე კაისედო (ეკვადორი), ჯეფერსონ ფარფანი (პერუ), ალექსის სანჩესი (ჩილე), ედუარდო ვარგასი (ჩილე)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული