მესი, კავანი, ნეიმარი, ხამესი და სხვები - კოპა ამერიკა 2015 დაიწყო

AutoSharing Option
12 ივნისს, ჩილეში, სტარტი აიღო კოპა ამერიკის გათამაშებამ. მასპინძელთა ნაკრებმა, რომელიც A ჯგუფში გამოდის, "ნასიონალზე" ეკვადორის ეროვნული გუნდი მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

ანგარიში არტურო ვიდალმა 11-მეტრიანით 67-ე წუთზე გახსნა, საბოლოო ანგარიში კი ედუარდო ვარგასმა, ალექსის სანჩესის პასით, 84-ე წუთზე დააფიქსირა.


დღეს ტურნირზე კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება. A ჯგუფში მექსიკა ბოლივიას დაუპირისპირდება, B ჯგუფში კი ურუგვაი - იამაიკას.

ისტორია
კოპა ამერიკა ყველაზე ძირძველი კონტინენტური სანაკრებო შეჯიბრებაა. ის პირველად 1916 წელს
არგენტინაში ჩატარდა და ურუგვაის გამარჯვებით დასრულდა.

ურუგვაელებმა ფინალში მასპინძლებს აჯობეს და სიმბოლურია, მსოფლიოს პირველი ჩემპიონატის ფინალშიც ეს ნაკრებები შეხვდნენ ერთმანეთს. სადებიუტო მუნდიალამდე სამხრეთ ამერიკის პირველობა უკვე 12-ჯერ იყო ჩატარებული და ოლიმპიურ თამაშებთან ერთად, კოპა ამერიკას მაგალითი და არსებობა ერთ-ერთი ბიძგი გახლდათ იმისკენ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის იდეა გაჩენილიყო და შემდეგ განხორციელებულიყო.

ჩვენ კი 1916 წელს და პირველ ნაბიჯებს დავუბრუნდეთ. ერთი სიტყვით, სადებიუტო გათამაშების ტრიუმფატორი ურუგვაი გახდა, ვერცხლისმედალოსანი არგენტინა, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩში ბრაზილიამ ჩილეს მოუგო. საწყისი ოთხი გათამაშებისას ნახევარფინალში ზუსტად ეს ოთხეული გადიოდა ხოლმე.

ოთხ საუკეთესოს შორის პირველი "სხვა ნაკრები" პარაგვაი გახლდათ, რომელიც 1921 წელს მეოთხეზე გავიდა. 14 გათამაშების განმავლობაში ტურნირს სულ 3 გამარჯვებული ჰყავდა - 7-ჯერ ურუგვაიმ მოიგო, 5-ჯერ არგენტინამ და 2-ჯერ ბრაზილიამ. ამ სამეულის გარდა, პირველი ნაკრები, რომელმაც წარმატებას მიაღწია, პერუ გახლდათ, რომელმაც 1939 წელს კოპა ამერიკას უმასპინძლა კიდეც და მოიგო კიდეც, დაამარცხა რა ფინალში ურუგვაი.

სწორედ ურუგვაია მოქმედი გამარჯვებული, რომელმაც 2011 წელს არგენტინაში ჩატარებული შეჯიბრების ფინალში ალბისელესტეს ამჟამინდელი მწვრთნელის, ხერარდო მარტინოს დამოძღვრილ პარაგვაის მოუგო (3:0) ლუის სუარესის გოლითა და დიეგო ფორლანის დუბლით. ამ ტრიუმფით ურუგვაი რეკორდსმენი გახდა და ეს ტურნირი ყველაზე მეტჯერ, 15-ჯერ აქვს მოგებული.

მეორეზე არგენტინაა 14 ჩემპიონობით, მაგრამ ბოლო გამარჯვება 1993 წელს იყო... ეს ნაკრებები ნახევარფინალშიც ყველაზე მეტჯერ არიან გასულები - ურუგვაი 35-ჯერ, ხოლო არგენტინა 32-ჯერ. სხვაობა ისაა, რომ უშუალოდ ფინალში ურუგვაი 21-ჯერ გავიდა და აქედან 15 მოიგო, ხოლო არგენტინა 26-ჯერ და აქედან 14-ში იმარჯვა.

მესამეზე ბრაზილიაა 8 ჩემპიონობით (პლუს 11 წაგებული ფინალი, 7 მესამე ადგილი, 3 მეოთხე ადგილი), მაგრამ სამაგიეროდ, სელესაო თანაკონტინენტალელებს მოგებული მუნდიალების რაოდენობით ახარბებს.

მიუხედავად ურუგვაისადმი დიდი პატივისცემისა, კოპა ამერიკაზე ზეწოლა, პირველ რიგში, სამ ნაკრებზეა ხოლმე - რასაკვირველია, კონტინენტის გიგანტებზე ბრაზილიასა და არგენტინაზე და პლუს მასპინძელზე თუ ხსენებული ორიდან რომელიმე არ არის მასპინძელი.

მაგალითად, არგენტინამ კოპა ამერიკას ყველაზე მეტჯერ 9-ჯერ უმასპინძლა, ეს ტურნირი 7-ჯერ მიიღო ურუგვაიმ და მე-7-ედ ჩაატარებს ჩილე. 6-ჯერ პერუმ, 4-ჯერ ბრაზილიამ 3-ჯერ ეკვადორმა, სამჯერვე ის სხვადასხვა კონტინენტზე ჩატარდა, 2-ჯერ ბოლივიაში, ხოლო თითოჯერ პარაგვაიში, კოლუმბიასა და ვენესუელაში.

ას წლისთავთან დაკავშირებით ჩატარდება საიუბილეო კოპა ამერიკა სენტენარიოც, რომელსაც მომავალ ზაფხულს ამერიკის შეერთებული შტატები უმასპინძლებს. თანაბარქულიანობის შემთხვევაში პირველი კრიტერიუმი არის საერთო ბურთების სხვაობა, მეორე გატანილი გოლების რაოდენობა, მესამე ურთიერთშეხვედრები (ეს მხოლოდ ორ გუნდს შორის, ჯგუფურ ეტაპზე), მეოთხე პენალტების სერია (ჯგუფურ ეტაპზე ბოლო ტურში ერთმანეთში მოთამაშე ორ გუნდს შორის), მეხუთე კენჭისყრა.

არგენტინა
არგენტინა, უმრავლესობის აზრით, მთავარი ფავორიტია. ძნელია ამ მოსაზრებას არ დაეთანხმო, მით უმეტეს, თუ ალბისელესტეს წინა ხაზს გადაავლებ თვალს და მარტოდენ საუცხოო ფორმაში მყოფი ლიონელ მესი რად ღირს.

თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მოქმედ ფინალისტზე ვსაუბრობთ.

ნაკრებს დაუბრუნდა კარლოს ტევესიც, რომელსაც ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა. სერხიო აგუერო პრემერლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ბოლივიასთან ამხანაგურ შეხვედრაში პირველი სანაკრებო ჰეთ-თრიკიც შეასრულა.

გარდა ამისა, არგენტინა დიდი ხანია, სანაკრებო ტიტულს ელოდება, ბოლო გამოსარჩევი წარმატება სწორედ კოპა ამერიკის მოგება იყო 1993 წელს და ახლა გამარჯვების შემთხვევაში გუნდი ურუგვაისაც გაუთანაბრდებოდა.

არ დავივიწყოთ არც ხერარდო მარტინოს ფაქტორი. ამ სპეციალისტზე დიდ იმედებს ამყარებენ. მან საბოლოო განაცხადს მიღმა დატოვა სერია A-ს თანაბომბარდირი მაურო იკარდი, "იუვენტუსში" დიდ თანხად გაყიდული პაულო დიბალა და "ვილიარეალში" ბრწყინვალე სეზონის ჩამტარებელი ლუსიანო ვიეტო.

სამაგიეროდ, ნაკრებში მოხვდნენ ანხელ დი მარია, გონსალო იგუაინი, ესეკიელ ლავეცი... მარტინომ უფრო გამოცდილ ფეხბურთელებზე გააკეთა აქცენტი, რომელსაც სანაკრებო გამოცდილება უკვე აქვთ და აღნიშნა კიდეც, ახლა ექსპერიმენტების დრო არ არის, მერე სიამოვნებითო.

ტრავმის გამო არ იქნებიან ენცო პერესი და მატეო მუსაკიო. ხოლო სანტიაგო ვერხინსა და ფედერიკო ფასიოზე მარტინომ თავად თქვა უარი. არგენტინელებს ისედაც და ჯგუფში მათი მეზობლის, ურუგვაის დაწევის შანსი აქვთ.

ბრაზილია
რაც უნდა იყოს, ბრაზილია ყოველთვის ერთ-ერთი ფავორიტია და გამონაკლისი არც ეს შემთხვევაა. სელესაოს საშინაო მუნდიალის ფიასკოზე აქვს "პასუხი გასაცემი" და რეაბილიტაცია სჭირდება.

დასამტკიცებელი აქვს რაღაც-რაღაცები კარლოს დუნგასაც, რომლის პოსტზე დაბრუნების მერეც ნაკრებმა ბევრი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ყველა მოიგო.

მთავარი პრობლემა დუნგას თავდასხმაში აქვს, უცნაურია, მაგრამ ბრაზილიაში უკვე რამდენიმე წელია ფორვარდის პრობლემა დადგა. მას, პირველ რიგში, დიეგო ტარდელის ეიმედება და რობერტო ფირმინოსაც სწყალობს, ისინი ამხანაგურებში კარგად გამოიყურებოდნენ. მწვრთნელმა თავდამსხმელად ათამაშა "შახტარის" ფრედიც.

ნაკრებმა ტრავმების გამო დაკარგა ოსკარი და ლუის გუსტავო. მთავარი ვარსკვლავი, ცხადია, ნეიმარი იქნება. შემტევ ვეტერანთაგან რობიონიოს ვიხილავთ და ძალიან საინტერესოა, რას იზამს ფილიპე კოუტინიო, რომელმაც თავისი პირველი გოლი უკვე გაიტანა მექსიკასთან ამხანაგურში.

ძირითადი მეკარე ჟეფერსონი რომ გახდა, ესეც იცით და მოკლედ, დუნგას გუნდში რეორგანიზაციაა, მაგრამ სელესაოს სერიოზულად არმიღება სერიოზული შეცდომა იქნებოდა.

ჩილე
მასპინძლებისგან ბევრია მოსალოდნელი, ჯერ ერთი, საკუთარი პუბლიკის მხარდაჭერის გამო და მერე მეორე, ამ ფორმაციის ჩილე ყველა დროის საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილად არის.

კლაუდიო ბრავო, დავიდ პისარო, მატიას ფერნანდესი, ედუარდო ვარგასი, ალექსის სანჩესი, არტურო ვიდალი...

ამ სიმპათიურმა ნაკრებმა თავისი პოტენციალი 2014-ის მუნდიალზეც გამოავლინა, როდესაც ისე გამოვიდა, რომ ბოლო წლების აბსოლუტური დომინანტი ესპანეთი სწორედ ჩილემ ჩატოვა ჯგუფში და მასპინძელ ბრაზილიასთან ძალიან არ გაუმართლა.

რეაქტიული არგენტინელი სპეციალისტი ხორხე სამპაოლი ჩილეს ძალიან უხდება და ვნახოთ, მოიგებს თუ არა ბოლოს და ბოლოს, ეს ნაკრები ისტორიაში პირველ ტიტულს.

ჯგუფი უძლეველი ჩილელებს ნამდვილად არ შეხვდათ და ამ ეტაპის დაძლევა ისედაც არ უნდა ყოფილიყო პრობლემა, მერე კი მთავარია, ისტორიულად უხერხულ მეტოქე ბრაზილიას ასცდნენ ან ნავსი გატეხონ.

დანარჩენი
მოქმედი ჩემპიონი ურუგვაი, ცხადია, თავისას შეეცდება, მაგრამ ოსკარ ტაბარესს, რომელიც ასევე თაობათა ცვლის პროცესშია, ძალიან ურთულებს საქმეს ლუის სუარესის დისკვალიფიკაცია, რომელიც მას ჯორჯო კიელინის კბენისთვის გადმოჰყვა. დიეგო ფორლანი წავიდა...

ასე რომ, ეს ედინსონ კავანის შესანიშნავი შანსია, თანაც მას კარგი სეზონი ჰქონდა. ფორლანის ჟამს, კავანის ცენტრფორვარდად არ ათამაშებდნენ, ამას მოგვიანებით სუარესის გამოჩენა დაემატა და ნაკრებში ეს კარგი თავდამსხმელი ცოტა ჩრდილში იყო ხოლმე.

ახლა კი ბურთი და მოედანი მისია.

უდავოდ ცალკე გამორჩევის ღირსია კოლუმბიაც, რომელსაც რადამელ ფალკაო არ ჰყავდა მსოფლიოს ჩემპიონატზე და მაინც დიდებულად ითამაშა ახლა კი ფალკაო იქნება, თანაც გაბრაზებულ-დაგეშილი. ხოსე პეკერმანი კი თავის განსწავლულობით ეცდება მეტოქეების ჯობნას. დიდი ხანია, კოლუმბიელებს ასეთი დაბალანსებული ნაკრები არ ჰყოლიათ.

კარგი, ბრძოლისუნარიანი შემადგენლობა და გუნდი ჰყავთ პერუსა და ეკვადორს.

კოპა ამერიკა 2015
A ჯგუფი: ჩილე, მექსიკა, ეკვადორი, ბოლივია
B ჯგუფი: არგენტინა, ურუგვაი, პარაგვაი, იამაიკა
C ჯგუფი: ბრაზილია, კოლუმბია, პერუ, ვენესუელა

თითოეული ჯგუფიდან, ტრადიციულად, ორ-ორი გუნდი გავა შემდეგ ეტაპზე, ხოლო სამი მესამეადგილოსნიდან ორი საუკეთესო შეუერთდება 6 მეოთხედფინალისტს.

კოპა ამერიკის გამარჯვებულები
ურუგვაი - 15
არგენტინა - 14
ბრაზილია - 8
პარაგვაი - 2
პერუ - 2
კოლუმბია - 1
ბოლივია - 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული