არგენტინა. ტორნეო ინისიალი. XV ტური: დაძაბული ფინიშის მოლოდინში

AutoSharing Option
ტორნეო ინისიალის დასრულებამდე სულ ოთხი ტური დარჩა და ცხრილის ზედა ნაწილში ისეთი დაძაბული სიტუაციაა, წესით, ჩემპიონის ვინაობა მხოლოდ ბოლო ტურში უნდა შევიტყოთ.

ლიდერთა ზავი
მე-15 ტურის ცენტრალური მატჩი მარსელო ბიელსას სახელობის სტადიონზე გაიმართა. "ნიუელს ოლდ ბოისმა" "სან ლორენსოს" უმასპინძლა და დავიდ ტრეზეგეს გოლის წყალობით დაწინაურდა კიდეც. ტრეზეგემ წინა ტურში დუბლი შეასრულა, ამჯერად კი სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და მოედანზე 90 წუთი გაატარა. ვეტერანი ფორვარდის ანგარიშზე უკვე 5 გოლია და მას საუკეთესო ბომბარდირის ტიტულის მოპოვების კარგი შანსიც აქვს. ამდენივე გოლი აქვს გატანილი
იგნასიო პიატის, რომელმაც წონასწორობა ზუსტად ხუთ წუთში აღადგინა.

შეხვედრის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გუნდები ვერ რისკავდნენ და დიდი ძალებით არ უტევდნენ. საბოლოოდ, ფრე აბსოლუტურად ლოგიკური შედეგი იყო.

"ბოკა" და "ლანუსი"
ლიდერების დაზავებით ორმა მდევარმა ისარგებლა - "ბოკა ხუნიორსმა" და "ლანუსმა" თავიანთი მატჩები მოიგეს, თუმცა ორივეს ძალიან გაუჭირდა. მატჩების 83-ე წუთისთვის "ლანუსი" ჩემპიონობის კიდევ ერთ მაძიებელ "არსენალთან" 0:0-ს თამაშობდა, "ბოკა" კი საერთოდ მარცხდებოდა.

10-კაციანი "ტიგრე", რომელიც კლაუდიო პერესის ავტოგოლით დაწინაურდა, თავს საკმაოდ კარგად იცავდა, კარლოს ბიანკიმ კი მატჩის ბოლოსკენ ყველა შემტევი ფეხბურთელი მოედანზე გამოიყვანა - "ბოკას" მინდორზე 5 ფორვარდი და 2 გამთამაშებელი ჰყავდა, რომელთაგანაც პარედესი, რომელიც ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ დაბრუნდა, ყველაზე უკნიდან, საყრდენის პოზიციაზე მოქმედებდა. ანგარიში სწორედ მან გაათანაბრა, შეხვედრის ბოლო წუთზე კი თავი კატა დიასმა გამოიჩინა.

მიუხედავად იმისა, რომ "ბოკას" 5 ფორვარდი და რიკელმე ჰყავდა, გოლები საყრდენად მოთამაშე პარედესმა და ცენტრალურმა მცველმა გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში საგოლე პასი სწორედ ხუან რომან რიკელმემ მიითვალა.

აქვე აუცილებლად უნდა ვთქვათ არბიტრის არადამაჯერებელ მოქმედებებზე. 53-ე წუთზე "ტიგრეს" 10-იანი მატიას პერეს გარსია "ბოკას" საჯარიმოში დაეცა, მაგრამ პენალტის დანიშვნის ნაცვლად, მსაჯმა პერეს გარსია სიმულაციისთვის ყვითელი ბარათით დასაჯა, რომელიც მისთვის მეორე იყო.

გამეორებზე ნათლად ჩანდა, რომ წესების დარღვევა აშკარა იყო და არბიტრი შეცდა. ამ შეცდომამ კი მატჩის საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა იქონია.

დაახლოებით ანალოგიური სცენარით განვითარდა "ლანუსის" და "არსენალის" მატჩიც. მასპინძლები ბევრს უტევდნენ, მეტოქე კი 64-ე წუთზე 10 კაცით დარჩა. "ლანუსი" 22 წლის ნიკოლას პასკინიმ გადაარჩინა, რომელიც მოედანზე 82-ე წუთზე გამოჩნდა, რამდენიმე წამის შემდეგ კი გოლის ავტორად მოგვევლინა.

ნახევარმცველმა, რომელიც სულ მე-6 მატჩს ატარებდა, უკვე თავისი მესამე გოლი გაიტანა. შეხვედრას წერტილი კი სანტიაგო სილვამ დაუსვა, ვისაც ტრეზეგეს და პიატის მსგავსად, ასევე ხუთი გოლი დაუგროვდა.

"ლანუსმა" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო და ახლა ყველაფერი მის ხელშია. "ოლ ბოისის" და "ხიმნასიას" შემდეგ, ბოლო ორ ტურში გილერმო ბაროს შელოტოს გუნდი "ბოკას" და "ნიუელსს" ხვდება.

XV ტური

ატლ. რაფაელა-გოდოი კრუსი 3:1
გოლები: 1:0 დ. ფერეირა (9), 2:0 დ. ვერა (40), 3:0 დ. ვერა (64-პენ), 3:1 კურბელო (83)

ოლიმპო-კილმესი 0:1
გოლი: 0:1 დისი (76)

ოლ ბოისი-ხიმნასია 2:1
გოლები: 1:0 მატოსი (15), 1:1 ლიხტი (71-პენ), 2:1 ტორასა (75)

ესტუდიანტესი-როსარიო 1:1
გოლები: 0:1 პ. ფერარი (51), 1:1 დონატი (58-საკ. კარში)

ნიუელსი-სან ლორენსო 1:1
გოლები: 1:0 ტრეზეგე (25), 1:1 ი. პიატი (30)

ბოკა-ტიგრე 2:1
გოლები: 0:1 კ. პერესი (18-საკ. კარში), 1:1 პარედესი (85), 2:1 კატა დიასი (90)
გაძევება: მ. პერეს გარსია (53. ტიგრე)

ბელგრანო-კოლონი 2:0
გოლები: 1:0 ს. პერეირა (8), 2:0 ს. პერეირა (45)

რასინგი-არ. ხუნიორსი 0:1
გოლი: 0:1 ბოიერო (53)

ლანუსი-არსენალი 2:0
გოლები: 1:0 პასკინი (83), 2:0 ს. სილვა (86)
გაძევება: ნერვო (64. არსენალი)

ველესი-რივერი 0:0

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. ნიუელსი 15 8 5 2 22-13 29
2. სან ლორენსო 15 8 3 4 23-13 27
3. ბოკა 15 8 3 4 20-16 27
4. ლანუსი 15 7 4 4 25-12 25
5. არსენალი 15 6 7 2 16-11 25
6. ატლ. რაფაელა 15 7 3 5 20-19 24
7. ესტუდიანტესი 15 5 8 2 14-10 23
8. არ. ხუნიორსი 15 7 2 6 15-15 23
9. როსარიო 15 6 4 5 17-18 22
10. ველესი 15 5 6 4 17-13 21
11. გოდოი კრუსი 15 5 6 4 14-11 21
12. ბელგრანო 15 5 5 5 19-15 20
13. ხიმნასია 15 5 5 5 17-21 20
14. კილმესი 15 5 3 7 9-17 18
15. რივერი 15 4 5 6 9-9 17
16. ოლ ბოისი 15 3 7 5 12-14 16
17. ტიგრე 15 4 4 7 13-17 16
18. ოლიმპო 15 2 5 8 13-24 11
19. რასინგი 15 2 2 11 7-22 8
20. კოლონი 15 3 3 9 8-20 6

ბომბარდირები: 7 - ჟიგლიოტი (ბოკა ხუნიორსი), დ. ვერა (ატლეტიკო რაფაელა); 6 - ფურჩი (არსენალი), მატოსი (ოლ ბოისი), ს. პერეირა (ბელგრანო), მაქსი როდრიგესი (ნიუელს ოლდ ბოისი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. XIV ტური: არანორმალური ტური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული