ხორხე სამპაოლი არგენტინის ნაკრებში საქმეს შეუდგა

AutoSharing Option
ხორხე სამპაოლიმ "სევილიას" მთავარი მწვრთნელის პოსტი რომ დატოვა და არგენტინის ნაკრებში გადაბარგდა, მშვენივრად მოგეხსენებათ.

57 წლის სპეციალისტმა უკვე გააკეთა კომენტარები და მათ შორის, ლიონელ მესიზე ისაუბრა. ალბათ, გახსოვთ, რომ "ბარსას" ვარსკვლავმა ცხელ გულზე აღნიშნა, სანაკრებო კარიერას ვასრულებო, მაგრამ ცოტა ხანში გადაიფიქრა და დაბრუნდა.

"ალბისელესტეს" მნიშვნელოვანი მატჩები დარჩა და სამპაოლი თავიდანვე სერიოზულად ჩაერთვება საქმეში.

"ლეოს ვესაუბრე და ორივენი დიდი ინტერესითა და შემართებით ველოდებით მომავალ მატჩებს. ის ძალიან გახარებულია და მოსწონს, რომ ნაკრების ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება.

სამხრეთ ამერიკის შესარჩევი ზონა ძალიან
ძლიერი და დაძაბულია. ძალიან ბევრი ძლიერი და კარგი კონკურენტი გვყავს, რომლებსაც ჩვენსავით სურთ ფინალურ ეტაპზე მოხვედრა და ამიტომაც ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ" - თქვა სამპაოლიმ.

მესი, რომელსაც 117 სანაკრებო შეხვედრაში 58 გოლი აქვს გატანილი, არგენტინის ნაკრებს რუსეთის 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრაში უნდა დაეხმაროს.

"ალბისელესტე", ამჯერად, პირდაპირ გამსვლელი ზონის მიღმაა. სამპაოლიმ კი პოსტზე ედგარდო ბაუსა ჩაანაცვლა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული