არგენტინის ნაკრები: ედგარდო ბაუსა უკვე წარსულია

AutoSharing Option
არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ ედგარდო ბაუსა თანამდებობიდან ოფიციალურად გაათავისუფლა.

ეს არ იყო მოულოდნელი გადაწყვეტილება, რადგან ბოლო დღეებში არგენტინულ პრესაში ბევრი დაიწერა მის სავარაუდო მოხსნაზე. ბაუსამ პოსტზე მხოლოდ რვა მატჩი იმუშავა და არცთუ წარუმატებლად. მუნდიალის სამხრეთ ამერიკის შესარჩევ ზონაში "ალბისელესტე" მეხუთე ადგილზეა და, რაც მთავარია, გუნდის თამაშის ხარისხი არ გახლავთ დამაკმაყოფილებელი.

59 წლის ბაუსამ, რომელიც აგვისტოში დაინიშნა, ნაკრებს სამი მატჩი მოაგებინა, ორი ფრედ დაასრულა და სამჯერაც დამარცხდა.

"ჩვენ ბაუსას განვუცხადეთ, რომ იგი არგენტინის მწვრთნელი აღარ არის. ნაკრები ცუდად თამაშობს და ეს ყველამ
იცის, ამას ყველა ხედავს" - თქვა ასოციაციის პრეზიდენტმა კლაუდიო ტაპიამ.

არგენტინას საკმაოდ მძიმე კალენდარი აქვს და ასეთი თამაშით შესაძლოა, პრობლემები შეექმნას. ნაკრები 1970 წლის მერე მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა არ დარჩენილა. მაინც, ძნელი წარმოსადგენია, რომ "ალბისელესტე" ოთხულს მიღმა დარჩეს (მუნდიალზე პირდაპირ ოთხი ნაკრები გადის) ან სულ მცირე, მე-5 პოზიციაზე (რომელიც კიდევ ერთ შანსს იძლევა) მაინც ვერ გავიდეს.

რაც შეეხება ახალ მწვრთელს, მისი ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. კულუარული ინფორმაციით, პრიორიტეტი "ატლეტიკოს" თავკაცის, დიეგო სიმეონეს დაყოლიებაა, მაგრამ "ჩოლო" ნაკრებში მისვლას ოდნავ მოგვიანებით გეგმავს.

სამაგიეროდ, ამისთვის მზად არის ხორხე სამპაოლი, რომელსაც "სევილიაში" საქმეები ცოტა აერია და ის ამის გარეშეც ოცნებობდა "ალბისელესტეს" ჩაბარებაზე. თუ სიმეონეს დათანხმება ვერ მოხერხდა, ამბობენ, რომ ფავორიტი სწორედ სამპაოლია. თუმცაღა არიან სხვა კანდიდატებიც - მარსელო გალიარდო, ხორხე ალმირონი, მარსელო ბიელსა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული