არგენტინის ნაკრები: მაურო იკარდი ისევ გარიყულია

AutoSharing Option
მაურო იკარდის არგენტინის ნაკრებში კვლავაც ვერ ვნახავთ. ცოტა ხნის წინათ ედგარდო ბაუსა იტალიაში ჩაფრინდა, რათა 24 წლის ფორვარდთან ესაუბრა და ეს კაცს გაფიქრებინებდა, რომ "ალბისელესტეს" დამრიგებელი გოლეადორის ნაკრებში დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ ეს ისევ არ მოხდა.

შეგახსენებთ, რომ იკარდის სანაკრებო დებიუტი 2013 წლის ოქტომბერში შედგა. მაუროს იტალიური სისხლი ურევია და მას "სკუადრა აძურაშიც" იწვევდნენ, მაგრამ არგენტინამ იგი დაიბევა. აი, მას მერე კი აღარ ეძახიან. ეს დიდწილად იმ სკანდალის ბრალიც არის, რომელიც იკარდის სიყვარულის ისტორიას მოჰყვა.

იგი არგენტინელ მოდელსა და ტელეწამყვანზე, ვანდა
ნარაზეა დაქორწინებული, რომელიც, თავის დროზე, მაქსი ლოპესს "წაართვა". იკარდისა და ნარას რომანი მაშინ დაიწყო, როდესაც ვანდა ჯერ კიდევ მაქსი ლოპესის ცოლი გახლდათ.

არგენტინაში ამ ამბავს ძალიან ცუდი გამოხმაურება მოჰყვა და ფეხბურთელების უმეტესობამაც იკარდი აითვალწუნა. კულუარული ინფორმაციით, ლიონელ მესისა და მეგობრებს მოუთხოვიათ, იკარდი არ გამოიძახოთო. თუმცა მასზე გაუთავებლად უარის თქმაც ძნელი იქნება. იკარდი შესანიშნავ ფორმაშია, 25 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი და 8 საგოლე პასი გაკეთებული.

სამაგიეროდ, გამოძახებულია ესეკიელ ლავეცი, რომელიც ჩინეთში წასვლის მერე საუკეთესო ფორმაში, თითქოს, არ იმყოფება და გოლი ჯერ არ გაუტანია.

შეგახსენებთ, რომ "პოჩო" "ჰებეიში" ირიცხება და იქ მისი თანაგუნდელები ჟერვინიო და ერნანეში არიან, მწვრთნელი კი მანუელ პელეგრინია.

სხვა მხრივ, ბაუსას გადაწყვეტილებებში დიდი სიახლე არ არის.

რაც მთავარია, ნაკრებში არიან ლეო მესი, გონსალო იგუაინი, პაულო დიბალა და სერხიო აგუერო.

12 ტურის მერე 19 ქულით არგენტინა მე-5 ადგილზეა (ანუ გადათამაშების პოზიციაზე) და პლუს უახლოეს მდევრად კოლუმბია ჰყავს. შემდეგი მატჩი ბაუსას გუნდს უშუალო კონკურენტთან, ჩილესთან (23 მარტს) აქვს ბუენოს აირესში, რასაც ბოლივიაში რთული სტუმრობა (28 მარტს) მოსდევს.

არგენტინის ნაკრები ჩილესთან და ბოლივიასთან მატჩებისთვის
მეკარეები: მარიანო ანდუხარი (ესტუდიანტესი), ნაუელ გუსმანი (ტიგრესი), სერხიო რომერო (მანჩესტერ იუნაიტედი)

მცველები: გაბრიელ მერკადო (სევილია), პაბლო საბალეტა (მანჩესტერ სიტი), ხულიო ბუფარინი (სან პაულო), ფაკუნდო რონკალია (სელტა), ემანუელ მასი (ტრაბზონი), მარკოს როხო (მანჩესტერ იუნაიტედი), ნიკოლას ოტამენდი (მანჩესტერ სიტი), მატეო მუსაჩო (ვილიარეალი), რამირო ფუნეს მორი (ევერტონი)

ნახევარმცველები: ხავიერ მასკერანო (ბარსელონა), ლუკას ბილია (ლაციო), გვიდო პისარო (ტიგრესი), ევერ ბანეგა (ინტერი), ენცო პერესი (ვალენსია), ანხელ დი მარია (პარი სენ-ჟერმენი), ანხელ კორეა (ატლეტიკო), მარკოს აკუნია (რასინგი)

თავდამსხმელები: ესეკიელ ლავეცი (ჰებეი), ლიონელ მესი (ბარსელონა), გონსალო იგუაინი (იუვენტუსი), პაულო დიბალა (იუვენტუსი), ლუკას პრატო (სან პაულო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული