პსჟ-ის ულტიმატუმი ნეიმარს და აკრძალული კითხვა პრესკონფერენციაზე

AutoSharing Option
ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ხელმძღვანელობამ ულტიმატუმი წაუყენა კლუბის პოტენციურ ახალწვეულ ნეიმარს.

"ეკიპის" ცნობით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობას სურს, საბოლოო პასუხი მიიღოს ბრაზილიელი ფეხბურთელისაგან.

ნეიმარის ტრანსფერის თაობაზე ბევრი დაიწერა. ითქვა ისიც, რომ კონტრაქტი უკვე გაფორმებულია, მაგრამ როგორც ჩანს, ეს სიმართლეს არ შეეფერება.

შეგახსენებთ, რომ პსჟ ნეიმარის კონტრაქტის გამოსყიდვას კერძო სპონსორის დახმარებით აპირებს, 25 წლის ბრაზილიელის გამოსასყიდი თანხა კი 222 მილიონ ევროს შეადგენს.

სხვათა შორის, "მარკას" ინფორმაციით, "ბარსელონას" დირექტორებმა ხელი ჩაიქნიეს, რომ შეძლებენ ნეიმარის დარჩენაზე დაყაბულებას.

თავად ფეხბურთელმაც მათგან თავი შორს დაიჭირა. ხოლო ჟერარდ
პიკემ თავისი სტატუსი სოციალურ ქსელში ასე ახსნა - მე არ ვიცი, რჩება თუ არა ნეიმარი "ბარსელონაში", მაგრამ მსურს ასე მოხდესო.

ასე რომ, დიდი ალბათობით, ბრაზილიელი მაინც გადავა "პარი სენ-ჟერმენში". ამბობენ, რომ დანი ალვეშმა "სიტის" ნაცვლად ბოლო დღეებში პსჟ იმიტომ აირჩია, რომ ნეიმართან ჰქონდა საუბარი და მისგან შეტყო, რომ პარიზში მიდის.

ბევრი ელოდა პსჟ-ის პრესკონფერენციას წინა დღით, თუმცა მთავარ საკითხზე - ნეიმარის ტრანსფერზე, კითხვები აიკრძალა. უნაი ემერი მხოლოდ გაკვრით შეეხო ნეიმარის თემას და ირიბი პასუხი გასცა ჟურნალისტებს.

ედინსონ კავანის ჰკითხეს, სურს თუ არა ნეიმარის გვერდით თამაში, რაზეც ურუგვაელმა მიუგო: "იგი დიდი ფეხბურთელია და მის გვერდით თამაში ყველას სურს", ეს იყო და ეს, პრესკონფერენციაზე მეტ კონკრეტიკას ადგილი არ ჰქონია. სპეკულაციები კი გრძელდება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მე მგონია დიდ შეცდომას დაუშვებს ნეიმარი თუ გადავა ბარსელონადან პსჟ-ში. აშკარად დაიკარგება იქ. ეს არ არის ის კლუბი, რომელიც მას ოქროს ბურთს მოუტანს.
ბიკენტი
11:32 27-07-2017
0
თუ ჭკუა მართლა ფეხებში არა აქვს, არ უნდა გადავიდეს
0

სიახლეები პოპულარული