ფრანკ დე ბური: მეტი დრო მჭირდებოდა

AutoSharing Option
"სამპდორიასთან" განცდილი მარცხის შემდეგ, "ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფრანკ დე ბური გაათავისუფლეს.

ჰოლანდიელს მხოლოდ 11 მატჩი დასცალდა და აქედან 5 წააგო, რაც რა თქმა უნდა, მძიმე შედეგია.

სერია A-ს სატურნირო ცხრილში, "ნერაძური" მე-12 ადგილზეა და გუნდი, რომელსაც სკუდეტოსთვის ბრძოლას უწინასწარმეტყველებდნენ, დიდი ალბათობით, ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩება. არადა, იგივე "მილანის" მესვეურებისგან განსხვავებით, "ინტერის" მფლობელმა კომპანიამ სატრანსფერო ბაზარზე დიდძალი თანხა დახარჯა და თუ ფეხბურთელებით ვიმსჯელებთ, გუნდიც გვარიანად გააძლიერა.

ფრანკ დე ბურის აქტივში ერთი დიდი გამარჯვებაა "იუვენტუსის" წინააღმდეგ, თუმცა ხუთი მწარე მარცხი, რამაც
შეიწირა კიდეც მისი პოსტი - თავად მწვრთნელს მიაჩნია, რომ მისთვის მეტი დრო უნდა მიეცათ:

"სამწუხაროა, რომ ყველაფერი ასე დასრულდა. მილანში დიდი გეგმებით ჩამოვედი, მაგრამ რეალობა სხვაგვარი გამოდგა. ამ პროექტის განსახორციელებლად მეტი დრო მჭირდებოდა, რომელიც არ მომეცა. მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც გვერდში მედგნენ. სამომავლოდ, "ინტერს" დიდ წარმატებებს ვუსურვებ".

მთავარი კანდიდატი
ევროპალიგის პაექრობაში "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ "ინტერს" ახალგაზრდული გუნდის მესაჭე, სტეფანო ვეკი გაწვრთნის, შემდეგ კი გუნდს ახალ მთავარ მწვრთნელს დაუნიშნავენ. სახელდება რამდენიმე კანდიდატი, თუმცა ყველაზე რეალური სტეფანო პიოლის დანიშვნაა.

51 წლის სპეციალისტი ბოლოს "ლაციოს" ედგა სათავეში, იქამდე კი არაერთ გუნდში მუშაობდა, მათ შორის "ბოლონიაში", "პალერმოში", "სასუოლოში", "კიევოში" და "პარმაში". თავად პიოლიმ დაადასტურა, რომ "ინტერის" მესვეურებთან მოლაპარაკების პროცესშია:

"დიახ, მქონდა საუბარი "ინტერის" წარმომადგენლებთან და ისინი მართლაც არიან ჩემთან თანამშრომლობით დაინტერესებულნი. მოლაპარაკება გრძელდება და იმედი მაქვს, შეთანხმებით დასრულდება. მე ვერ ვიქნებით აპრიორი დროებითი მწვრთნელი, თუმცა შემიძლია მხოლოდ ერთ-წლიანი კონტრაქტის გაფორმება, რომლის განმავლობაშიც შევეცდები, რომ "ინტერი" კრიზისიდან გამოვიყვანო და სეზონი მაღალ ადგილზე დავასრულოთ".

სხვა კანდიდატები
იტალიურ სპორტულ პრესაში კიდევ ორი კანდიდატი განიხილება: გუუს ჰიდინკი და მარსელინო გარსია ტორალი. ჰიდინკი ბოლოს "ჩელსის" ედგა სათავეში და ლონდონში დროებით მწვრთნელად მუშაობდა - შესაძლოა, ჰოლანდიელი "ინტერშიც" დათანხმდეს ამ სტატუსს, რაც მილანელებისთვის მისაღები ვარიანტი აღმოჩნდეს. საქმე ისაა, რომ "ინტერის" მესვეურები ზაფხულში დიეგო სიმეონესთან აპირებენ მოლაპარაკების წარმართვას და გუნდის მთავარ მწვრთნელად მის დანიშვნას.

არის მარსელინოს ვაიანტი, რომელმაც "ვილიარეალში" მუშაობით დაგვამახსოვრა თავი, იქამდე კი ხიხონის "სპორტინგს", "რეკრეატივოს", "რასინგს", "სარაგოსას" და "სევილიას" ედგა სათავეში. მოკლედ, მარსელინო ესპანეთს არ გაცდენია, "ინტერი" კი შესაძლოა, მისი პირველი უცხოური გუნდი იყოს. როგორც იტალიურ პრესაში იწერება, ესპანელი სპეციალისტი "ინტერის" მესვეურებს კვირის ბოლოს შეხვდება.

P.S. "ინტერიდან" გაგდებისთვის ჰოლანდიელი სპეციალისტი კომპენსაციის სახით 1,3 მილიონ ევროს მიიღებს. ეს თანხა 46 წლის მწვრთნელთან გაფორმებულ კონტრაქტში ფიგურირებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული