"მილანის" მაისურა ჩემი ტყავია - დიდი დაბრუნების მოლოდინში

AutoSharing Option
საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა იტალიურ სპორტულ პრესაში, რომლის მიხედვითაც, დიდია შანსი, "მილანს" ტექნიკურ დირექტორად პაოლო მალდინი დაუბრუნდეს.

ლომბარდიული გრანდის გენერალური დირექტორი მარკო ფასონე მალდინის უკვე შეხვდა და აღნიშნული პოსტი შესთავაზა. ფასონეს მწვანე კლუბის ახალმა მფლობელებმა, ჩინელმა ინვესტორებმა აუნთეს.

ამ თემაზე ვრცლად ისაუბრა თავად მალდინიმ და სჯობს, სიტყვა მას გადავცეთ:

"მართლაც შევხვდი ფასონეს და ჩვენი საუბარი ჩემთან სახლში შედგა. არის ამოცანა, რომ უახლოეს 5 წელიწადში კლუბმა ძველი დიდება დაიბრუნოს და ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი გახდეს. მიზანი მოტივაციას მაძლევს და უნდა ვაღიარო, რომ
მიჩენს სურვილს, საყვარელ კლუბში დავბრუნდე.

თუმცა, მჭირდება მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რეალურად რა დგას ამ სურვილების უკან და რის საფუძველზე ვაპირებთ კლუბისთვის ძველი დიდების დაბრუნებას. სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ, მინდა, რომ კლუბის ახალ მესვეურებს შევხვდე და ყველა დეტალი განვიხილო. მათგან უნდა მოვისმინო, რა სურთ და საით აპირებენ კლუბის წაყვანას. პრესაში დაიწერა, რომ ძალიან დიდი ხელფასი მოვითხოვე, რაც სისულელეა.

ფულზე ლაპარაკი საერთო არ ყოფილა და შესაბამისად, არანაირი მოთხოვნა არ მქონია. ისიც დაიწერა, რომ საკმარისი გამოცდილება არ მაქვს ასეთი მნიშვნელოვანი პოსტის დასაკავებლად - მინდა გითხრათ, რომ ჩემი გამოცდილება მთელი ჩემი ცხოვრებაა, რომელიც "მილანის" მაისურში გავატარე.

ერთხელ ვთქვი, რომ "მილანის" ფორმა ჩემი ტყავია და ასე იქნება ყოველთვის. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებ, იქნება კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე. მინდა დავინახო მასშტაბური პროექტი, რომელსაც ერთად შევეჭიდებით და დიდ მიზნებს მივაღწევთ".

ინძაგი: მალდინი უნდა დაბრუნდეს
პაოლო მალდინის "მილანში" შესაძლო დაბრუნებაზე კომენტარი გუნდის კიდევ ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა, ფილიპო ინძაგიმ გააკეთა და შემდეგი განაცხადა:

"პაოლო მალდინი განსაკუთრებული ადამიანია და ბედნიერი ვიქნები, თუ ის "მილანში" დაბრუნდება. მთელი ცხოვრება "როსონერის" გულშემატკივარი ვიქნები და მინდა, რომ გუნდმა ძველი დიდება დაიბრუნოს. "მილანმა" შვა ისეთი ადამიანები, როგორებიც მალდინი, კოსტაკურტა, ალბერტინი, ბარეზი და ამბროზინი არიან და დღეს სწორედ ის დროა, რომ ისინი ჩადგნენ კლუბის სამსახურში. "მილანი" აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს ევროპული ფეხბურთის ელიტას და მე ამის დიდი იმედი მაქვს".

ბალოტელი: "მილანში" ქაოსია
"მილანთან" დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა მარიო ბალოტელიმ და მასაც გადავცეთ სიტყვა:

"ბედნიერი ვარ, რომ "ნიცაში" მოვხვდი, სადაც ძალიან კარგად მიმიღეს და ჩემ მიმართ დიდი ნდობა გამოხატეს. მჭირდებოდა სწორედ ისეთი ადგილი, სადაც საკუთარ თავს ვიპოვიდი.

ქალაქიც მშვენიერია, ზღვის პირას ვარ და ეს ენერგიას მაძლევს. "მილანში" არის ერთი გენიალური ადამიანი და მისი გვარი გალიანია, სხვა მხრივ კი, კლუბში სრული ქაოსია. გავიგე, რომ გალიანის გაშვებას აპირებენ და ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ იქ ყველაფერი რიგზე არაა. არ შეიძლება გაუშვა ადამიანი, რომელიც თავის საქმეში ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. მინდა "მილანს" დიდი წარმატება ვუსურვო, მაგრამ ფაქტია, რომ კლუბში ბევრი რამ უნდა შეიცვალოს უკეთესობისკენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული