ბედნიერი ლუკა ტონი და გაბრაზებული მასიმო ალეგრი

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე საინტერესო მატჩი შედგა "სტადიო მარკანტონიო ბენტეგოდიზე", სადაც "ვერონამ" "იუვენტუსს" უმასპინძლა და მოულოდნელად, სძლია მეტოქეს - 2:1.

- სერია A. XXXVII ტური: ტონიმ კარიერის ბოლოს "იუვენტუსს" გაუტანა [VIDEO]

მართალია, მატჩი სატურნირო მოტივაციას მოკლებული იყო, მაგრამ როდესაც ცხრილში ბოლო გუნდი უგებს პირველს, ყოველთვის გამოსარჩევი ამბავია. თანაც, "იუვეს" ერთი გოლი ლუკა ტონიმ გაუტანა, რომლისთვის ეს ბოლო მატჩი იყო კარიერაში. ბუნებრივია, რომ 38 წლის ვეტერანი ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული და მატჩის შემდეგ ვრცელი კომენტარი გააკეთა:

"ეს იყო დაუვიწყარი საღამო, რომელიც ცხოვრების ბოლომდე
მემახსოვრება. ჩემთვის მძიმე იყო კარიერის დასრულება, მაგრამ ვფიქრობ, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი.

დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც მხურვალე გაცილება მომიწყვეს. სასიამოვნოა, რომ მეტოქე გუნდის ქომაგებიც ტაშს მიკრავდნენ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კარიერას ფუჭად არ ჩაუვლია. საწყენია, რომ "ვერონა" დაქვეითდა, მაგრამ მჯერა, რომ გუნდი უკვე მომდევნო სეზონში მოიპოვებს სერია A-ს საგზურს.

არ შეიძლება, რომ "ვერონა" დიდხანს იყოს ქვედა ლიგაში, რადგან ამ გუნდის ისტორიას ეს არ შეეფერება. ჩემი მიზნები სწორედ "ვერონას" უკავშირდება და ამ თემაზე კლუბის მესვეურებთან ვაპირებ დალაპარაკებას. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, ვინც ჩემ მიმართ ტაში და ოვაცია არ დაიშურა".

ტონის მართლაც კარგი გაცილება გამოუვიდა - 85-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც მწვრთნელმა მისი შეცვლა გადაწყვიტა. გულშემატკივრები ვეტერანს ფეხზე წამოუდგნენ და მხურვალე ოვაციებით გააცილეს.

იქამდე ტონიმ შესანიშნავად ითამაშა - პენალტი პანენკას სტილში, რბილი დარტყმით შეასრულა - მეკარემ უშედეგოდ ისკუპა, ბურთი კი ბადეში ჩაეშვა. თუმცა, რაღა პანენკა - ამ დარტყმით ტონიმ მოკითხვა გაუგზავნა ძველ თანაგუნდელებს, რომლებთან ერთადაც 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო და რომლებიც ჯერ კიდევ თამაშობენ ფეხბურთს.

გემახსოვრებათ, 2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე ფრანჩესკო ტოტიმ სწორედ ასეთი დარტყმით გაუტანა ჰოლანდიას, 2012 წლის ევროპაზე კი ანდრეა პირლომ - ინგლისს. ტონიმ მეორე გოლშიც მიიღო მონაწილეობა, როდესაც ბურთი ბრძოლაში დაიმორჩილა, ერთი მეტოქე კარგად ჩამოიცილა და თანაგუნდელი გარღვევაზე გაიყვანა, კომბინაცია კი ფედერიკო ვივიანის უძლიერესი და უზუსტესი დარტყმით დაგვირგვინდა.

"ვერონამ" კარი გაიჯახუნა და "იუვენტუსის" 26-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა, ლუკა ტონიმ კი ბუცები ლურსმანზე ჩამოჰკიდა და ამით ფეხბურთს კიდევ ერთი დიდი ჩემპიონი დააკლდა...

ალეგრი: კმარა ზეიმი!
მატჩის შემდეგ განრისხებული იყო "იუვენტუსის" თავკაცი მასიმილიანო ალეგრი, რომელმაც შედეგს ლოგიკური უწოდა და შეგირდები გააკრიტიკა:

"მეტოქე უნდა შევაქო, რომელმაც შესანიშნავი თამაში აჩვენა, სწრაფი ტემპი დაგვიპირისპირა და აშკარად გვაჯობა. ის, რაც დღეს მოხდა, კარგი გაკვეთილი უნდა იყოს ჩემი ფეხბურთელებისთვის.

მეტოქის შეუფასებლობა და თამაშისთვის არასათანადოდ განწყობა, უბრალოდ, დამღუპველია. უამრავი შეცდომა გადაცემებში, ტექნიკური ხარვეზი, დაბალი მოტივაცია - ამ ფონზე, უფრო დიდი ანგარიშითაც უნდა წაგვეგო. ძალიან დიდხანს ვიზეიმეთ ჩემპიონობა და ამან დათვური სამსახური გაგვიწია - კმარა ზეიმი! წინ თასის ფინალია, რომელსაც ოპტიმალურ ფორმაში უნდა შევხვდეთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული