იტალიის ნაკრები: 4-4-2 და ედერი-პელე თავდასხმაში

AutoSharing Option
იტალიის ნაკრები აგრძელებს სამზადისს ბელგიასთან ამხანაგური მატჩისთვის და კოვერჩიანოს საწვრთნელი ბაზაც ყურადღების ცენტრში რჩება.

ანტონიო კონტემ გუნდი ორად გაყო და სპარინგ-მატჩი გამართა, რამაც იტალიელ ჟურნალისტებს გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალება მისცა. როგორც ჩანს, იტალია ბელგიას 4-4-2 ტაქტიკით დაუპირისპირდება, რადგან ერთ-ერთი გუნდი სწორედ ამ სქემით ირჯებოდა და სწორედ იმ გუნდში მოიყარეს თავი წამყვანმა ფეხბურთელებმა.

კარში - ჯანლუიჯი ბუფონი, დაცვის ფლანგებზე - მატეო დარმიანი და მატია დე შილიო, ცენტრში კი - ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი; ნახევარდაცვაში - ალესანდრო ფლორენცი, რიკარდო მონტოლივო, კლაუდიო
მარკიზიო და ჯაკომო ბონავენტურა, ხოლო თავდასხმაში - მარტინს ედერი და გრაციანო პელე.

ისიც ვთქვათ, რომ ბონავენტურა უფრო წინ იქნება აწეული, მონტოლივო საყრდენ ხაზს გაამაგრებს, ფლორენცი და მარკიზიო კი ფლანგებს გაინაწილებენ.

ანუ ეს იქნება 4-4-2 რომბისებური ნახევარდაცვით. მოკლედ, ანტონიო კონტე მუდმივ ძიებაშია და თითქმის ყველა მატჩს სხვადასხვა ტაქტიკით ატარებს - ხშირად თამაშის დროსაც ცვლის სქემას და თანაც, არაერთხელ...

ისევ პირლოს შესახებ...
იტალიაში დიდი რეზონანსი მოჰყვა ანტონიო კონტეს განცხადებას ანდრეა პირლოსთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ "სკუადრა აძურას" მწვრთნელმა დანანებით აღნიშნა, რომ "ნიუ იორკ სიტი" MLS-ის პლეი ოფში ვერ მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირლოს მარტამდე სათამაშო პრაქტიკა არ ექნება, ეს კი შესაძლოა, მას ევროპის ჩემპიონატის გამოტოვებად დაუჯდეს.

აქამდე, კონტეს მსგავსი არაფერი უთქვამს და მუდმივად იმას იმეორებდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე პირლოს დიდი იმედი ჰქონდა. ამ თემაზე და არა მარტო, ჟურნალისტებს რიკარდო მონტოლივო გაესაუბრა:

"წინ რთული მატჩი გველოდება დ მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ, რომ სასურველი შედეგი მივიღოთ. მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ამხანაგურია, შედეგს მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს. ამასთან, ვეცდებით, რომ მწვრთნელის ყველა დავალება პირნათლად შევასრულოთ.

რაც შეეხება პირლოსთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს, არ მიკვირს, რადგან ანდრეა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ყოველთვის ყურადღების ცენტრშია.

სიმართლე გითხრათ, "სკუადრა აძურა" პირლოს გარეშე ვერ წარმომიდგენია, რადგან ბოლო წლებში ის ნაკრების აშკარა ლიდერია. როგორც იტალიელს, ძალიან მინდა, რომ ანდრეამ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს, ის ხომ განუმეორებელი და ყველასგან გამორჩეულია.

თუმცა, მწვრთნელს მშვიდად მუშაობის საშუალება უნდა მივცეთ და საბოლოო გადაწყვეტილებას ის მიიღებს. მოვიაზრები თუ არა პირლოს შემცვლელად? - ვფიქრობ, რომ პირლოს სრულფასოვნად შეცვლა, უბრალოდ, შეუძლებელია. ჩვენ ერთად ხშირად გვითამაშია და მირჩევნია, რომ ევროპის ჩემპიონატზეც ასე იყოს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული