იტალია. ტრანსფერები: კალჩოს ახალი ვარსკვლავები

AutoSharing Option
ბევრი ითქვა და დაიწერა იმაზე, რომ იტალიურმა კლუბებმა ჯიბეზე ხელი გაიკრეს და სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდნენ.

ეს მართლაც ასეა და ფაქტია, რომ კალჩოში ისევ დიდი ფული დატრიალდა. საგულისხმოა, რომ იტალიაში არა მარტო შიდა ტრანსფერები განხორციელდა, არამედ ბევრი ფეხბურთელი სხვადასხვა ქვეყნიდან მოვიდა, მათ შორის, ტოპ-ლიგებიდან, რაც ბოლო წლებში ნაკლებად ხდებოდა.

მაგალითად, "ინტერმა" საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი ჟოფრეი კონდოგბია გადაიბირა, "მილანმა", "იუვენტუსმა" და "ფიორენტინამ" კი ესპანეთის ჩემპიონატს კარლოს ბაკა, სამი ხედირა, მარიო სუარესი და მარიო მანჯუკიჩი წაართვეს.

ქვემოთ იმ 10 ფეხბურთელს გავეცნოთ,
რომლებიც ამ ზაფხულს სერია A-ს შეემატნენ და მათში სხვებზე მეტი ფული გადაიხადეს...

10. ნიკოლა კალინიჩი
(27 წლის)
დნიპრო - ფიორენტინა
(6 მილიონი ევრო)
ნიკოლა კალინიჩი ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ხორვატი თავდამსხმელი იყო, თუმცა მის კარიერაში ყველაფერი ისე კარგად ვერ აეწყო, როგორც ელოდნენ. კალინიჩი ინგლისის პრემიერლიგაში ვერაფრით გაიხსნა და შემდეგ "დნიპროში" აღმოჩნდა.

უკრაინულ გუნდში ოთხი ნორმალური სეზონი ჰქონდა, გოლებიც გაიტანა, ევროპალიგის ფინალშიც გამოიჩინა თავი და კიდევ ერთი შანსი მიიღო, რომ ევროპის ტოპ-ლიგაში გაიბრწყინოს. მას შემდეგ, რაც "ფიორენტინა" მოჰამედ სალაჰმა და მარიო გომესმა დატოვეს, გუნდს ახალი შემტევი სჭირდებოდა და შესაბამისად, კალინიჩზე დიდი იმედები მყარდება. თავად ფეხბურთელი ოპტიმისტურადაა განწყობილი და მიიჩნევს, რომ "ფიორენტინასთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება შეუძლია.

9. ვლად კირიკეში
(25 წლის)
ტოტენჰემი - ნაპოლი
(7 მილიონი ევრო)
ყველაზე იმედისმომცემი რუმინელი ნახევარმცველი ვერ მოერგო ინგლისურ ფეხბურთს, ვერ დაიმკვიდრა ადგილი "ტოტენჰემის" ძირითად შემადგენლობაში და შესაბამისად, იტალიაში განიზრახა კარიერის გაგრძელება.

კირიკეშს მცველის პოზიციაზეც შეუძლია თამაში და წესით, "ნაპოლის" დიდი სამსახური უნდა გაუწიოს. როგორც თავად ვლადი აცხადებს - იტალიური მენტალიტეტი და ცხოვრების წესი რუმინულთან გაცილებით ახლოა და შესაბამისად, ახალ გარემოში თავს შესანიშნავად გრძნობს.

"ნაპოლის" თავკაცი მაურიციო სარი კირიკეშზე განსაკუთრებულ იმედს ამყარებს და აცხადებს, რომ ყველაზე მეტად მასში უნივერსალიზმი მოსწონს.

8. ჯეისონ მურილიო
(23 წლის)
გრანადა - ინტერი
(8 მილიონი ევრო)
ჯეისონ მურილიომ კოპა ამერიკაზე გაიბრწყინა, სადაც პრაქტიკულად, საუკეთესო იყო კოლუმბიის ნაკრების შემადგენლობაში.

სწორედ იმ ჩემპიონატზე მიიპყრო 23 წლის მცველმა "ინტერის" ყურადღება და სულ მალე ხელშეკრულებაც გაფორმდა. მურილიოს "გრანადასთან" მალე უმთავრდებოდა ხელშეკრულების ვადა, ესპანურ კლუბს შეიძლებოდა სულაც უფასოდ დაეკარგა ფეხბურთელი და ამად გაასხვისა მხოლოდ 8 მილიონ ევროდ.

ზოგადად, მურილიო ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მცველად ითვლება და დღეს, როდესაც ხანგრძლივვადიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, მისი სატრანსფერო ფასი გაცილებით მაღალია. მიუხედავად დიდი კონკურენციისა, მურილიოს კარგი შანსი აქვს, "ინტერის" ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდროს ადგილი.

7. ლუის ადრიანო
(28 წლის)
შახტარი - მილანი
(8 მილიონი ევრო)
ლუის ადრიანოს შემთხვევაშიც დაახლოებით იგივე ვითარება იყო, რაც მურილიოზე ვთქვით.

"შახტარის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს დონეცკურ კლუბთან ერთ წელიწადში უმთავრდებოდა ხელშეკრულების ვადა და შემდეგ სრულიად უფასოდ დატოვებდა უკრაინას.

ამიტომ "შახტარის" მესვეურებმა ბრაზილიელი ფორვარდის ფასი მნიშვნელოვნად დასწიეს და მხოლოდ 8 მილიონ ევროდ გაასხვისეს. საგულისხმოა, რომ ადრიანომ პირველივე ოფიციალურ შეხვედრაში გაიტანა გოლი ახალი გუნდის შემადგენლობაში, როდესაც სათასო პაექრობაში "პერუჯას" კარი დალაშქრა.

"მილანმა" მეტოქე ორი უპასუხო გოლის წყალობით დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ლუის ადრიანოსა და კარლოს ბაკას ტანდემისგან მილანში ბევრს ელიან.

6. ფერნანდო ლუკასი
(23 წლის)
შახტარი - სამპდორია
(8 მილიონი ევრო)
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელშიც "შახტარმა" სოლიდური ფული აიღო. თუმცა, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც უკრაინელებმა იზარალეს, რადგან ორი წლის წინ 23 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 11 მილიონი ევრო გადაიხადეს, ამ ზაფხულს კი 8 მილიონად გაყიდეს. თუმცა ფერნანდო ლუკასმა დონეცკურ გუნდში დიდად ვერ გაიბრწყინა და ამ ფონზე, ტრანსფერი უკრაინელთათვის მაინც სარფიანი იყო.

თავად ფეხბურთელი არ მალავს, რომ იტალიაში გადაბარგებით ბედნიერია და სერია A-ს სტარტს მოუთმენლად ელოდება. ფერნანდო იმედოვნებს, რომ ახალ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას შეძლებს.

5. სერგეი მილინკოვიჩი
(20 წლის)
გენკი - ლაციო
(9 მილიონი ევრო)
ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და პერსპექტიული მცველი, რომელმაც მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე სერბეთის ნაკრების შემადგენლობაში გაიბრწყინა. აღსანიშნავია, რომ მილინკოვიჩის მამა ასევე თამაშობდა ფეხბურთს, დედა პროფესიონალი კალათბურთელი ჰყავს, ხოლო ძმა მეკარეა და ისიც სერბეთის 20-წლამდელთა ნაკრების წევრია. "ლაციოს" მესვეურები სატრანსფერო ბაზარზე არ აქტიურობენ, მაგრამ როდესაც სერგეის გადაბირების შანსი მიეცათ, ერთი წუთით არ უფიქრიათ და მასში 9 მილიონი ევრო გადაიხადეს.

4. მარიო სუარესი
(28 წლის)
ატლეტიკო - ფიორენტინა
(15 მილიონი ევრო)
ბოლო ხუთი წელი მარიო სუარესმა მადრიდის "ატლეტიკოში" გაატარა, ამ ზაფხულს კი "ფიორენტინაში" გადაბარგდა. 28 წლის ნახევარმცველს მეტოქე გუნდების იერიშების ჩაშლა ეხერხება, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, შეტევასაც გვარიანად ეხმარება.

"ატლეტიკოს" ბოლოდროინდელ წარმატებებში სუარესს თავისი წვლილი მიუძღვის და თქმა არ სჭირდება, რომ "ფიორენტინამ" უმაღლესი კლასის ფეხბურთელი დაიმატა.

საგულისხმოა, რომ "ვიოლა" ყველაზე ესპანური გუნდია იტალიაში, რადგან მარიოს ფლორენციაში არაერთი თანამემამულე დახვდება, ბორხა ვალეროს და ხოაკინ სანჩესის თამადობით.

3. მარიო მანჯუკიჩი
(29 წლის)
ატლეტიკო - იუვენტუსი
(19 მილიონი ევრო)
კიდევ ერთი მარიო "ატლეტიკოდან", რომელიც იტალიაში, კერძოდ კი, "იუვენტუსში" გააგრძელებს კარიერას. მანჯუკიჩი გერმანიაშიც ბევრ გოლს იტანდა და არც ესპანეთში დაუკარგავს მიზანი, ახლა კი სერია A-ს ჯერია.

29 წლის ხორვატმა ფორვარდმა პაულო დიბალასთან ერთად კარლოს ტევესი უნდა შეცვალოს და როგორც თავად აცხადებს, ამ გამოწვევისთვის მზადაა.

მანჯუკიჩმა უკვე გაიტანა პირველი გოლი "იუვენტუსის" შემადგენლობაში, როდესაც ახალ გუნდთან ერთად იტალიის სუპერთასი მოიგო.

2. ჟოფრეი კონდოგბია
(22 წლის)
მონაკო - ინტერი
(30 მილიონი ევრო)
ჟოფრეი კონდოგბიას გადაბირება თითქმის ყველა ევროპულ გრანდს სურდა, მაგრამ "ინტერმა" იმარჯვა და 22 წლის საყრდენ ნახევარმცველთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კონდოგბიას ტრანსფერს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, რადგან ფრანგი, ფაქტობრივად, გადასული იყო "მილანში", როდესაც ვითარება შეიცვალა და ფეხბურთელი "ინტერში" აღმოჩნდა.

"ნერაძურის" მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი კონდოგბიაზე განსაკუთრებულ იმედებს ამყარებს და სხვაგვარად არც შეიძლება იყოს - მასში ხომ 30 მილიონი ევროა გადახდილი.

1. კარლოს ბაკა
(28 წლის)
სევილია - მილანი
(30 მილიონი ევრო)
"მილანის" სუპერტრანსფერი, რომელმაც ასევე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ლომბარდიული გრანდი ჯექსონ მარტინესის გადაბირებას ლამობდა, მაგრამ "პორტოსთან" საერთო ენა ვერ გამონახა და შემდეგ გადაერთო უკვე ბაკაზე.

29 წლის კოლუმბიელი ფორვარდი "სევილიის" მთავარი დამრტყმელი ძალა იყო და გასულ სეზონში არა მარტო ლა ლიგაში, ევროპალიგის გათამაშებაშიც გაიბრწყინა. ბაკას მიმართ სხვა კლუბებიც იჩენდნენ ინტერესს, მაგრამ თვითონ "მილანში" არჩია კარიერის გაგრძელება და როგორც თავად აცხადებს, მზადაა, სერია A-ს მოახლოებულ გათამაშებაში ორ ათეულ გოლზე მეტი გაიტანოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული