ანდრეა ანიელი: "იუვენტუსიდან" ბევრი წავა და ბევრიც მოვა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ განვლილი სეზონი შეაჯამა და აქტუალურ თემებზე ისაუბრა.

რა გასაკვირია, რომ 39 წლის ფუნქციონერი ამაყია მისი გუნდის ასპარეზობით და მიიჩნევს, რომ "იუვესთვის" 2014-15 წლების სეზონი ერთმნიშვნელოვნად წარმატებული იყო. ანიელიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სეზონი წარმატებული იყო არა მარტო სპორტული, არამედ ფინანსური კუთხითაც და შესაბამისად, ზაფხულის სატრანსფერო ბაზაზე აქტიურობას უნდა ველოდოთ.

მოკლედ, სენიორ ანდრეამ გულშემატკივრები დააიმედა, თუმცა არც ის დამალა, რომ გუნდი შესაძლოა, რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვოს, მათ შორის, არტურო ვიდალმა, პოლ პოგბამ, კარლოს ტევესმა და ალვარო მორატამ.

ანიელის თქმით, პოგბას სატრანსფერო ფასი 100 მილიონი ევროა, ხოლო ვიდალის - 40 მილიონი და დანარჩენი უკვე მოლაპარაკების პროცესზეა დამოკიდებული.

ითქვა ისიც, რომ "იუვენტუსი" აუცილებლად გადაიბირებს ერთ ექსტრაკლასის ფეხბურთელს და შესაძლოა, ეს ედინსონ კავანი, მარიო მანჯუკიჩი, რობინ ვან პერსი ან გაგიკვირდებათ და, გონსალო იგუაინი იყოს. ამასთან, ტურინულმა კლუბმა უკვე გაიფორმა 21 წლის არგენტინელი თავდამსხმელი პაულო დიბალა, რომლის სანაცვლოდაც "პალერმომ" 32 მილიონი ევრო მიიღო.

მოულოდნელად, ანდრეა ანიელი "მილანში" მიმდინარე პროცესებს გადასწვდა და განაცხადა, სილვიო ბერლუსკონისა და ბი ტაეჩაუბოლს შორის მიღწეული შეთანხმება ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს და იმედი გამოთქვა, რომ ლომბარდიულ გრანდში მოვლენები ჯანსაღად წარიმართება და ფინანსურ მაქინაციებს ადგილი არ ექნება.

ანიელის თქმით, მისთვის გაუგებარია, ვის უხდის მისტერ ბი 500 მილიონ ევროს - ბერლუსკონის თუ კლუბის განვითარებაში აბანდებს? - ბოლოს, "იუვენტუსის" მეპატრონემ ამაყად განაცხადა, რომ "იუვენტუსს" უცხოური ინვესტიცია არ სჭირდება და რომ კლუბის წარმატების გარანტი ანიელები არიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
:) აეწვა უკვე? ჯერ სადაა, დაბრუნდება მილანი! არჩათვლილი გოლები ვეღარ უშველის იუვეს...
Forza Milan
16:38 09-06-2015
0

სიახლეები პოპულარული