"მილანი": თუ ანჩელოტი არა, მაშინ დონადონი

AutoSharing Option
ორშაბათს, ვანკუვერში კარლო ანჩელოტიმ ოპერაცია გაიკეთა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა, თუმცა სახელოვანი მწვრთნელი ჯერ ისევ კანადაშია, რეაბილიტაციას გადის და ევროპაში უახლოეს დღეებში დაბრუნდება.

კარლოს დაბრუნებას "მილანის" მესვეურები ელოდებიან, რომლებსაც ძალიან უნდათ, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფილიპო ინძაგი სწორედ "რეალის" ექსდამრიგებელმა ჩაანაცვლოს.

ანჩელოტი პრიორიტეტული კანდიდატია, მაგრამ რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ სენიორ კარლო უარს იტყვის? - როგორც "როსონერის" პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, მას სამი სათადარიგო ვარიანტი ჰყავს შერჩეული, აქედან სამი იტალიელი და ერთი უცხოელი.

ჩვენმა იტალიელმა კოლეგებმა გაარკვიეს, რომ უცხოელ სპეციალისტზე
ბერლუსკონი მაინც ნაკლებად ფიქრობს და საერთოდაც, მისი სურვილი იტალიური "მილანის" აშენებაა, სადაც ფეხბურთელთა ძირითად ბირთვს სწორედ აპენინელები შეადგენენ. რაც შეეხება იტალიელ მწვრთნელებს, ლაპარაკია ლუჩანო სპალეტიზე, ჩეზარე პრანდელისა და რობერტო დონადონიზე.

სულ ბოლო ინფორმაციით, დონ სილვიომ სწორედ დონადონიზე შეაჩერა არჩევანი და თუ ანჩელოტი მაინც უარზე დადგა, "როსონერის" სწორედ "პარმას" ამჟამინდელი მწვრთნელი ჩაიბარებს. გამომდინარე იქიდან, რომ ანჩელოტის ერთწლიანი დასვენება მყარად აქვს გადაწყვეტილი და ნაკლებად სავარაუდოა, გეგმები შეცვალოს, დონადონის შანსები ერთობ ძვირად ფასობს.

შეგახსენებთ, რომ 51 წლის დონადონის საფეხბურთო კარიერის დიდი ნაწილი "მილანში" აქვს გატარებული და გუნდის გულშემატკივრებს დღემდე ძალიან უყვართ. მოკლედ, რობერტო ძველი "მილანისტაა" და ეს მის შანსებს კიდევ უფრო ზრდის. სამწვრთნელო კარიერა მოკრძალებულ "ლეკოში" დაიწყო, სახელი კი "ლივორნოში" ნაყოფიერი მუშაობით მოიხვეჭა, საიდანაც პირდაპირ იტალიის ნაკრებში აღმოჩნდა.

დიახ, 2007 წელს დონადონიმ მსოფლიოს ჩემპიონი გუნდი ჩაიბარა, 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე კი მისი "აძურა" მეოთხედფინალში ესპანეთთან თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა.

მაშინ რობერტოს მუშაობა წარუმატებლად შეფასდა და გაათავისუფლეს დაკავებული პოსტიდან, თუმცა შემდეგ ბევრმა აღნიშნა, რომ დონის იტალია არც ისე ცუდი გუნდი იყო და იმ ესპანეთთან პენალტებში მარცხი, რომელმაც შემდეგ ორი ევროფორუმი და ერთი მუნდიალი მოიგო, სულაც არ იყო სამარცხვინო შედეგი.

მით უმეტეს, პირენეელებმა ის ევროპირველობა ერთი ამოსუნთქვით მოიგეს და ერთადერთი გუნდი, რომელთან ძალიან გაუჭირდათ, სწორედ "სკუადრა აძურა" იყო. მოკლედ, დონადონის საკმაოდ დიდი გამოცდილება უმაგრებს ზურგს და ვნახოთ, შეაჩერებს თუ არა ბერლუსკონი მასზე არჩევანს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული