"სასუოლო": მალეზანი, დი ფრანჩესკოს ნაცვლად

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის 21-ე ტურში, აუტსაიდერთა ჯახში "ლივორნომ" "სასუოლო" 3:1 დაამარცხა. ბოლოადგილოსანთან წაგება ბოლო წვეთი იყო "სასუოლოს" მესვეურთა მოთმინების ფიალაში და 44 წლის ეუსებიო დი ფრანჩესკოს, "რომას" ყოფილ ნახევარმცველს კარზე მიუთითეს.

არადა, დი ფრანჩესკოს მეთაურობით, "სასუოლო" სერია A-ში გადავიდა, ამ სეზონში ისეთ გუნდებს დააკარგვინა ქულები, როგორებიც "ნაპოლი", "ლაციო" და "რომა" არიან, ხოლო "მილანი" სულაც დაამარცხა.

"მილანის" და ინძაგის უარი
"სასუოლოს", რომელიც 17 ქულით გასავარდნ ზონაშია, მაშინვე დროებით თავკაცად პაოლო მანდელი დაუნიშნეს. კლუბის ხელმძღვანელობას დიდი სურვილი ჰქონდა, თანამდებობაზე ფილიპო ინძაგი დაენიშნა, "მილანის"
სარეზერვო გუნდის თავკაცი. ამის შესახებ განცხადებაც გაკეთდა, მაგრამ, როგორც ჩანს, "პიპომ" თავად არ მოისურვა "სასუოლოში" წასვლა. ინძაგის კიდევ არ დაუკარგავს იმედი, რომ ადრე თუ გვიან "მილანს" გაწვრთნის.

მალეზანი დაინიშნა
"სასუოლო" დიდხანს არ დარჩა უმწვრთნელოდ - 29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ კლუბმა დი ფრანჩესკოს ნაცვლად, 59 წლის ალბერტო მალეზანი ოფიციალურად დაამტკიცა. ვერონელმა სპეციალისტმა "ნეროვერდი" გავარდნისგან უნდა იხსნას. გუშინ მალეზანი გუნდის საწვრთნელ პროცესსაც დაესწრო, მისი პრეზენტაცია კი 30 იანვრისთვის იგეგმება.

მალეზანიმ, რომელიც მხოლოდ სამოყვარულო დონეზე თამაშობდა ფეხბურთს, სამწვრთნელო კარიერა "კიევოში" 1987 წელს დაიწყო, როცა ამ კლუბის ჭაბუკთა გუნდს ჩაუდგა სათავეში. 1993 წლიდან კი ის უკვე "კიევოს" პირველი გუნდის მწვრთნელია. მალეზანის გაუწვრთნია "ფიორენტინა", "პარმა", "ვერონა", "უდინეზე", "ემპოლი", "სიენა", "ბოლონია", "ჯენოა" და "პალერმო", თითქმის ყველა არაგრანდი იტალიური კლუბი. მან ერთი სეზონი (2005/06) საზღვარგარეთ, კერძოდ, ათენის "პანათინაიკოსში" გაატარა.

ყველაზე დიდ წარმატებას ამ სპეციალისტმა 1999 წელს მიაღწია, როდესაც "ფიორენტინას" იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი და უეფას თასი მოაპოვებინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული