მარჩელო ლიპი: ჩვენ ხომ ამაში ყველაზე მაგრები ვართ...

AutoSharing Option
მარჩელო ლიპი ახლა ჩინეთში ("გუანჯოუ ევერგრანდი") მუშაობს, სადაც სხვადასხვა სქემებით ვარირებისთვის ფართო ასპარეზი აქვს. 4-2-3-1, 3-5-2... მატჩის მსვლელობის დროს თამამად გადადის სისტემიდან სისტემაზე. ეს მისი სტიქიაა. შარშან, გუნდის ტაქტიკური მომზადებისას, ლიპის პრობლემები ჰქონდა. ჩინეთში ხომ ამას შეჩვეულები არ იყვნენ, დღეს კი, როგორც ამბობენ, ლიპის გუნდი "დაფრინავს"...
"გაძეტა დელო სპორტთან" ინტერვიუში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი სწორედ ტაქტიკურ სიტუაციებსა და ნოვაციებს აანალიზებს...

- რატომ არის, რომ სერია A-ს გუნდების ნახევარი აქტიურად იყენებს 3-5-2-ს, მაშინ, როცა ევროპაში ეს სქემა ჯერჯერობით არ არის პოპულარული?
ეს უბრალოდ მოდაა, თუ იტალიური მენტალობის ნაწილია?
- იმიტომ, რომ იტალიელი მწვრთნელები, ტაქტიკური განათლების მხრივ, მსოფლიოში ყველაზე მაგრები ვართ! ამას ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ. ყველამ როდი იცის, როგორც უნდა ათამაშოს გუნდი 3 მცველით. ეს არ არის ადვილი, არადა, თამაშის დროს სამმცველიან სქემას, სიტუაციებიდან გამომდინარე, ხშირად იყენებენ ხოლმე. უბრალოდ, პრობლემა ის არის, რომ ეს ყველაფერი სისტემატიზიციაში ვერ მოჰყავთ, ვარჯიშებისას არ ამუშავებენ. თამაშის დროს ტაქტიკური ცვლილებები სტიქიურად ხდება.

- ახსენით, როგორ ხდება ეს ყველაფერი მატჩის მსვლელობისას?
- ორ მაგალითს მოგიყვანთ. ერთ-ერთია "ბარსელონა". ამ გუნდის განაპირა მცველები, დანი ალვეში და ალბა, ძალიან ახლოს თამაშობენ ფორვარდებთან, მაშინ, როცა საყრდენი ნახევარმცველი ბუსკეტსი, ფაქტობრივად, ცენტრალური მცველის ფუნქციებს ითავსებს ხოლმე. მეორე მაგალითია "რომა". ლუის ენრიკეს დროს ანალოგიურ სვლას აკეთებდა დე როსიც.

- სულ ეს არის? სხვა მაგალითები?
- აიღეთ ნებისმიერი გუნდი, რომელიც ოთხი ნომინალური მცველით თამაშობს. ახლა წარმოიდგინეთ - იერიეშის დროს, ერთ-ერთი განაპირა მცველი მიდის შეტევაში და ეხმარება თავდასხმას, ხოლო მეორე ფლანგის მცველი ცენტრალურ მცველებთან რჩება, რათა აუცილებლობის შემთხვევაში დაცვითი დიაგონალი შექმნას. ესეც თქვენი სამმცველიანი სქემა!

- ამავე დროს, ეს 3-5-2-ც ხშირად განიცდის მოდიფიკაციას...
- მართალი ხართ. ხანდახან წინ მიდის არა რომელიმე ფლანგის მცველი, არამედ ნახევარმცველი, ხოლო მის ადგილას ჩადის ფორვარდი. მოკლედ, ყველაფერი დამოკიდებულია შესაძლებლობებსა და მოთხოვნილებებზე. ჩემი გუნდის მაგალითზე გეტყვით - შარშან "გუანჯოუს" საბაზო სქემად ავირჩიე 4-2-3-1. მაგრამ, როცა ერთ-ერთმა მცველმა ტრავმა მიიღო და დიდი ხნით დაგვაკლდა, პრობლემის წინაშე დავდექი - ფლანგის მცველი აღარ მყავდა, რომ დანაკლისი შემევსო. სამაგიეროდ, გუნდში იყო ნახევარმცველი, რომელსაც სიღრმიდან შეტევა შეეძლო. ამიტომაც გადავედი 3-5-2-ზე.

- ნამდვილი 3-5-2-ს ახლა "იუვენტუსი" იყენებს...
- ეს არ არის პირლოს სახელობის სისტემა. კონტე ბედნიერია იმით, რომ ჰყავს პირლო, რომელმაც კარგად იცის ბურთის დაჭერა ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი, ასევე ორი "ჰავბეკი" - ვიდალი და მარკიზიო, რომელთაც ართმევაზეც შეუძლიათ თამაში, დასარტყმელ პოზიციაზეც გადიან და გოლებიც გაქვთ. ამიტომ, დღევანდელ "იუვენტუსში" 3-5-2-ის გამოყენება გაცილებით ადვილია, ასე ვიტყოდი - ზედგამოჭრილიც კია ამ შემადგენლობისთვის.

- იტალიაში თანდათან გაქრა 4-4-2, რომელიც თავის დროზე წამყვანი სისტემა იყო. ამას რით ახსნით?
- მე მგონი, უკანასკნელი გუნდი, რომელიც 4-4-2-ს იყენებდა, დელ ნერის "კიევო" იყო, და სხვათა შორის, "იუვენტუსიც", როცა იქ დელ ნერი მუშაობდა. ახლა უკვე იშვიათად იყენებენ ორ ფორვარდს, რომელიც ფაქტობრივად ერთ ხაზზე თამაშობს და მათი მოძრაობის ტრაექტორია ერთმანეთს კვეთს. ხშირია შემთხვევებიც, როცა ერთ-ერთი ფორვარდი უკან იხევს და ვიღებთ ასეთ სქემას - 4-4-1-1. გნებავთ, ამას 4-2-3-1 დაარქვით.

- "ტრეკვარტისტას" (ეგრეთწოდებული "სამი მეოთხედის" მოთამაშე. ამ მეტსახელით იტალიაში მოიხსენიებენ შემტევ ნახევარმცველს, რომელიც ფორვარდთან ახლოს თამაშობს. მაგალითად, ალესანდრო დელ პიერო 90-ანების "იუვენტუსში" - რედ) როლი წარსულში დარჩა?
- დღესდღეობით, "ტრეკვარტისტა" ფაქტობრივად მეორე ფორვარდია. მაგალითად, სტეფანო პიოლი "ბოლონიას" 4-3-1-2 სქემით ათამაშებს. პრინციპში, აქ დიამანტიც ფორვარდია, მაგრამ მწვრთნელს ის მკაცრად ფლანგზე ჰყავს გამწესებული.

- თავის დროზე თქვენც იყენებდით 4-3-1-2-ს "იუვენტუსში"...
- ჰო, მაგრამ მაშინ ზიდანი და ნედვედი მყავდა, ორი უმაღლესი რანგის ფეხბურთელი...

- შეგიძლიათ, თქვათ, რომ ესა თუ ის სქემა ცუდია, ან სხვა ამ ცუდს რითი სჯობია?
- არა. იმიტომ, რომ ახლა სპეციალისტების უმრავლესობა ერთდროულად ორ სქემას ამუშავებს, რათა მატჩის დროს, სიტუაციისდა მიხედვით, ცვალოს ერთმანეთში. ვფიქრობ, არაფერია ცუდი 3-4-1-2 სისტემაში, მით უმეტეს, თუ მაღალი კლასის ფლანგელები გყავს, შეიძლება სულაც ოთხი კაცით შეუტიო.

- სხვათა შორის, სწორედ ეს თქვა კონტემ ამასწინათ - თუ ფლანგზე ერთი გამოკვეთილი მოთამაშე გყავს, 3-3-4 სქემაც კარგად იმუშავებსო...
- ...და მართალიცაა. და კიდევ ერთი ნიუანსი - როცა 3-3-4-ს იყენებ, აუცილებელია პრესინგი მეტოქის განაპირა მცველებზე. თან, თავად უნდა გყავდეს ისეთი მცველები, რომლებიც თამამად წავლენ შეტევაში და უშუალო მოვალეობის შესრულებაც არ დაავიწყდებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კვირა ციფრებში: ტიტული, ჰეთ თრიქი და თინეიჯერი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული