ვარსკვლავთცვენა ტურინში

AutoSharing Option
გაზაფხულის მიწურულს, იტალიაში ტრადიციული საქველმოქმედო ამხანაგური მატჩი იმართება, რომელშიც ერთმანეთის პირისპირ "ვარსკვლავებისა" და "ჩემპიონების" გუნდები უპირისპირდებიან.

ჩემპიონებში მეტწილად ფეხბურთელები ირჯებიან, ვარსკვლავთა რიგებში კი მომღერლები და სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები. ტრადიციულად, ბევრნი არიან მრბოლელები, რადგან იტალიაში ფორმულა 1 პოპულარობით მხოლოდ ფეხბურთს თუ ჩამოუვარდება.

"ვარსკვლავთა" შემადგენლობაში ყველაზე აქტიურნი სწორედ მრბოლელები იყვნენ: ფერნანდო ალონსო, ფელიპე მასა, ჯანკარლო ფიზიკელა. განსაკუთრებით ალონსო გამოირჩეოდა, რომელმაც ჰეთთრიკი შეასულა და ერთ-ერთი გოლი თერთმეტმეტრიანით პანენკას სტილში გაიტანა. მთლიანობაში, ფერნანდომ მაღალი საშემსრულებლო ოსტატობა გამოავლინა და თითქმის გადაჭედილ "იუვენტუს არენას" არაერთხელ
დასტყუა ტაში.

რაც შეეხება ჩემპიონთა გუნდს, იქ საუკეთესო ანტონიო კონტე გახლდათ. "იუვეს" თავკაცმა პოკერი შეასრულა და საგოლე გადაცემებიც გააკეთა. კონტე ბრწყინვალე იყო და მეტწილად, შეტევის წინა ხაზზე ირჯებოდა. არადა, გახსოვთ ალბათ, ფეხბურთელობისას ცენტრალური ნახევარმცველი იყო. კონტეს კარგად აუბა მხარი პაველ ნედვედმა, რომელმაც სამი საგოლე პასი გააკეთა და ბოლოს, თერთმეტმეტრიანით იხეირა. ჩემპიონთა გუნდში გამოირჩეოდნენ ჩირო ფერარა, ედგარ დავიდსი, პაოლო მონტერო და ფილიპო ინძაგი. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდში "იუვეს" პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმაც ითამაშა და მასზე ქვემოთაც გვექნება საუბარი. აქვე ვთქვათ, რომ მატჩი ფრედ, 9:9 დასრულდა.

მოჯის მწარე ენა
ტურინულ შეხვედრას ლუჩანო მოჯიმაც მიადევნა თვალი და შემდეგ, ჟურნალისტებთან გასაუბრება გადაწყვიტა. ასეთ დროს, ყოველთვის რაღაც სინტერესოს უნდა ელოდო და მოჯიმაც არ გაგვიცრუა იმედები. დროა, სიტყვა "იუვენტუსის" ყოფილ მმართველ დირექტორს გადავცეთ:

"სამწუხაროდ, ამ მატჩზე არ დამპატიჟეს და ბილეთის ყიდვა მომიწია. როგორც ჩანს, ბევრს დაავიწყდა, რომ "იუვენტუსის" განვითარებაში მეც მაქვს წვლილი შეტანილი და არც თუ მცირე. საინტერესო მატჩი იყო, რომელშიც რამდენიმე მოთამაშე ბრწყინვალედ გაისარჯა. განსაკუთრებით ანტონიო კონტე, რომელმაც ფორვარდის მონაცმები გამოავლინა და ცოტა გული დამწყდა, რომ მთელი კარიერა საყრდენი იყო. ჩემი შთაბეჭდილებით, კონტე დღეს გაცილებით უკეთესი ფორვარდია, ვიდრე ნიკლას ბენდტნერი და ნიკოლას ანელკა ერთად. "იუვეს" მესვეურებს ვურჩევდი, რომ შეეშვან არაფრის მაქნისი მოთამაშეების გადაბირებას და კონტე მოთამაშე-მწვრთნელად აქციონ. თავს დავდებ, ბენდტნერი სახიფათო მომენტებს ვერ გამოიყენებდა და არა თუ პოკერს, დიდი ალბათობით ერთ გოლსაც ვერ გაიტანდა. ძალიან სიმბოლური იყო ეპიზოდი, როდესაც ანდრეა ანიელიმ გოლი საკუთარ კარში გაიტანა. მოედანზე არაფერი იმალება და ეს ავტოგოლიც ამის ნათელი დადასტურება გახლდათ. მთლიანობაში, ძალიან კარგი თამაში იყო და როგორც ყველამ, მეც სიამოვნება მივიღე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფერნანდო ალონსომ გოლი გაიტანა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული