ტურინის "იუვენტუსი": ვინ შეცვლის ბონუჩის?

AutoSharing Option
"იუვენტუსმა" ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, დაცვის ბურჯი ლეონარდო ბონუჩი დაკარგა.

ვინ შეცვლის 30 წლის უკანახაზელს? - ეს თემა იტალიურ მედიაში კვლავ აქტუალურია. ერთ-ერთი ვერსიით, "იუვეს" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი დანიელე რუგანიზე შეაჩერებს არჩევანს. გასულ სეზონში 22 წლის მცველი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თუმცა მას უკვე იტალიის ეროვნულ ნაკრებში იწვევენ და უდიდეს იმედებს ამყარებენ. ალეგრი ჟურნალისტებს შეხვდა და საინტერესო თემებზე ისაუბრა...

დანიელე რუგანი
რუგანი უმაღლესი კლასის ფეხბურთელია და მას ჩემი სრული ნდობა აქვს. გასულ სეზონში არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ახალ სეზონში კი
უფრო მეტად დაგვჭირდება.

დანიელეს მიმართ ბევრი კლუბი იჩენდა ინტერესს, თუმცა ის ხელშეუხებელია. იქნება თუ არა დანიელე ძირითად შემადგენლობაში? - თანამედროვე ფეხბურთში ძირითადი შემადგენლობა პირობითი ცნებაა - გუნდში 25-26 ფეხბურთელი გვყავს და თითოეული მათგანი საჭიროა გუნდისთვის. ვფიქრობ, რუგანის როლი უფრო გაიზრდება და მას მეტი სათამაშო დრო მიეცემა.

ლეონარდო ბონუჩი
ლეონარდო "იუვენტუსში" 7 წლის განმავლობაში თამაშობდა და გუნდის წარმატებებში დიდი წვლილი შეიტანა. ბონუჩიმ "იუვეს" ისტორიაში დიდი კვალი დატოვა და მას მხოლოდ მადლობა ეკუთვნის. გარკვეული გარემოების გამო, დღეს ლეო "მილანის" ფეხბურთელია და მინდა მას წარმატება ვუსურვო. როდესაც ტურინში ჩამოვა სათამაშოდ, "იუვენტუსის" გულშემატკივრები მას აუცილებლად თბილად მიიღებენ - ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

მილანი
"მილანის" მესვეურებმა ტრანსფერებში დიდი ფული დახარჯეს და გუნდი მნიშვნელოვნად გააძლიერეს. ეს ძალიან კარგია, რადგან იტალიის ჩემპიონატში კონკურენცია გამძაფრდება. როდესაც "მილანის" მწვრთნელი ვიყავი, კლუბის მესვეურებს აშკარად ფინანსური კრიზისი ჰქონდათ, რადგან გუნდიდან მიდიოდნენ ფეხბურთელები. პირადად ჩემთვის, "იუვენტუსის" მწვრთნელისთვის კონკურენტის გაძლიერება ახალი სტიმულია და ამას მხოლოდ დადებითი კუთხით ვუყურებ.

დუგლას კოშტა
დუგლას კოშტა უმაღლესი კლასის ფეხბურთელია და ბედნიერი ვარ, რომ "იუვენტუსში" გააგრძელებს კარიერას. თანამედროვე ფეხბურთში ფლანგებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, კოშტაზე კი უდიდეს იმედებს ვამყარებ. როდესაც ჩემპიონთა ლიგიდან "ბაიერნმა" გამოგვაგდო, დუგლას კოშტამ სწორედ მაშინ მიიქცია ჩემი ყურადღება - ის უბრალოდ შეუჩერებელი იყო ფლანგზე.

კოსტას მანოლასი
პრესაში არაერთი მცველის გვარი გაჟღერდა, რომლებსაც ბონუჩის შემცვლელად მოიაზრებენ, მათ შორის კოსტას მანოლასს. ბერძენმა "რომას" შემადგენლობაში ორი სეზონი გაატარა და იტალიურ ფეხბურთთან ადაპტირებულია - შესაძლოა, ჩვენ მართლაც დავინტერესდეთ მანოლასით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის კონკრეტულად ლეონარდო ბონუჩის შემცვლელი იქნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩემთვის თითოეული ფეხბურთელი მნიშვნელოვანია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მატია კალდარა დაიმახსოვრეთ ეს ბიჭი.
Gaioz
11:44 19-07-2017
0

სიახლეები პოპულარული