ახალი სუპერმილანის დაბადება - დიდი ტრანსფერის ამბავი

AutoSharing Option
"მილანი" ახალ სეზონს სრულიად განახლებული შემადგენლობით ხვდება - "როსონერის" მესვეურები სატრანსფერო ბაზარზე ძალიან აქტიურობენ.

ვინჩენცო მონტელას განკარგულებაში 9 ახალი ფეხბურთელია: ანდრე სილვა, რიკარდო როდრიგესი, ჰაქან ჩალჰანოღლუ, ანდრეა კონტი, მატეო მუსაკიო, ფრანკ კესი, ფაბიო ბორინი, ლუკას ბილია და ლეონარდო ბონუჩი. ჯამში, "მილანმა" უკვე დახარჯა 210 მილიონი ევრო და ყველა ვარაუდით, ეს თანხა 300 მილიონ ევრომდე ავა.

ბონუჩის "იუვენტუსიდან" "მილანში" გადასვლამ დიდი ხმაური გამოიწვია - 30 წლის მცველმა "როსონერისთან" 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ბონუჩის ხელფასი სეზონში 7,5 მილიონი ევრო იქნება - ბონუსის ჩათვლით, მისი შემოსავალი შესაძლოა, 10 მილიონ ევრომდე ავიდეს.

მილანმა ლეონარდოს სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადა. მაინც რატომ გადავიდა ბონუჩი "მილანში" და არა მაგალითად "ჩელსიში", ან "მანჩესტერ სიტიში", რომლებიც მის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს დაუფიქრებლად იხდიდნენ? - ან საერთოდ, რატომ დატოვა გამოცდილმა მცველმა ტურინული გრანდი? - ამაზე ქვემოთ...

რატომ დატოვა ბონუჩიმ იუვე?
დასამალი აღარავისთვისაა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის შესვენებისას, "იუვენტუსის" გასახდელში ინციდენტი მოხდა, რომლის მთავარი "გმირი" ლეონარდო ბონუჩი გახლდათ. ლეო ჯერ პაულო დიბალას ეჩხუბა, შემდეგ კი დანი ალვეშს დაუპირისპირდა - ბონუჩის და ალვეშს შორის ვითარება უკიდურესად დაიძაბა და ისინი ხელით შეეხნენ ერთმანეთს.

საქმეში ანდრეა ბარძალი ჩაერია და ბონუჩის მასთანაც მოუვიდა შელაპარაკება. შედეგად, მთელი 15 წუთი არა მწვრთნელის ანალიზსა და დარიგებებში, არამედ ფეხბურთელების ჩხუბში გაილია.

მეორე ნახევარში "იუვენტუსი" თავის თავს არ ჰგავდა - გუნდი, რომელმაც უპირატესობით წარმართა პირველი ტაიმი, მეორეში მთლიანად მოიშალა და "რეალთან" უშანსოდ წააგო.

ტურინული კლუბის მესვეურები აღარ მალავენ, რომ ფინალში მარცხის შემდეგ, გასახდელში მომხდარი ინციდენტი დეტალურად გაირჩა და დამნაშავეების გუნდიდან გაშვება გადაწყდა - ასე აღმოჩნდა დანი ალვეში "პარი სენ-ჟერმენში", ხოლო ლეონარდო ბონუჩი "მილანში"...

სხვათა შორის, ამ ისტორიას უკვე "იუვეს" რამდენიმე ფეხბურთელი გამოეხმაურა და მას მოგონილი უწოდა. კონფლიქტი საჯაროდ უარყვეს მარიო მანჯუკიჩმა, დანი ალვეშმა და სხვებმა.

რატომ მილანი?
"მილანმა" ლეონარდო ბონუჩის სანაცვლოდ მხოლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადა და "იუვენტუსისთვის" ეს თანხა მისაღები აღმოჩნდა. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველის სანაცვლოდ ლონდონის "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" დაუფიქრებლად იხდიდნენ 60 მილიონ ევროს.

რატომ გადაწყვიტა თვითონ ფეხბურთელმა "მილანში" გადასვლა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაშიც კი არ ასპარეზობს. რატომ დათანხმდა "იუვე" მცირე თანხას და თანაც, კონკურენტის გაძლიერებას?

საქმე ისაა, რომ ლეონარდო ბონუჩის შვილი ჰყავს ავად, რომლისთვისაც არ არის რეკომენდირებული ინგლისში ცხოვრება. ბონუჩის ვაჟი მძიმე დაავადებას ებრძვის, მას ტურინში მკურნალობენ და შესაბამისად, ლეონარდომ კატეგორიული უარი თქვა უცხოეთში გადაბარგებაზე.

"იუვენტუსი" ვალდებული იყო, რომ ფეხბურთელისთვის ანგარიში გაეწია, თვითონ ბონუჩის კი რეალურად ორი ვარიანტი ჰქონდა: "ინტერი", ან "მილანი"...

"ინტერისგან" განსხვავებით, "იუვენტუსის" გულშემატკივრებს "მილანის" მიმართ არასდროს ჰქონიათ მტრული დამოკიდებულება - თანაც, "როსონერიში" ამბიციურ პროექტს ჩაეყარა საფუძველი და ბონუჩის გადაწყვეტილება ლოგიკური ჩანს...

როგორ იყიდა ბონუჩიმ გაძეტა
ლეონარდო ბონუჩიმ... "გაძატა დელო სპორტის" ერთი გვერდი შეისყიდა იმისთვის, რომ "იუვენტუსსა" და მის ფანებს გამომშვიდობებოდა:

"უკან "იუვენტუსში" გატარებული 7 სეზონია. მოგებების ისტორია, რომელიც მხოლოდ საოცარი ატმოსფეროს წყალობით მიიღწევა გუნდში. 6 სკუდეტო, ბუნებრივია, რჩება მწარე გემო იმის გამო, რომ ლიგა ვერ მოვიგეთ, მაგრამ იმედგაცრუებაზე მეტია ის სიამაყე, რაც ამ წლებში მიგვრძვნია. ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი და უკან რომ ვიყურები, ვატყობ, რომ დიდი ისტორიის ნაწილი გავხდი", - წერს ბონუჩი. რამდენი გადაიხადა ფეხბურთელმა სარეკლამო გვერდში უცნობია.

მონტელა: მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურია
"მილანი" ჩინეთშია და ახალი სეზონისთვის ემზადება. იტალიური კლუბი გერმანულ გრანდებთან ამხანაგურ მატჩების გამართავს: 18 ივლისს დორტმუნდის "ბორუსიას" დაუპირისპირდება, ხოლო 22 ივლისს მიუნხენის "ბაიერნს". "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ პრესკონფერენცია გამართა და ვრცლად ისაუბრა:

"კლუბის ახალი მესვეურები ძალიან კარგად მუშაობენ. მათ მოიყვანეს როგორც ახალგაზრდა, ისე გამოცდილი ფეხბურთელები. რამდენიმე მოთამაშე სხვა ჩემპიონატიდანაა და გარკვეული დრო დასჭირდებათ იტალიურ ფეხბურთთან ადაპტაციისთვის. გაცილებით მარტივია ძლიერ ფეხბურთელებთან მუშაობა - ამიტომ, არ ვგრძნობ განსაკუთრებულ ზეწოლას. ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა. გუნდი მოკლე დროში უნდა შეთამაშდეს და სეზონის სტარტი არ უნდა ჩავაგდოთ.

ლეონარდო ბონუჩის და ლუკას ბილიას სახით გამოცდილი ფეხბურთელები მოვიდნენ; ისინი თანაგუნდელებს მეტ თავდაჯერებას შეჰმატებენ. ბონუჩი მსოფლიო კლასის ფეხბურთელია - ტექნიკური თვალსაზრისით, ის და სერხიო რამოსი საუკეთესო მცველები არიან მსოფლიოში. ჩემი ოცნება იყო, რომ ლეოსთან ერთად მემუშავა. დიდი მადლობა კლუბის მესვეურებს: მარკო ფასონეს და მასიმო მირაბელის - მათ შესანიშნავი ფეხბურთელები მოიყვანეს. ვინ იქნება კაპიტანი? - დღეს ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც კაპიტნობა შეუძლიათ.

დავაკვირდები მათ მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში. გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელია და ჯერ არ ვიცი, რომელ ტაქტიკას მივანიჭებ უპირატესობას. ბონუჩის შეუძლია ითამაშოს როგორც ოთხ, ისე სამ მცველში. ჰაქან ჩალანოღლუ უნივერსალური ფეხბურთელია - მას შეუძლია თამაში როგორც ფლანგზე, ისე შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე. ყველაფერი შეკრებაზე გამოჩნდება და ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს".

ბელოტიც მილანში?
"სქაი სპორტ იტალიაში" გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ ანდრეა ბელოტიც "მილანში" გააგრძელებს კარიერას. 23 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ, ლომბარდიული გრანდი "ტორინოს" 50 მილიონ ევროს გადაუხდის და პლუს ორ ფეხბურთელს მისცემს: გაბრიელ პალეტას და მბაიე ნიანგს. თუ იტალიელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, ტურინული კლუბი მზადაა, ეს წინადადება მიიღოს და, რაც მთავარია, თვითონ ფეხბურთელსაც სურს "როსონერიში" გადაბარგება.

"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, "მილანი" აუცილებლად გადაიბირებს ერთ ტოპ-ფორვარდს, მაგრამ ჯერ უცნობია, თუ რომელს: ალვარო მორატას, პიერ-ემერიკ ობამეიანგს თუ ანდრეა ბელოტის? - ამ თემაზე მოკლე კომენტარი კლუბის გენერალურმა დირექტორმა მარკო ფასონემ გააკეთა:

"გუნდის გაძლიერება გრძელდება და ჩვენ ნამდვილად გვჭირდება თავდამსხმელი. მორატა, ობამეიანგი თუ ბელოტი? - სამივე შესანიშნავი ფორვარდია, თუმცა ჩვენ სხვა ფეხბურთელებზეც ვმუშაობთ, რომელთა გვარები მედიაში ჯერ არ გავრცელებული. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული