ტურინის "იუვენტუსი": ეს მხოლოდ დასაწყისია...

AutoSharing Option
"იუვენტუსი" იტალიის თასის მფლობელია - ტურინულმა გრანდმა სეზონში პირველი ტიტული მოიგო. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა მთლიანობაში აჯობა "ლაციოს" (2:0) და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა - "იუვემ" იტალიის თასი ისტორიაში მე-12-ედ მოიგო.

ტურინელებს ტრიპლეტის, ანუ სამმაგი დუბლის შესრულება შეუძლიათ, ასეთი რამ კი "იუვეს" არასდროს გაუკეთებია - მასიმილიანო ალეგრის აქვს შანსი, რომ ოქროს ასოებით ჩაწეროს თავისი გვარი კლუბის ისტორიაში...

სერია A-ს ბოლო სამ ტურში "იუვენტუსმა" მხოლოდ 2 ქულა აიღო და პრესაში მცირე ჩავარდნაზეც კი ალაპარაკდნენ - ეს არც ალეგრიმ დამალა, თუმცა იქვე დაჰპირდა გულშემატკივრებს,
რომ გადამწყვეტ მატჩებს მისი გუნდი სრულ მზადყოფნაში შეხვდებოდა. ასეც მოხდა, "იუვემ" შესანიშნავად ითამაშა, "ლაციოს" კლასის ხარჯზე მოუგო და ამ უქმეებზე, სკუდეტოს გაფორმებას აპირებს - ტურინული გრანდი "კროტონეს" მიიღებს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ჩემპიონიც გახდება.

"იუვეს" დუბლი, პრაქტიკულად, განაღდებული აქვს და წინ 3 ივნისის მატჩია, რომელიც კარდიფში შედგება და რომელშიც "ვეკია სენიორა" მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება. ქვემოთ, ტურინელთა საინტერესო კომენტარებს გაეცნობით...

მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსის" მწვრთნელი): "აქამდე ვამბობდი, რომ ზეიმის დრო არ იყო, რადგან ჯერ არაფერი გვქონდა მოგებული. პირველი ტიტული მოვიგეთ, თუმცა ჯერ კიდევ ვერ ვიცლით ზეიმისთვის, რადგან წინ უაღრესად მნიშვნელოვანი მატჩია, რომელიც "კროტონეს" წინააღმდეგ უნდა გავმართოთ. სკუდეტო უნდა გავიფორმოთ და შემდეგ სრული კონცენტრაცია ჩემპიონთა ლიგის ფინალზე გადავიტანოთ. რამდენად კარგად არის გუნდი მომზადებული ფიზიკურად სეზონის გადამწყვეტი მატჩებისთვის? - სეზონის ფინიშია და ბუნებრივია, რომ ფეხბურთელები ბოლო ძალებს იკრებენ - სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სკუდეტო ამ უქმეებზე მოვიპოვოთ და შემდეგ მთლიანად ჩემპიონთა ლიგის ფინალზე გადავერთოთ".

ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი): "ჩვენი მიზანი ტრიპლეტის შესრულებაა, იტალიის თასის ფინალის წაგება კი ხასიათს გაგვიფუჭებდა. ბედნიერი ვარ, რომ მოვიგეთ და გულშემატკივრები გავახარეთ. პირველ რიგში, ნეტოს ვულოცავ, რომელიც იტალიის თასზე "იუვეს" კარს იცავდა და თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა - ნეტო შეუდარებელი იყო ფინალშიც და მან ეს გამარჯვება დაიმსახურა. ჯერჯერობით, ყველაფერი იდეალურად მიდის და მჯერა, რომ სეზონს ასევე დავასრულებთ".

ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი): "ფინალში გოლის გატანა განსაკუთრებულად სასიამოვნოა და ბედნიერი ვარ, რომ გუნდს შეტევაშიც დავეხმარე. ბრწყინვალე მატჩი იყო, რომელშიც უფრო ძლიერმა გაიმარჯვა. მეტოქე უნდა შევაქო, რომელმაც ღირსეულად იბრძოლა და ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. დროა, "კროტონესთან" მატჩზე გადავერთოთ და სკუდეტო გავოფორმოთ. პირველი ტიტული მოგებულია, თუმცა წინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მატჩებია".

პაულო დიბალა (იუვენტუსი): "ჩვენთვის ყველა ტურნირი უმნიშვნელოვანესია და ამ გამარჯვებამ დიდი სიხარული მოგვიტანა. დღეს დავტკბებით ამ წარმატებით, ხვალიდან კი საქმეს უნდა დავუბრუნდეთ - სეზონის გადამწყვეტი ეტაპია და წინ უაღრესად მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება. იტალიის თასის მოგებამ ჩვენი საბრძოლო განწყობა კიდევ უფრო აამაღლა".

პაველ ნედვედი ("იუვენტუსის" დირექტორი): "ბრავო ალეგრის, ბრავო ფეხბურთელებს და ბრავო გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის გვერდში უდგანან გუნდს. ეს იყო უმნიშვნელოვანესი გამარჯვება, რომელმაც უდიდესი სიხარული მოგვიტანა. ეს მხოლოდ დასაწყისია, წინ სკუდეტო და ჩემპიონთა ლიგის ფინალია - "იუვენტუსი" ახალ ისტორიას წერს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული