მასიმო მირაბელი: "მილანი" უნდა დაბრუნდეს ჩემპიონთა ლიგაზე, ანუ შინ...

AutoSharing Option
"მილანის" სატრანსფერო გეგმებთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება - ერთ-ერთი ვერსიით, მილანელებს მხოლოდ 50 მილიონი ევრო აქვს ზაფხულისთვის და შესაბამისად, გუნდის გაძლიერებას საფუძვლიანად ვერ შეძლებენ.

მეორე ვერსიით, ლომბარდიელები 150 მილიონ ევროს დახარჯავენ და ასეთ შემთხვევაში, რამდენიმე ფეხბურთელის გადაბირება ნამდვილად შეიძლება.

ითქვა ისიც, რომ კლუბის ახალმა მესვეურებმა ტრანსფერებზე 320 მილიონი ევრო გამოჰყვეს და თუ საჭირო გახდა, მთელ ფულს ამავე ზაფხულს დახარჯავენ - ბუნებრივია, ფინანსური ფეარ პლეის პრინციპების გათვალისწინებით. მაინც რას აპირებს მილანური გრანდი? - როგორი იქნება კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა? - ამ თემაზე
"როსონერის" ახალმა სპორტულმა დირექტორმა მასიმო მირაბელიმ ისაუბრა და ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა.

- როგორ გამოიყენებს "მილანი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას?
- ნაყოფიერად და ამაში შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ. დავხარჯავთ იმდენ ფულს, რამდენიც საჭირო იქნება, თუმცა დღეს კონკრეტულ რიცხვებზე სალაპარაკოდ მზად არ ვარ. გულშემატკივრები მშვიდად უნდა იყვნენ, რადგან "მილანი" საიმედო ხელშია.

- ვრცელდება ცნობები, რომ ტრანსფერებისთვის მხოლოდ 50 მილიონი ევრო გაქვთ...
- ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ისე კი, ვფიქრობ, რომ შესაძლებელია 50 მილიონი დახარჯო და გუნდი გააძლიერო, ან 500 მილიონი დახარჯო და გუნდი დასუსტდეს. ყველაფერი ფულით არ იზომება, თუმცა ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ ტრანსფერებში საკმარისი ფული დაიხარჯოს.

- შეგიძლიათ გვითხრათ ერთი კონკრეტული ფეხბურთელი, რომლის გადაბირებაც "მილანს" სურს?
- ფრენკ კესი, რომელსაც "ატალანტაში" კარგი სეზონი აქვს. დასამალი არაა, რომ მისი გადაბირება "რომასაც" უნდა და ჩვენ მოლაპარაკების პროცესში ვართ ჩართულნი. კესის "ატალანტა" 28 მილიონ ევროდ აფასებს, თქვენ კი მეუბნებით, რომ ტრანსფერებისთვის მხოლოდ 50 მილიონი ევრო გვაქვს. ფრენკი ბავშვობიდან "მილანს" გულშემატკივრობს, რაც ძალიან სასიამოვნოა.

- რისთვის იბრძოლებს "მილანი" მომდევნო სეზონში?
- ჩვენი მიზანია, რომ გუნდი რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ჩემპიონთა ლიგაზე. მომდევნო სეზონში საუკეთესო ოთხეულში უნდა მოვხვდეთ და ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის საგზური მოვიპოვოთ.

უეფამ კარგი საჩუქარი გაგვიკეთა, როდესაც იტალიას ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხე კვოტა მიანიჭა და ამას გამოყენება სჭირდება. "მილანისთვის" ჩემპიონთა ლიგა სახლია, ეს ტურნირი 7-ჯერ გვაქვს მოგებული და იქ აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მომენატრა მილანი ჩემპიონთა ლოგაზე. იიფ რა დრო იყოო... მაგრამ ჩვენ დავბრუნდებიით)))
შოთა
15:56 04-05-2017
0

სიახლეები პოპულარული