მილანის "ინტერი": 50 მილიონი ევრო ახალი მწვრთნელისთვის

AutoSharing Option
"ინტერმა" ბოლო 3 მატჩში მხოლოდ 1 ქულა აიღო და კიდევ უფრო გაირთულა ევროსაგზურისკენ მიმავალი გზა. თუ ახლო წარსულში "ნერაძური" ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად იბრძოდა, დღეს მილანელებს ევროპალიგის საგზურიც კი სანატრელი აქვთ.

შესაბამისად, ნდობის მანდატს კარგავს სტეფანო პიოლი და დიდი ალბათობით, ზაფხულში მას მოხსნიან გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან. თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, მილანური გრანდის მესვეურები ზაფხულში ახალი მწვრთნელის მიწვევას და აქტიური სატრანსფერო კამპანიის წარმოებას აპირებენ.

ვინ შეცვლის პიოლის?
როგორც აღვნიშნეთ, სტეფანო პიოლის, დიდი ალბათობით, მოხსნიან, კლუბის მესვეურები კი ახალ მწვრთნელზე აქედანვე ზრუნავენ. "გაძეტას" მტკიცებით, მილანელებისთვის ყველაზე სასურველი ორი კანდიდატია: ანტონიო კონტე, რომელიც დღეს "ჩელსის" წვრთნის და დიეგო სიმეონე, რომელიც "ატლეტიკოს" უდგას სათავეში.

ავტორიტეტული გამოცემა გვარწმუნებს, რომ მილანური კლუბის ბოსებს გუნდის ახალი მწვრთნელისთვის შესანიშნავი პირობები აქვთ გამზადებული: 5-წლიანი კონტრაქტი და 10 მილიონი ევრო სეზონში. შესაბამისად, თუ კონტე ან სიმეონე "ინტერის" გაწვრთნას დათანხმდებიან, 50-მილიონიან კონტრაქტს მოაწერენ ხელს.

იტალიური მედიის პროგნოზით, უფრო მარტივი იქნება სიმეონესთან შეთანხმება, რომელიც უკვე წლებია "ატლეტიკოს" უდგას სათავეში და, წესით, მისთვის ახალი გამოწვევა არ უნდა იყოს უინტერესო.

ერთი ეგაა, რომ დიეგოს მიმართ არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია იჩენს ინტერესს და არის ვარაუდი, რომ ის "ალბისელესტეს" ჩაუდგება სათავეში. რაც შეეხება ანტონიო კონტეს, "ჩელსიში" დიდი მიზნებით ჩავიდა და ასე მალე მის გეგმებში არ უნდა შედიოდეს ლონდონის დატოვება, მაგრამ ვრცელდება ცნობები, რომ იტალიელს ინგლისური კლუბის მესვეურებთან არ აქვს კარგი ურთიერთობა. მოკლედ, "ინტერი" ჩასაფრებულია, თავის შანსს ელოდება და შეეცდება, რომ მომდევნო სეზონისთვის ტოპ-მწვრთნელი დანიშნოს.

სატრანსფერო გეგმები
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ უცნობია, თუ ვინ იქნება მომდევნო სეზონში "ინტერის" მთავარი მწვრთნელი, უკვე აქტიურად საუბრობენ კლუბის ზაფხულის სატრანსფერო გეგმების შესახებ. დასახელდა კონკრეტული გვარები, რომელთა გადაბირებასაც მილანელები შეეცდებიან.

"ნერაძურის" მესვეურთა ინტერესის სფეროში მოექცა ოთხი მცველი: კოსტას
მანოლასი "რომადან", სტეფან დე ვრეი "ლაციოდან", ფაბინიო "მონაკოდან" და მარკინიოსი პსჟ-დან; ასევე, თავდამსხმელი ანდრეა პეტანია "ატალანტადან". ითქვა ისიც, რომ მილანელები ზაფხულის ტრანსფერებისთვის მინიმუმ 150 მილიონ ევროს დახარჯავენ.

ძანეტი: მოვიცადოთ სეზონის ბოლომდე
"გაძეტა დელო სპორტი" "ინტერის" ვიცე-პრეზიდენტ ხავიერ ძანეტის ესაუბრა, რომელმაც როგორც ყოველთვის, დიპლომატიური კომენტარი გააკეთა:

"შეგვიძლია თუ არა უკვე ვთქვათ, რომ "ინტერმა" სეზონი ჩააგდო? - დღეს ამაზე ლაპარაკი არაკორექტულია. დაველოდოთ სეზონის ფინიშს და შემდეგ შევაჯამოთ გუნდის ასპარეზობა. ბუნებრივია, რომ უკეთესად თამაშიც შეიძლებოდა, მაგრამ დღეს მთავარი სეზონის დარჩენილი შეხვედრები და მათი მაღალ დონეზე ჩატარებაა. "ინტერს" ჯერ კიდევ შეუძლია ევროსაგზურის მოპოვება და სწორედ ამაზე უნდა მოვახდინოთ სრული კონცენტრაცია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული