მილანური დერბის წინ: რას ფიქრობენ "მილანის" ბანაკში

AutoSharing Option
სერია A-ს წინა ტური წარმატებული გამოდგა "მილანისთვის" - ვინჩენცო მონტელას გუნდმა "პალერმო" გაანადგურა და, რადგან "ინტერმა" დათმო თავისი შეხვედრა, სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე აინაცვლა.

მილანური გუნდები ევროპალიგის საგზურისთვის იბრძვიან, რისთვისაც საუკეთესო ხუთეულში მოხვედრაა საჭირო, თუმცა, შესაძლოა, ევროპის რანგით მეორე ტურნირზე მე-6 ადგილითაც გავიდნენ - ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ იტალიის თასს "იუვენტუსი" მოიგებს, რომელიც ყველა შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

მოკლედ, დიდია შანსი, მე-6 ადგილიც ევროპალიგაზე გამსვლელი იყოს, საუკეთესო ექვსეულში მოსახვედრად კი დიდი ბრძოლაა გაჩაღებული. "ლაციოს" კარგი სეზონი აქვს და მეოთხე
ადგილზეა გამაგრებული, იქვე ახლოა სეზონის სენსაცია "ატალანტა", პლუს მილანური გუნდები და ალბათ, არც "ფიორენტინას" დავიწყება შეიძლება. მონტელამ "მილანის" შანსები შეაფასა, მოახლოებულ მილანურ დერბიზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა...

გზა ევროსაგზურისკენ
ჩემთვის მთავარია, რომ "მილანმა" ევროსაგზური მოიპოვოს და არა ის, რომ სერია A-ს მიმდინარე გათამაშება "ინტერზე" მაღლა დაასრულოს. ასეთი თემებით შესაძლოა გულშემატკივრები ერთობიან, მაგრამ მე მწვრთნელი ვარ და კონკრეტული მიზანი მაქვს დასახული. გასულმა ტურმა კიდევ ერთხელ დამანახა, რომ სწორი გზით მივდივართ და ეს გზა ევროსაგზურამდე მიგვიყვანს. რა თქმა უნდა, მეც ძალიან მინდა ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩვენი მიზანი ევროპალიგაზე გასვლა და შემდეგ იქ წარმატებული თამაშია.

მილანური დერბი
მილანური დერბი განსაკუთრებული მატჩია და მით უმეტეს მაშინ, როდესაც გუნდები უშუალო კონკურენტები არიან. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სასწორზე 6 ქულა დევს და გამარჯვებული დიდ ნაბიჯს გადადგამს საბოლოო მიზნამდე. "ინტერი" საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ ითამაშებს და შეეცდება, რომ "კროტონესთან" მარცხის გამო რეაბილიტაცია მოახდინოს. ჩვენი მხრივ, ქულების დაკარგვის უფლება არ გვაქვს და მხოლოდ მოსაგებად გავალთ მინდორზე. ვფიქრობ, წინ უაღრესად დაძაბული და საინტერესო მატჩი გველოდება.

მომავალი
პრესაში ხშირად წერენ "მილანიდან" ჩემი შესაძლო აბარგების შესახებ და იმასაც ამბობენ, რომ შემცვლელად რობერტო მანჩინი მოიაზრება. სიმართლე გითხრათ, ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ და მხოლოდ საქმეზე ვარ კონცენტრირებული. კლუბის მესვეურებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და მათგან მხოლოდ ნდობას ვგრძნობ. შევხვდი აზიელ ინვესტორებსაც და სამომავლო თანამშრომლობის დეტალებზე ვისაუბრეთ - მათაც სრული მხარდაჭერა გამომიცხადეს და ამ ფონზე, პრესაში გავრცელებული ცნობები ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა.

სატრანსფერო პოლიტიკა
ჩვენი მიზანია, რომ "მილანი" ჯერ იტალიაში იბრძოდეს უმაღლესი მიზნისთვის და შემდეგ ევროპული ფეხბურთის ელიტას დაუბრუნდეს. ამისთვის ტრანსფერებია საჭირო და ზაფხულს ოპტიმისტური განწყობით ველოდებით.

მართალია, მე მჯერა იმ ფეხბურთელების, რომლებიც დღეს გუნდში მყავს, მაგრამ გაძლიერება რომ აუცილებელია, ცხადზე უცხადესია. ამასთან, არაა აუცილებელი, ყველა ფეხბურთელში კოლოსალური თანხა დახარჯო, მაგრამ საერთაშორისო მასშტაბის კონკურენტუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება ტრანსფერების და შესაბამისად, დანახარჯების გარეშე შეუძლებელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული