მათხოვრობა, მონობა და... სერია A - მამადუ კულიბალის საოცარი გზა

AutoSharing Option
"პესკარა"-"მილანის" შეხვედრაში, მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა 18 წლის სენეგალელ ნახევარმცველ მამადუ კულიბალის.

მატჩის შემდეგ, მამადუ იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს ესაუბრა და მის მეტად საინტერესო და სირთულეებით აღსავსე ცხოვრებას ახადა ფარდა. კულიბალის ამბავი ნათელი დასტურია იმის, რომ თუ მოინდომებ და ძალღონეს არ დაიშურებ, ყველაფერი გამოგივა...

სახლიდან გაქცევა
სენეგალში დავიბადე და ბავშვობა სწორედ იქ გავატარე. ჩემი მშობლები ბევრს შრომობდნენ, რომ მე და ჩემს ორ დას არაფერი მოგვკლებოდა.

მე მხოლოდ ფეხბურთი მაინტერესებდა, მამაჩემი კი თამაშს მიშლიდა და მუდმივად იმას მიმეორებდა, რომ მხოლოდ კარგი განათლებით
შევძლებდი მომავალში საკუთარი თავის რჩენას.

16 წლის ვიყავი, როდესაც ყელში ამომივიდა სწავლა და ევროპაში გადავწყვიტე გაქცევა. ამის შესახებ მხოლოდ ჩემს მეგობარს ვუთხარი, მშობლებმა კი ბუნებრივია, არაფერი იცოდნენ. მობილური ტელეფონი გავთიშე და ავტობუსზე დავჯექი, რომელიც დაკარიდან მაროკოში მიდიოდა. მშობლებმა ჩემს შესახებ 4 თვის განმავლობაში არაფერი იცოდნენ და ჩათვალეს, რომ ცოცხალი აღარ ვიყავი.

მაროკოდან საფრანგეთში
რამდენიმე კვირის განმავლობაში, მაროკოს პორტში მეძინა და ვეძებდი შანსს, როგორმე ევროპაში გადავსულიყავი. პერიოდულად შავ სამუშაოს ვასრულებდი, რომ საჭმლის ფული მეშოვნა, მაგრამ ყოფილა ისეთი დღეებიც, როდესაც მათხოვრობა მიწევდა. ერთ დღეს, ქუჩაში სკამზე მეძინა, როდესაც კარგად ჩაცმული კაცი გამომელაპარაკა და მკითხა, თუ რას ვაკეთებდი მაროკოში - ვუთხარი, რომ ევროპაში მსურდა გადასვლა და დახმარებას დამპირდა.

რამდენიმე დღეში 20 აფრიკელთან ერთად მცირე ზომის გემით ესპანეთში აღმოვჩნდი და შემდეგ, საფრანგეთში გადავედით. საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში დღე და ღამე ვშრომობდი, რომ საჭმლის ფული მეშოვნა და როდესაც თავისუფალი დრო მქონდა, საფეხბურთო სკოლებში გავრბოდი, რომ სინჯები გამეარა.

ზედაც არავინ მიყურებდა და თანაც, ფიზიკურად ისე ვიყავი დასუსტებული, რომ ვერავის წარმოედგინა ჩემი ფეხბურთელობა. საფრანგეთში გატარებული დღეები ცუდად მახსენდება, რადგან ეს იყო მონობა, რომელშიც ცენტებს გვიხდიდნენ.

საფრანგეთიდან იტალიაში
საფრანგეთში ერთ იტალიელს შევხვდი, რომელმაც თავი საფეხბურთო სკაუტად გამაცნო და მაშინვე ვუთხარი, რომ ევეროპაში სწორედ ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედი. სანაპიროზე იხილა ჩემი თამაში და მაშინვე შემომთავაზა ლივორნოში წასვლა, სადაც რომელიმე გუნდში მოწყობას შემპირდა.

ყურებს არ ვუჯერებდი, როდესაც ეს სიტყვები მოვისმინე და რა თქმა უნდა, მასთან ერთად გავემგზავრე იტალიაში. ლივორნოს ერთ-ერთ სამოყვარულო გუნდში ვივარჯიშე, მეორე დილით კი გავიღვიძე და ჩემი იტალიელი მეგობარი ვეღარსად ვიპოვე - ასე აღმოვჩნდი მარტო იტალიაში და თანაც ისე, რომ იტალიურად ერთი სიტყვაც კი არ ვიცოდი. ამ მხრივ, საფრანგეთში უფრო კომფორტულად ვგრძნობდი თავს, რადგან ენის ბარიერი მაინც არ მქონდა.

რთულად დასაჯერებელია, მაგრამ რამდენიმე თვე ქუჩაში მეძინა და თავი მათხოვრობით გამქონდა. ზოგჯერ ფულს მაძლევდნენ და ზოგჯერ საკვებს, რაც მეხმარებოდა თავის გატანაში. ვეღარც სინჯებზე დავდიოდი, რადგან ევროპაში ერთი რუგზაკით წამოსულს აღარც სპორტული ინვენტარი მქონდა, რომ სადმე მივსულიყავი. ლივორნოში ჩვეულებრივ მათხოვრად ვიქეცი, რომელიც ქუჩაში ხელგაწვდილი იჯდა.

ახდენილი ოცნება
ოცნებები არა მარტო ჰოლივუდში, იტალიაშიც ხდება და ჩემი ისტორია ამის ნათელი მაგალითია. ლივორნოში ქუჩაში ცხოვრებისას, გავიცანი ჩემსავით გაჭირვებული აფრიკელი, რომელმაც გაიგო ჩემი ფეხბურთისადმი სიყვარულის შესახებ და პესკარაში მირჩია გამგზავრება, სადაც ბევრი სენეგალელი შეკრებილიყო. მითხრა, რომ საფეხბურთო კლუბ "პესკარაში" ერთბაშად რამდენიმე სენეგალელი ასპარეზობდა და იქნებ როგორმე მათთვის მიმეწვდინა ხმა.

ბილეთის გარეშე ავძვერი მატარებელზე და გავემგზავრე პესკარაში, სადაც რამდენიმე დღე გუნდის საწვრთნელ ბაზასთან ვიჯექი, რომ რომელიმე ჩემი თანამემამულე გამომეჭირა. ასეც მოხდა, ჩემმა დიდმა მონდომებამ თავისი გაიტანა და ერთ მშვენიერ დღეს, "პესკარას" ასაკობრივ გუნდში სინჯებზე დამიბარეს.

ჩემმა თანამემამულეებმა სპორტული ინვენტარი მომცეს და დათქმულ დროს, ბაზაზე მივედი. მას შემდეგ, ჩემი ოცნების რეალიზება დაიწყო, მწვრთნელებს ჩემი თამაში მოსწონდათ, 2017 წლის 2 აპრილს კი სერია A-ში მქონდა დებიუტი, ჩემს წინააღმდეგ კი თვით "მილანი" იდგა, ჩემპიონთა ლიგის 7-გზის გამარჯვებული გუნდი - ჩემს წინ "მილანი" იდგა, რომლის თამაშებსაც სენეგალში ვუყურებდი და მთელი გულით ვგულშემატკივრობდი.

როდესაც მოედანზე გავედი და საპირისპირო მხარეს "მილანის" ფეხბურთელები დავინახე, ყელში ბურთი გამეჩხირა და ცრემლები მომაწვა - გამახსენდა გზა დაკარიდან პესკარამდე, ხელგაწვდილი მათხოვრობა და ქუჩაში გათენებული ძალიან, ძალიან ბევრი ღამე...

ოჯახი
უკვე ორი წელია, რაც ოჯახის წევრები არ მინახავს, თუმცა მათთან ყოველდღიური კავშირი მაქვს. მამაჩემმა ბოდიში მომიხადა, რომ არ სჯეროდა ჩემი და რომ არ მომცა სენეგალში ფეხბურთის თამაშის საშუალება. დედა და დები განსაკუთრებულად მენატრებიან და ერთი სული მაქვს როდის ჩამოვიყვან მათ იტალიაში.

უკვე სრულწლოვანი ვარ, "პესკარამ" კი ახალი კონტრაქტი შემომთავაზა, რომელიც მომცემს საშუალებას მთელი ოჯახით ამ ულამაზეს ქალაქში ვიცხოვრო.

და ერთიც, ვერასდროს ჩავუვლი გულგრილად გვერდს ქუჩაში ხელგაწვდილ ადამიანს, რადგან არასდროს დამავიწყდება გზა, რომელიც გავიარე...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
არასდროს დანებდე
never say never
19:55 09-04-2017
0
Tirili minda mxolod aseti ketili sashvaleba amartlebs mizans
Optimisti
17:51 08-04-2017
0

სიახლეები პოპულარული