იტალიის ნაკრები: რჩევები "სკუადრა აძურას" მესაჭეს

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებმა ჯერ ალბანეთი დაამარცხა, შემდეგ კი ჰოლანდიის ნაკრები და დასახულ მიზანს განსაკუთრებული პრობლემების გარეშე მიაღწია.

სანამ იტალიური საფეხბურთო სამყარო საკლუბო ბატალიებში ჩაეფლობა, "გაძეტა დელო სპორტი" კიდევ ერთხელ მიუბრუნდა სანაკრებო თემას და "სკუადრა აძურას" მთავარი მწვრთნელისთვის რამდენიმე რჩევა გაიმეტა...

ვეტერანებზე უარის თქმა არ შეიძლება
ჰოლანდიასთან შეხვედრაში დაცვის ცენტრში ლეონარდო ბონუჩისთან ერთად, ახალგაზრდა მცველები: დანიელე რუგანი და ალესიო რომანიოლი ვიხილეთ. მართალია, მთლიანობაში ახალგაზრდებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, მაგრამ რამდენიმე უხეში შეცდომაც დაუშვეს, ერთ-ერთს კი იტალიის ნაკრების კარში გატანილი ავტოგოლი მოჰყვა, რომელიც რომანიოლის ანგარიშზეა.

ამ ეტაპზე, არ შეიძლებას უარის თქმა ვეტერანებზე: ანდრეა ბარძალისა და ჯორჯო კიელინიზე, რომლებსაც მსგავსი შეცდომები არ ახასიათებთ. მუნდიალის შემდეგაც, არაა აუცილებელი, რომ ეროვნული გუნდი ერთიანად გაახალგაზრდავდეს და ვეტერანებისთვის კარი ჩაიკეტოს.

რამდენიმე ფეხბურთელისთვის ეროვნული გუნდი ჯერ ადრეა
ჰოლანდიასთან მატჩის მეორე ნახევარში მოედანზე ანდრეა პეტანია გამოჩნდა, რომელიც ჯერ მხოლოდ 21 წლისაა და "ატალანტაში" კარგი სეზონი აქვს. პეტანიას გაუჭირდა თამაშში ჩართვა და ვერ გააძლიერა "სკუადრა აძურას" შეტევითი ხაზი. ჯერ კიდევ ვარჯიშებზე ჩანდა, რომ პეტანიას გარდა, სანაკრებო მოთხოვნას ვერც სიმონე ვერდი და მატეო პოლიტანო აკმაყოფილებდნენ.

უმჯობესია, რომ ეს ფეხბურთელები ჯერ თავიანთ გუნდებში გაიზარდონ და შემდეგ მიეცეთ სანაკრებო შანსი. უცნაურია, რომ ვენტურამ გამოიძახა პოლიტანო და ვერდი, ხოლო კარგ ფორმაში მყოფი სტეფან ელ შაარავი თამაშგარეში დატოვა.

დარმიანი იტალიაში უნდა დაბრუნდეს
ჰოლანდიასთან შეხვედრაში მარცხენა ფრთას მატეო დარმიანი ამაგრებდა და მოვალეობას თავი შესანიშნავად გაართვა. დარმიანი ფაქტობრივად უშეცდომო იყო, განსაკუთრებით კი დაცვით ფაზაში თამაშისას. შეგახსენებთ, რომ მატეოს ანალოგიური წარმატებით შეუძლია მარჯვენა ფლანგზე თამაშიც.

მას შემდეგ, რაც "მამჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გახდა, დარმიანს მცირე სათამაშო დრო ეძლევა და კარგი იქნება თუ მატეო იტალიაში დაბრუნდება. დარმიანის მიმართ რამდენიმე კლუბი იჩენს ინტერესს, მათ შორის "ინტერი" და "ნაპოლი". კარგი იქნება თუ ასეთი თემებით ვენტურაც დაინტერესდება და თვოთონაც მისცემს რჩევებს იტალიის ნაკრების ფეხბურთელებს და კანდიდატებს.

ვერატი გამთამაშებლად
3-5-2 ტაქტიკის პირობებში, იტალიის ნაკრების ნახევარდაცვის ცენტრი დანიელე დე როსიმ, მარკო ვერატიმ და მარკო პაროლომ გაამაგრეს. იყო მონაკვეთები, როდესაც ვერატი შედარებით წინ ადიოდა და გამთამაშებლის როლში გვევლინებოდა, პერიოდულად კი სიღრმეში ჩადიოდა და საყრდენი ნახევარმცველის ფუნციებს ასრულებდა. როდესაც ვერატი პლეიმეიქერის პოზიციაზე ირჯებოდა, იტალიელთა თამაში იყო უფრო დალაგებული, დამაჯერებელი და სახიფათო შეტევით ფაზაში. მარკოს ზურგზე 10 ნომერი აწერია და მას შეუძლია გახდეს იტალიის ნაკრების დირიჟორი, ნამდვილი ლიდერი.

ედერი ჯერ ისევ საჭიროა
ალბანეთთან მატჩში იტალიის ნაკრების თავდასხმის ხაზში ჩირო იმობილე და ანდრეა ბელოტი მოქმედებდნენ, ჰოლანდიასთან კი იმობილეს მარტინს ედერი შეუწყვილდა. "ინტერის" თავდამსხმელმა კოლოსალური სამუშაო შეასრულა და რაც მთავარია, შესანიშნავი გოლი გაიტანა. ედერი უკვე 30 წლისაა და მომავლის ფეხბურთელს მას ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს, მას შეუძლია "სკუადრა აძურასთვის" დიდი სარგებლის მოტანა.

როგორც ლეგენდარული მწვრთნელი ვიტორიო პოცო იტყოდა: თუ ორიუნდებს შეუძლიათ ომში მოკვდნენ იტალიისთვის, რატომ არ შეუძლიათ მათ ითამაშონ იტალიის ეროვნულ ნაკრებში? - შეუძლიათ და თამაშობენ კიდეც...

3-5-2 ესპანეთთან
ალბანეთთან მატჩში ვენტურამ 4-2-4 ტაქტიკა შეარჩია და ძირითად შემადგენლობაში ერთბაშად ოთხი გამოკვეთილი შემტევი გაამწესა - ფლანგებზე ანტონიო კანდრევა და ლორენცო ინსინიე, ხოლო შეტევის წინა ხაზზე ანდრეა ბელოტი და ჩირო იმობილე.

ჰოლანდიასთან "სკუადრა აძურამ" 3-5-2 სქემით ითამაშა, რამაც აშკარად გაამართლა - იტალიელები ცენტრში სჯობდნენ მეტოქეს და მთლიანობაში, უპირატესობით წარმართეს პაექრობა. 3-5-2 ტაქტიკა მოქნილია და ადვილად ტრანსფორმირდება - დაცვით ფაზაში ვიღებთ 5-3-2 სქემას, რა დროსაც პრაქტიკულად აღარ რჩება თავისუფალი ზონები დაცვაში.

კარგია შემტევი იტალია, რომელსაც ძირითადში ოთხი თავდამსხმელი ჰყავს, მაგრამ ძლიერ გუნდებთან 3-5-2 უფრო ლოგიკური და მიზანშეწონილია. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, იტალიას ექნება გადამწყვეტი თამაში ძლიერ მეტოქესთან და იქ, 3-5-2 აჯობებს - 2 სექტემბერს, "სკუადრა აძურა" ესპანეთს ესტუმრება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული