სერია A: ბომბარდირები პატარა კლუბებიდან

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების ბომბარდირთა დავას სათავეში ანდრეა ბელოტი უდგას, რომელიც "ტორინოში" ირჯება და 28 ტურის შემდეგ, 22 გოლი აქვს გატანილი.

ტურინული გუნდი სატურნირიო ცხრილში მე-10 ადგილზეა და არასტაბილურად ასპარეზობს, თუმცა ბელოტის ეს არ უშლის ხელს გოლების გატანაში.

ბევრი ფორვარდის გახსენება შეიძლება გასული საუკუნის ბოლო ათწლეულიდან მოყოლებული, რომლებიც სერია A-ს საშუალო დონის გუნდებში ასპარეზობდნენ და ჩემპიონატის ბომბარდირები ხდებოდნენ. გავიხსენოთ ეს ფეხბურთელები და გავეშუროთ ახლო წარსულში...

დარიო უბნერი
2001-2002 წლების სეზონი
პიაჩენცა, მე-12 ადგილი
33 მატჩი - 24 გოლი

დარიო უბნერს
მთელი კარიერა პროვინციულ გუნდებში აქვს გატარებული, ყველაზე კარგად კი "პიაჩენცასა" და "ბრეშაში" ასპარეზობით დაგვამახსოვრა თავი. სწორედ "პიაჩენცას" ღირსებას იცავდა 2001-2002 წლების სეზონში, როდესაც 24 გატანილი გოლით ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა. უბნერმა "ოქროს ბუცი" დავიდ ტრეზეგესთან გაიყო, უკან კი ისეთი ფორვარდები მოიტოვა, როგორებიც კრისტიან ვიერი, მარკო დი ვაიო, ალესანდრო დელ პიერო და ანდრეი შევჩენკო იყვნენ.

კრისტიანო ლუკარელი
2004-2005
ლივორნო, მე-9 ადგილი
36 მატჩი - 24 გოლი

კრისტიანო ლუკარელის გაჰქონდა ყველგან, სადაც კი თამაშობდა, კარიერის საუკეთესო წლები კი მაინც "ლივორნოში" გაატარა. 2004-2005 წლების სეზონში, ლუკარელიმ 24 გოლი შეაგდო, ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა და მისი გოლების წყალობით, გუნდმა საუკეთესო ათეულში დაიმკვიდრა ადგილი.

ალბერტო ჯილარდინო
2004-2005
პარმა, მე-18 ადგილი
38 მატჩი - 23 გოლი

უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ იმავე სეზონში, ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გავიდა ფეხბურთელი, რომლის გუნდმაც ჩემპიონატში მე-18 ადგილი დაიკავა და სერია B-ში გავარდა. ალბერტო ჯილარდინომ "პარმას" შემადგენლობაში 38 მატჩი გამართა, 23 გოლი შეაგდო და შემდეგ, "მილანში" გადაბარგდა, სადაც შედარებით ნაკლები წარმატებით იასპარეზა.

დავიდ სუაზო
2005-2006
კალიარი, მე-14 ადგილი
37 მატჩი - 22 გოლი

კარიერის საუკეთესო წლების სერია A-ში გაატარა, "კალიარიში" კი უბრალოდ შეუდარებელი იყო. 2005-2006 წლების სეზონში, სარდინიულმა გუნდმა შეინარჩუნა ადგილი იტალიის ელიტარულ ლიგაში, რაც მეტწილად დავიდ სუაზოს 22 გატანილი გოლის დამსახურება იყო.

დიეგო მილიტო
2008-2009
ჯენოა, მე-5 ადგილი
31 მატჩი - 24 გოლი

პირველი იტალიური გუნდი, სადაც დიეგო მილიტომ გაიბრწყინა, არა "ინტერი", არამედ "ჯენოა" იყო, რომელიც დიდწილად, სწორედ არგენტინელი ფორვარდის წყალობით, ლიდერებში გაერია, 2008-2009 წლების სეზონი კი სულაც მე-5 ადგილზე დაასრულა. მილიტომ 31 მატჩში 24 გოლი შეაგდო, რაც შესანიშნავი შედეგი გახლდათ. სწორედ ამით მიიქცია "ინტერის" მესვეურთა ყურადღება, მილანურ გრანდში აღმოჩნდა და 2010 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში დუბლი შეასრულა.

მარკო დი ვაიო
2008-2009
ბოლონია, მე-17 ადგილი
38 მატჩი - 24 გოლი

2008-2009 წლების სეზონში, "ბოლონია" მხოლოდ ერთი საფეხურით აცდა გასავარდნ ზონას და შეინარჩუნა ადგილი სერია A-ში, რაც მარკო დი ვაიოს ფენომენალური თამაშის დამსახურება გახლდათ. "ბოლონია" იყო დი ვაიოს ბოლო გაჩერება იტალიაში და შემდეგ, კარიერა კანადაში გააგრძელა.

ანტონიო დი ნატალე
2009-2010
უდინეზე, მე-15 ადგილი
35 მატჩი - 29 გოლი

"უდინეზეს" ნამდვილი ლეგენდა, რომელსაც ფრიულური გუნდის შემადგენლობაში 385 მატჩი აქვს ჩატარებული და 191 გოლი გატანილი. 2009-2010 წლების სეზონში მართლაც შეუდარებელი იყო, როდესაც 35 მატჩში 29 გოლი გაიტანა და ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა. შედეგად, დი ნატალე იტალიის ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს და მსოფლიოს ჩემპიონატზეც გაემგზავრა.

ბუნებრივია, დი ნატალეს ბევრი წარმატებული სეზონი ჰქონდა: 2010/2011 წლების სეზონში 36 თამაშში 28 გოლი შეაგდო; 2011/2012 წლების სეზონში 36 მატჩი გამართა და 23 გოლი გაიტანა, 2012-2013 წკების სეზონში კი მის ანგარიშზე 33 მატჩში გატანილი 23 გოლია.

ჩირო იმობილე
2013-2014
ტორინო, მე-7 ადგილი
33 მატჩი - 22 გოლი

ჩირო იმობილემ პირველად "პესკარას" შემადგენლობაში გაიბრწყინა, შემდეგ კი "ტორინოში" გადაბარგდა და 2013-2014 წლების სეზონში ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა 22 გატანილი გოლით. იმობილე შესანიშნავ ტანდემს ქმნიდა ალესიო ჩერჩისთან და მათი დამსახურება გახლდათ, რომ ტურინულმა გუნდმა ჩემპიონატში მე-7 ადგილი დაიკავა.

შემდეგ, იმობილე გერმანიაში გადაბარგდა და დორტმუნდის "ბორუსიას" ვერ მოერგო, რასაც კიდევ ერთი წარუმატებელი ტრანსფერო მოჰყვა "სევილიაში". დღეს, ჩირო "ლაციოში" ირჯება და სერია A-ს მიმდინარე გათამაშების ბომბარდირთა დავაშია ჩაბმული 17 გატანილი გოლით.

ლუკა ტონი
2014-2015
ვერონა, მე-13 ადგილი
38 მატჩი - 22 გოლი

უკვე ვეტერან ლუკა ტონის "ვერონაში" მეორე სუნთქვა გაეხსნა, 2014-2015 წლების სეზონი კი მართლაც ფენომენალურად ჩაატარა. ლუკამ და მაურო იკარდიმ 22-22 გოლი გაიტანეს და გაიყვეს ჩემპიონატის ბომბარდირის სტატუსი. ტონიმ ისეთი ფორვარდები მოიტოვა უკან, როგორებიც კარლოს ტევესი, გონსალო იგუაინი და მიროსლავ კლოზე გახლავთ. ბუნებრივია, ტონის სხვა არაერთი წარმატებული სეზონი ჰქონდა იტალიაში: 2004/2005 წლების სეზონში, "პალერმოს" შემადგენლობაში 20 გოლი შეაგდო და ამდენივე გაიტანა 2013/2014 წლების სეზონში უკვე "ვერონას" შემადგენლობაში.

სხვები
სერია A-ს კიდევ ბევრი გოლეადორი ახსოვს პატარა გუნდებიდან, რომლებიც ორი სიტყვით გავიხსენოთ... 2005-2006 წლების სეზონში, ფაბიო ტავანომ "ემპოლის" შემადგენლობაში 19 გოლი შეაგდო. ერთი წლის შემდეგ, ისე მოხდა, რომ სერია A-ს ბომბარდირებში პირველი 6 ფეხბურთელი იტალიელი გახლდათ - მათ შორის, კრისტიან რიგანო "მესინადან" (19), როლანდო ბიანკი "რეჯინადან" (18), ნიკოლა ამორუზო ასევე "რეჯინადან" (17) და ჯონათან სპინეზი "კატანიადან" (17). 2007-2008 წლების სეზონში მარკო ბორიელომ გაიბრწყინა და "ჯენოას" რიგებში 19 გოლი შეაგდო.

2009-2010 წლების სეზონში, ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა ფაბრიციო მიკოლის, რომელმაც 19 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავა მესამე ადგილზე დაასრულა. ამდენივე გოლი შეაგდო როდრიგო პალასიომ "ჯენოას" მაისურით და ეს ამბავი უკვე 2011-2012 წლების სეზონში ხდებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული