რა გალაპარაკებდა! - დე ლაურენტისის კრიტიკა და სარის პასუხი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, "რეალთან" განცდილი მარცხის შემდეგ "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი აღშფოთებული იყო და ეს არც ჟურნალისტებთან დაუმალავს.

შეგახსენებთ, რომ ნეაპოლელებმა გახსნეს ანგარიში მადრიდში, მაგრამ შემდეგ სამი გოლი გაუშვეს. დე ლაურენტისი უკმაყოფილო დარჩა გუნდის თამაშით და მკაცრად გააკრიტიკა როგორც მწვრთნელი, ისე ფეხბურთელები. ამ და სხვა თემებზე სენიორ აურელიომ "გაძეტა დელო სპორტთან" ვრცლად ისაუბრა:

გუნდს აკლდა ნეაპოლური სული
ეს იყო საშინელი თამაში, რომელმაც ძალიან დამწყვიტა გული. "ნაპოლის" აკლდა ნეაპოლური სული, ხასიათი და ეს თვალშისაცემი გახლდათ. ერთადერთი გამონაკლისი ლორენცო
ინსინიეა, რომელიც ნეაპოლელია და რომელმაც შესანიშნავი გოლი გაიტანა. დანარჩენები უბრალოდ არ იყვნენ მოედანზე და მათ პირწმინდად ჩააგდეს თამაში.

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "ნაპოლის" ფეხბურთელები მოკრძალებით უყურებდნენ "რეალის" ვარსკვლავებს და ეშინოდათ მათი. უნდა ვაღიარო, რომ გაგვიმართლა, რადგან შეგვეძლო 5 ან 6 ბურთის სხვაობით წაგება. არადა, "რეალმა" დიდი ვერაფერი ფეხბურთი ითამაშა და თავმოყვარე გუნდი მათთან არ წააგებდა.

მწვრთნელის შეცდომები
არ მიყვარს მწვრთნელის კრიტიკა, მაგრამ არის მომენტები, როდესაც რთულია, პოზიცია არ დააფიქსირო. არასდროს ჩავრეულვარ მწვრთნელის კომპეტენციაში და არც ჩავერევი, მაგრამ მე მაქვს ჩემი მოსაზრებები. ვფიქრობ, გუნდი უფრო მრავალფეროვანი უნდა იყოს ტაქტიკურ-სტრატეგიული კუთხით და არ იყოს დამოკიდებული ერთ სქემაზე.

არ ვიტყვი, რომ დღეს ძირითად შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო არკადიუშ მილიკი ან ლეონარდო პავოლეტი, მაგრამ ფაქტია, რომ სეზონი გადამწყვეტ ეტაპზე შედის, ახალწვეულებს კი, პრაქტიკულად, არ უწევთ თამაში. ეს რომ მცოდნოდა, მათ ტრანსფერებში დახარჯულ ფულს სხვა მიმართულებით გამოვიყენებდით. მარცხისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ, უნდა ვისწავლოთ და დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ.

საპასუხო მატჩი
მჯერა, რომ ნეაპოლში სულ სხვა თამაში იქნება და არც იმას გამოვრიცხავ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. მთავარია, რომ გოლი არ გავუშვათ, თორემ შემდეგ მოიშლება გუნდი. ფეხბურთელებმა უნდა გაითავისონ, რომ ისინი "ნაპოლის" ღირსებას იცავენ და ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ.

ფეხბურთს ბავშვობიდან ვუყურებ, ბევრი დიდი გუნდი მინახავს და მერწმუნეთ, ეს "რეალი" არაა ისეთი ძლიერი, როგორც ბევრს ჰგონია. უნდა ვირწმუნოთ საკუთარი ძალების, დაცვაში შეცდომები არ დავუშვათ და ორ გოლს აუცილებლად გავიტანთ. მიუხედავად განვლილი უსახური მატჩისა, მაინც ვინარჩუნებ ოპტიმიზმს.

სარის პასუხი
"ნაპოლის" პრეზიდენტს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ უპასუხა და ასევე ვრცელი კომენტარი გააკეთა:

"თუ პრეზიდენტს დავუჯერებთ, საშინელი თამაში ვაჩვენეთ, მაგრამ პირადად მე, განსხვავებული მოსაზრება მაქვს. ითამაშო ასეთ სტადიონზე ასეთი გუნდის წინააღმდეგ, ეს დიდი გამოცდა და დიდი გამოწვევაა ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის. მათ ვერ გამოავლინეს საუკეთესო შესაძლებლობები და, რა თქმა უნდა, ჩვენ მეტი შეგვიძლია, მაგრამ იყო ეპიზოდები, როდესაც არაფერში ჩამოვრჩებოდით მადრიდულ გრანდს.

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ჩვენი მეტოქე "რეალი" იქნებოდა, ამ გუნდის ყველა თამაშს ვუყურე და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს იყო მადრიდელთა საუკეთესო მატჩი ბოლო სამ თვეში. ეს მაშინ, როდესაც ჩვენ ვერ გამოვავლინეთ საუკეთესო თვისებები. ამიტომ საპასუხო მატჩის წინ მაქსიმალური მობილიზება, კონცენტრირება და ამასთან, რისკიანი თამაში გვმართებს.

ჩვენ შევეცდებით, რომ მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გავუტანოთ, მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ ამის გაკეთება ურთულესი იქნება. პრეზიდენტის კრიტიკა შემადგენლობასთან დაკავშირებით? - შეიძლება მას ჰქონდეს საკუთარი მოსაზრებები, მაგრამ სჯობს, რომ ეს პირადად მითხრას და არა მედიის საშუალებით. სიამოვნებით მოვისმენ ყველა რჩევას, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მე მივიღებ. ვერავის მივცემ იმის უფლებას, რომ ჩემს კომპეტენციაში ჩაერიოს და დე ლაურენტისმა ეს კარგად იცის.

ჩემთვის კრიტიკა მისაღებია, მაგრამ არა ამ ფორმით - ყველა შემთხვევაში ჯობდა, რომ ასეთ თემებზე პირისპირ გვესაუბრა. კონფლიქტი? - არ ღირს თემის დრამატიზება, რადგან შევხვდები პრეზიდენტს და დარწმუნებული ვარ, რომ გამოვნახავთ საერთო ენას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მართალია ლაურენტისი, საშინელი ფეხბურთი ითამაშა ნაპოლიმ, ალბათ გამოუცდელობამ იმოქმედა. ნეაპოლში სულ სხვა ნაპოლის ველოდები, რომელიც იმედია რეალს გამოაგდებს )
dato
16:25 17-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული