რატომ იკლო სერია A-ს მატჩებზე გულშემატკივართა რაოდენობამ?

AutoSharing Option
2016/17 წლების სეზონში, ბუნდესლიგის მატჩებს საშუალოდ 43 000 მაყურებელი ესწრება და ამ მხრივ, გერმანელები კვლავაც ინარჩუნებენ ლიდერის როლს ევროპაში. მეორე ადგილზე ინგლისის პრემიერლიგაა, რომლის მატჩებსაც საშუალოდ 36 461 გულშემატკივარი სტუმრებს.

მესამე ადგილი ესპანელებს უკავიათ, რადგან ლა ლიგის მატჩებს საშუალოდ 28 568 ქომაგი ესწრება. სერია A მეოთხე ადგილზეა, რომლის მატჩებზე საშუალოდ 21 833 ტიფოზი იკრიბება. იქვე ახლოა საფრანგეთი, რომლის უმაღლესი ლიგის თამაშებსაც საშუალოდ 20 896 გულშემატკივარი ესწრება.

იტალიის სერია A მკვეთრად ჩამორჩება პირველ სამეულს და უფრო საფრანგეთთან უწევს კონკურენცია მეოთხე ადგილის
შესანარჩუნებლად.

შესაძლოა, ბევრი ჩემპიონატისთვის, საშუალოდ ერთ თამაშზე 21 833 ქომაგი სანატრელია, მაგრამ როდესაც იტალიაზე ვლაპარაკობთ, მსოდლიო ფეხბურთის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანაზე, ეს მაჩვენებელი დადებითად ვერ ჩაითვლება. მაინც, რატომ იკლო იტალიურ სტადიონებზე გულშემატკივართა რაოდენობამ? - მიზეზებსა და გარემოებებზე ქვემოთ მოგითხრობთ . . .

დაძველებული ინფრასტრუქტურა
"იუვენტუსმა" საკუთარი სტადიონი ააშენა, "უდინეზემ" კი "სტადიო ფრიული" 99-წლიანი იჯარით აიღო, რაც პრაქტიკულად ყიდვას ნიშნავს. თუ ამ ორ პრეცენდენტს არ ჩავთვლით, იტალიაში სხვა ყველა სტადიონი ქალაქების მუნიციპალიტეტების საკუთრებაა. ამ არენებს კლუბები ქირაობენ და ქალაქის ბიუჯეტში ფულს რიცხავენ. როდესაც არ გაქვს საკუთარი არენა, მას ვერც შენს გემოზე, თუნდაც კომერციული ინტერესებისთვის გამოიყენებ და ბუნებრივია, არც არენის რეკონსტრუქციის სურვილი გექნება.

შედეგად, იტალიაში თამაშობენ ფეხბურთს ისეთ სტადიონებზე, რომლებსაც ბოლოს, საფუძვლიანი რეკონსტრუქცია 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, ან კიდევ უფრო ადრე ჩაუტარდათ. მას შემდეგ, თითქმის 30 წელი გავიდა და, რა გასაკვირია, რომ იტალია სხვა დიდ საფეხბურთო ქვეყნებს ძალიან ჩამორჩა. წარმოიდგინეთ, რომ დღემდე, მიუნხენის "ბაიერნი" "ოლიმპიაშტადიონზე" ასპარეზობდეს და არა "ალიანც არენაზე"...

იტალიური სტადიონები თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ, ტრიბუნებიდან კი თამაშების ყურება არაკომფორტულია. ბუნებრივია, რომ ეს პირდაპირპროპორციულად აისახება გულშემაკივართა რაოდენობაზე...

სატრანსპორტო ჩიხი
იტალიაში სტადიონების უმეტესობა ქალაქების გარეუბნებშია აშენებელი, სადაც მისვლა არაკომფორტულია. ერთ-ერთი მიზეზი სატრანსპორტო ჩიხი გახლავთ, რომლის გადაჭრაც საფეხბურთო თემატიკას ცდება და ეს პრობლემა ქალაქების მუნიციპალიტეტის და ზოგადად, ქვეყნის მთავრობის გადასაჭრელია. იტალიაში არ არის დარეგულირებული საზოგადობერივი ტრანსპორტი ისე კარგად, როგორც სხვა ევროპულ ქვეყნებში, თუნდაც გერმანიაში და ინგლისში.

მაგალითად, "მილანმა" და "ინტერმა" ავტობუსის საგანგებო რეისი დანიშნეს ქალაქის ცენტრიდან "სან სირომდე", რათა გულშემატკივრებისთვის ხელი შეეწყოთ, მაგრამ რამდენიმე ავტობუსმა პრობლემა მთლიანად ვერ მოაგვარა და განსაკუთრებით, გვიან დანიშნულ შეხვედრებზე, "სან სიროზე" მოხვედრა და კიდევ უფრო მეტად, "სან სიროდან" ქალაქის ცენტრში დაბრუნება პრობლემად რჩება. აღნიშნული პრობლემა კიდევ უფრო მწვავეა სხვა ქალაქებში.

ტელეინდუსტრია
იტალიელები შეიძლება ბევრ რამეში ჩამორჩებიან სხვა დიდ საფეხბურთო ქვეყნებს, მაგრამ ტელეინდუსტრია უმაღლეს დონეზე აქვთ განვითარებული. იტალიაში მაუწყებლობს რამდენიმე საფეხბურთო არხი, რომელიც 24 საათის განმავლობაში სერია A-ს სიახლეებს აშუქებს და ბუნებრივია, პირდაპირ რეპორტაჟებს აწარმოებს.

სერია A-ს მატჩების დროს, სტუდიებში იკრიბებიან ჟურნალისტები, ექსპერტები, ფეხბურთელები, საფეხბურთო მოღვაწეები, ცნობილი სახეები და დაუსრულებლად არჩევენ, აანალიზებენ საფეხბურთო პერიპეტიებს, აჩვენებენ მიმოხილვებს და არჩევენ თითოეულ დეტალს, თუ ეპიზოდს. ამ ფონზე, სულ უფრო მეტი გულშემატკივარი ამჯობინებს, რომ დარჩეს სახლში, მოკალათდეს ტელევიზორთან და ისე ადევნოს თვალი სერია A-ში მიმდინარე პროცესებს. მით უმეტეს ზამთარში, როდესაც გარეთ ყინავს, სტადიონზე კი მოედანს და ტრიბუნებს უშველებელი სარბენი ბილიკი ჰყოფს და თამაშის ყურება არაკომფორტულია.

ულტრასები
იტალიაში აღარ დადიან სტადიოპნებზე ოჯახებით, რადგან ეს საშიშია. სერია A-ს მატჩებზე, გულშემატკივრები ხშირად მთელ 90 წუთს მეტოქე გუნდის გინებაში ატარებენ, ქომაგებს შორის კი ხშირია დაპირისპირება, საქმის გარჩევა და შეტაკებები. ბოლო წლებში, ასეთ ინციდენტებს არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ასეთი რამ კი უკვე დიდი ხანია, სხვა დიდ საფეხბურთო ქვეყნებში აღარ ხდება. ამით იტალიელები ჰგავან თურქებს, ბერძნებს, პოლონელებს, რუსებს, მაგრამ არა ინგლისელებს, გერმანელებს, ესპანელებს და ფრანგებს, სადაც უკვე დიდი ხანია, ტრიბუნებზე სიმშვიდემ დაისადგურა.

უკვე წლებია, რაც რომაულ დერბის უსაფრთხოების გამკაცრებული ნორმების გათვალისწინებით ატარებენ, რათა აგრესიულ გულშემატკივართა უკეთ გაკონტროლება შეძლონ. "დერბი დელა კაპიტალე" დღისით ტარდება და არა გვიან საღამოს, როგორც სხვა ყველა ცენტრალური შეხვედრა, რაც ულტრასებს არ მოსწონთ და ისინი თამაშს ბოიკოტს უცხადებენ - სამართალდამცავებისთვის ტიფოზთა ბოიკოტი სრულიად მისაღებია, რადგან ასე კიდევ უფრო იოლია ქალაქში სიმშვიდის შენარჩუნება.

ამ ფონზე, სერია A-ს მატჩებზე ბავშვებთან ერთად წასვლას ბევრი ერიდება, რაც ბუნებრივია, რომ გულშემატკივართა რაოდენობაზეც შესაბამისად აისახება.

Sportall.Ge

დონე დაეცა, ბილეთის ფასი კი მაღალია
გასული საუკუნის 90-იან წლებში სერია A უდაოდ ევროპის ყველაზე გამორჩეული ჩემპიონატი იყო. მაშინ, სწორედ იტალიაში თამაშობდნენ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელები, იტალიური გუნდები კი ევოტურნირებზე დომინირებდნენ. შორს წაგვიყვანს იმ ვარსკვლავების ჩამოთვლა, რომლებიც მაშინ იტალიურ სტადიონებზე ბრწყინავდნენ.

კალჩოპოლის ცნობილი პროცესების შემდეგ, იტალიური საკლუბო ფეხბურთის დონე მკვეთრად დაეცა და მართალია, დღეს უკვე შეიმჩნევა გარკვეული პროგრესი, ჯერ მაინც ძალიან შორია იმ ძველ და კარგ დრომდე, როდესაც კალჩო ევროპული საკლუბო ფეხბურთის მწევრვალზე იყო.

დღეს, ევროპულ გრანდებს "იუვენტუსი" უწევს კონკურენციას, თანამედროვეობის ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთელებს კი ურჩევნიათ, რომ ინგლისის პრემიერლიგაში, ან ესპანეთის ლა ლიგაში იასპარეზონ. ბუნებრივია, ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმის, თუ რატომ აღარ ესწრება სერია A-ს თამაშებს იმდენივე გულშემატკივარი, რამდენიც 20-30 წლის წინ. თანაც, მატჩების ბილეთების ფასი საკმაოდ მაღალია და არ ჩამოუვარდება სხვა ტოპლიგების ბილეთების საფასურს - სერია A-ს მატჩის ბილეთის საშუალო ღირებულება 25 ევროა.

სწორი გზა
2011 წელს, "იუვენტუსი" ახალ არენაზე გადავიდა, რომელიც კლუბის საკუთრებაა და ყველა თანამედროვე მოთხოვნას აკმაყოფილებს. ტურინული გრანდის თამაშებზე პრაქტიკულად ყოველთვის ანშლაგია, გულშემატკივრები კი სტადიონზე მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მიდიან. სტადიონი მოიცავს გასართობ ცენტრს და სავაჭრო კომპლექსს, რომელიც კლუბისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა.

"იუვენტუსი" ათწლეულობის განმავლობაში თამაშობდა "დელე ალპიზე", რომელიც 70 000 გულშემატკივარზე იყო გათვლილი, ბოლო წლებში კი გუნდის საშინაო თამაშებს საშუალოდ 20 000 მაყურებელი ესწრებოდა. თავად განსაჯეთ, რა ატმოსფერო იქნებოდა სტადიონზე, რომლის ტრიბუნების 3/4 ცარიელია.

დღეს, "იუვეს" საშინაო თამაშებზე საშუალოდ 40 000 გულშემატკივარი იკრიბება და ეს მაშინ, როდესაც არენა 41 000 ქომაგს იტევს - ანუ, ტრიბუნები პრაქტიკულად შევსებულია, რაც განუმეორებელ ატმოსფეროს ქმნის. ახალმა სტადიონმა "იუვეს" საშინაო თამაშებზე დასწრება გააორმაგა, რაც ნათელს ხდის, რომ სხვა კლუბებმაც ამ გზით უნდა იარონ...

ინტერს ყველაზე მეტი ქომაგი ჰყავს
მიმდინარე სეზონში, სერია A-ს კლუბებს შორის ყველაზე მეტი მაყურებელი "ინტერს" ჰყავს, შემდეგ კი "იუვენტუსი" და "მილანი" მოდიან. ყველაზე ცოტა გულშემატკივარი "კროტონეს", "ემპოლის" და "სასუოლოს" ჰყავს. ბოლოს, სწორედ აღნიშნულ სტატისტიკას გადავხედოთ, საიდანაც ჩანს, თუ რამდენი მაყურებელი ესწრება სერია A-ს თითოეული გუნდის საშინაო თამაშებს მიმდინარე სეზონში...

გუნდი დასწრება
1. ინტერი 43 595
2. მილანი 42 501
3. იუვენტუსი 40 122
4. ნაპოლი 30 144
5. რომა 28 910
6. ფიორენტინა 26 031
7. ჯენოა 21 169
8. სამპდორია 20 362
9. ტორინო 19 639
10. ლაციო 19 456
11. ბოლონია 19 363
12. უდინეზე 16 010
12. ატალანტა 15 891
13. პალერმო 15 551
15. კიევო 13 889
16. პესკარა 13 838
17. კალიარი 13 738
18. სასუოლო 11 036
19. ემპოლი 10 242
20. კროტონე 7 673

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული