სტეფანო პიოლი: ესაა ერთადერთი ტურნირი, რომლის მოგებაც შეგვიძლია

AutoSharing Option
იტალიის თასზე კვლავაც ფავორიტები იგებენ. "ნაპოლის", "ფიორენტინას", "იუვენტუსის" და "მილანის" შემდეგ მომდევნო ეტაპზე "ინტერიც" გავიდა. სხვა გრანდებთან შედარებით, "ინტერს" ყველაზე მეტად გაუჭირდა - სტეფანო პიოლის გუნდმა მხოლოდ დამატებით დროში გატეხა "ბოლონია" და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

პიოლიმ შემადგენლობა გადაახალისა და რამდენიმე ისეთ ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის საშუალება, რომლებსაც ნაკლები სათამაშო დრო ეძლევათ. კარში ხუან კარიცო ვიხილეთ, ნახევარდაცვასა და თავდასხმაში კი - ჟოაო მარიო, გაბრიელ ბარბოსა, მარტინს ედერი და როდრიგო პალასიო. როდესაც "ინტერს" გაუჭირდა, მხოლოდ მაშინ ჩაერთვნენ თამაშში ლიდერები: მარსელო ბროზოვიჩი, ანტონიო
კანდრევა და მაურო იკარდი.

"ინტერი" ორი ბურთის სხვაობით დაწინაურდა და თითქოს, მატჩის ბედიც მალევე გადაწყდა. მილანელთა რიგებში თავი მურილიომ და პალასიომ გამოიჩინეს. პირველი ტაიმის მიწურულს, "ბოლონიამ" ერთი ბურთი გაქვითა და ინტრიგა დააბრუნა. მეორე ნახევრის შუაწელს, სტუმრებმა სულაც გაათანაბრეს ანგარიში და მატჩი დამატებით დროში გადავიდა.

თამაშის ბედი ანტონიო კანდრევამ გადაწყვიტა, რომლის დარტყმას "ბოლონიას" მეკარემ ვერაფერი მოუხერხა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 3:2.

მატჩის შემდეგ სტეფანო პიოლიმ შემდეგი კომენტარი გააკეთა: "იტალიის თასი არის ტურნირი, რომელმაც მიმდინარე სეზონში შეიძლება გაგვახაროს. თასის მოგება ჩვენი ერთ-ერთი მიზანია და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. "ბოლონიამ" დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია და ამისთვის ქება ეკუთვნის.

ეს იყო მძიმე ბრძოლა, რომელშიც დავიმსახურეთ გამარჯვება, თუმცა ბედმაც გაგვიღიმა. იყო ბევრი შეცდომაც, რომლებიც გაანალიზებას საჭიროებს. მოხარული ვარ, რომ ეს შეცდომები ტურნირიდან გამოვარდნად არ დაგვიჯდა. იტალიის თასი ერთადერთი ტურნირია, რომლის მოგებაც ამ სეზონში შეგვიძლია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული