როგორია "სკუადრა აძურას" ოქროს თაობა

AutoSharing Option
იყო პერიოდი, როდესაც იტალიურ ფეხბურთს ნიჭიერი ფეხბურთელები მოაკლდა. მიდიოდა ის თაობა, რომელმაც 2006 წლის მუნდიალი მოიგო და არ ჩანდნენ მათი ღირსეული შემცვლელები.

რთულია, ალესანდრო ნესტას, ფაბიო კანავაროს, ანდრეა პირლოს, ალესანდრო დელ პიეროს, ფრანჩესკო ტოტის, ფილიპო ინძაგის და მსგავსი კალიბრის ფეხბურთელთა სრულფასოვანი შეცვლა და შესაბამისად, შემდეგი თაობა ჩრდილში მოექცა. დღეს განსხვავებული ვითარებაა - გამოჩნდნენ ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებზეც იტალიაში უდიდეს იმედებს ამყარებენ.

"სკუადრა აძურას" მთავარი მწვრთნელის, ჯამპიერო ვენტურას თქმით, მსოფლიოს 2018 წლის მუნდიალზე ვიხილავთ "აძურას", რომელიც გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელებით იქნება
დაკომპლექტებული, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე კი მთლიანად ახალ თაობას მიეცემა ასპარეზი. გადავხედოთ იტალიური ფეხბურთის ახალი თაობის ვარსკვლავებს...

ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი, 17 წლის)
ჯანლუიჯი დონარუმას ზედმეტი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. 17 წლის ასაკში "მილანის" ძირითადი შემადგენლობის მეკარეა, იტალიის ნაკრებში კი ჯანლუიჯი ბუფონის უპირველესი შემცვლელია. დონარუმა ფენომენალური ნიჭის პატრონია და ყველა მონაცემი აქვს იმისთვის, რომ ახლო მომავალში მსოფლიოს უძლიერესი მეკარე გახდეს. დონარუმა ბუფონის ღირსეული მემკვიდრეა.

მატია პერინი (ჯენოა, 24 წლის)
მატია პერინს ცუდი ამბავი შეემთხვა, რადგან "ჯენოას" ბოლო თამაშზე ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და ფეხბურთს დიდი ხნით ჩამოშორდა. ისე კი, პერინი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი იტალიელი მეკარეა და დონარუმასთან ერთად, სწორედ ის უნდა მოვიაზროთ, ბუფონის შემცვლელად. ასაკიდან გამომდინარე, პერინი კიდევ ბევრი წელი ითამაშებს უმაღლეს დონეზე და მძიმე ტრავმის მიუხედავად, ის შეძლებს იტალიის ეროვნულ გუნდში დაბრუნებას.

ალესიო რომანიოლი (მილანი, 21 წლის)
იტალიის ნაკრების ბოლო შეხვედრებში ალესიო რომანიოლი ძირითად შემადგენლობაში იყო და თავი ბრყინვალედ წარმოაჩინა. რომანიოლი მხოლოდ 21 წლისაა, თუმცა უკვე "მილანის" დაცვის შეუცვლელი ფიგურა და მთავარი ვარსკვლავია. ალესიო დაცვის ცენტრში თამაშობს და უდიდესი ნიჭის პატრონია. რომანიოლი თამამად შეგვიძლია შევრაცხოთ ალესანდრო ნესტას, ფაბიო კანავაროს და სხვა დიდი იტალიელი მცველების ღირსეულ მემკვიდრედ.

დანიელე რუგანი (იუვენტუსი, 22 წლის)
ალესიო რომანიოლის და დანიელე რუგანის ტანდემი დაცვის ცენტრში - შესანიშნავად ჟღერს და ყველა ლოგიკით, ეს დრო მალე უნდა დადგეს. რომანიოლის მსგავსად, რუგანიც უდიდესი ნიჭის პატრონია და ამად არის, რომ სულ უფრო მეტი სათამაშო დრო აქვს "იუვენტუსის" შემადგენლობაში. რუგანის იტალიის ეროვნულ ნაკრებშიც იძახებენ - მართალია, მეტწილად თადარიგში ზის, მაგრამ ორჯერ თამაშიც მოასწრო. თუ იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს ვენდობით, რომანილი და რუგანი ერთად, ეს გაცილებით უფრო მყარი კედელია, ვიდრე ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი.

მატია დე შილიო (მილანი, 24 წლის)
უკვე წლებია, რაც მ,ატია დე შილიო "მილანის" და იტალიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობს. მეტწილად, მარცხენა ფრთაზე ირჯება, თუმცა იგივე წარმატებით შეუძლია მარჯვნივ თამაშიც. შეუდარებელი იყო 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც თავის ფლანგზე არავინ გაახარა. თქმა არ სჭიდება, რომ მომავლის "აძურაში" დე შილიოს თავისი მნიშვნელოვანი როლი ექნება.

მატია კალდარა (ატალანტა, 22 წლის)
კიდევ ერთი განაპირა მცველი, რომელიც "ატალანტას" შემადგენლობაში ბრწყინავს, მომდევნო სეზონიდან კი "იუვენტუსის" ფეხბურთელი იქნება. დიახ, კლუბებს შორის შეთანხმება შედგა და ნიჭიერი მცველი სწორედ ტურინულ გრანდში გააგრძელებს კარიერას. კალდარა შეუდარებელია დაცვით ფაზაში, თუმცა სახიფათოა შეტევებშიც, რაც იტალიელ ფლანგის მცველებს ნაკლებად ახასიათებთ.

დავიდე კალაბრია (მილანი, 20 წლის)
მარჯვენა მცველი, რომელსაც ჯერჯერობით უჭირს "მილანში" ინაციო აბატესთან კონკურენცია, მაგრამ პერიოდულად უწევს თამაში და უკვე არაერთხელ მოასწრო შესაძლებლობების დემონსტრირება. თუ იტალიელ საფეხბურთო ჟურნალისტებსა და ექსპერტებს დავუჯერებთ, დავიდე კალაბრიას სახით, იტალიურ ფეხბურთს ახალი ჯანლუკა ძამბროტა ეზრდება.

დავიდე ძაპაკოსტა (ტორინო, 24 წლის)
კიდევ ერთი მარჯვენა მცველი, რომელსაც სწორედ მატია კალდარასა და დავიდე კალაბრიასთვის მოუწევს კონკურენციის გაწევა. ასევე აქტიურია შეტევით ფაზაში, გამოირჩევა ათლეტურობით და სისწრაფით. ძაპაკოსტა "ტორინოში" ასპარეზობს და მეტწილად, ძირითად შემადგენლობაში ირჯება. დავიდეს შესაძლებლობებს შესანიშნავად იცნობს "ტოროს" ექს და იტალიის ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი ჯამპიერო ვენტურა.

მარკო ვერატი (პსჟ, 24 წლის)
გამორჩეული ნიჭის ნახევარმცველი, რომელიც პსჟ-სა და იტალიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. მარკო ვერატის "სკუადრა აძურას" ახალ პირლოს უწოდებენ და ამით, ყველაფერია ნათქვამი. ვერატი იტალიის ნაკრების ახალი ფანტაზისტაა და თქმა არ სჭირდება, რომ მასზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ვერატი "სკუადრა აძურას" ახალი 10-იანია, ამ ნომერს კი იტალიაში განსაკუთრებულად აფასებენ. ვერატი მსოფლიო ფეხბურთის აღიარებული ვარკვლავია და მას წარდგენა არ სჭირდება.

მანუელ ლოკატელი (მილანი, 19 წლის)
რიკარდო მონტოლივოს მძიმე ტრავმის შემდეგ, "მილანის" ძირითად შემადგენლობაში 18 წლის მანუელ ლოკატელი გამოჩნდა და თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა. საუცხოო გოლები გაუტანა "სასუოლოს", "იუვენტუსს" და სასტარტო თერთმეტეულის შეუცვლელ ფიგურად იქცა. 8 იანვარს ლოკატელი 19 წლის გახდ, იტალიაში კი მასზე უდიდეს იმედებს ამყარებენ.

დანილო კატალდი (ლაციო, 22 წლის)
კლასიკური საყრდენი ნახევარმცველი, უბადლო ჩამშლელი, რომელიც "ლაციოს" ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად იქცა. თუ იტალიელ საფეხბურთო ექსპერტებს დავუჯერებთ, სიმონე ინძაგის "ლაციოს" წარმატებული თამაშის საიდუმლო ნახევარდაცვაში უნდა ვეძებოთ, სადაც უდიდეს სამუშაოს ასრულებენ მარკო პაროლო, ლუკას ბილია და დანილო კატალდი. მხოლოდ 22 წლისაა და მასზე დიდი ავანსებია გაცემული.

რობერტო გალარდინი (ატალანტა, 22 წლის)
კიდევ ერთი ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც თანაბრად ძლიერია როგორც დაცვით, ისე შეტევით ფაზაში. მიმდინარე სეზონში, რობერტო გალიარდინი ბრწყინვალედ ასპარეზობს და პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ის "ინტერში" გააგრძელებს კარიერას. 22 წლის შუახაზელის სანაცვლოდ, მილანური გრანდი 27 მილიონ ევროს გადაიხდის და ამით, ყველაფერია ნათქვამი.

მარკო ბენასი (ტორინო, 21 წლის)
"ტორინოს" ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი. მხოლოდ 21 წლისაა, თუმცა უკვე გაიგდო სახელი და მასზე იტალიური ფეხბურთის გრანდები ნადირობენ. ბენასი გამორჩევა ტექნიკით, ბურთის უბადლო ფლობით, მოედნის შესანიშნავი ხედვით და ზოგადად, საფეხბურთო ინტელექტით. სხვა არაერთი ახალგაზრდა ნიჭიერი იტალიელი ფეხბურთელის მსგავსად, მის განვითარებაშიც ვენტურას მიუძღვის ლომის წილი. შესაბამისად, უახლოეს მომავალში, მარკო ბენასის იტალიის ეროვნულ ნაკრებში დაწინაურების კარგი შანსი აქვს.

ფედერიკო ბერნარდესკი (ფიორენტინა, 22 წლის)
მიმდინარე სეზონში, ფედერიკო ბერნარდესკის 9 გოლი აქვს გატანილი და სერია A-ს ბომბარდირთა დავაშია ჩაბმული. საგულისხმოა, რომ ბერნარდესკი გარემარბია და არა ცენტრფორვარდი, რაც მის გოლებს კიდევ უფრო მეტ ფასს სძენს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფედერიკო "ფიორენტინას" ერთ-ერთი ლიდერი და მთავარი დამრტყმელი ძალაა. ბერნარდესკის გადაბირება სურთ "იუვენტუსს", "მილანს", "ინტერს" და ევროპული ფეხბურთის არაერთ გრანდს. ახალგაზრდა შემტევს უკვე 7 მატჩი აქვს ჩატარებული ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

დომენიკო ბერარდი (სასუოლო, 22 წლის)
129 მატჩი "სასუოლოს" შემადგენლობაში და 51 გატანილი გოლი. 22 წლის ასაკში, ასეთი შედეგებით ცოტა თუ დაიკვეხნის. დომენიკო ბერარდი უდიდესი ნიჭის პატრონია და გამორჩევა უბადლო ტექნიკით. ფლანგიდან თამაშობს, თუმცა თუ მის მონაცამებს გავითვალისწინებთ, ფლეიმეიქერადაც შეძლებს ასპარეზობას. სხვა ახალგაზრდა და ნიჭიერი იტალიელი ფეხბურთელების მსგავსად, ბერარდიზეც ნადირობაა გამოცხადებული და ბუნებრივია, რომ მას "სასუოლოში" დიდ ხანს არ გააჩერებენ.

ანდრეა ბელოტი (ტორინო, 23 წლის)
"ტორინოს" პრეზიდენტის თქმით, ანდრეა ბელოტის სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონი ევროა და უფრო იაფად ტურინული კლუბი მას არ გაყიდის. 23 წლის თავდამსხმელს სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში 13 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ მაურო იკარდის ჩამორჩება. ბელოტი იტალიის ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 3 გოლი აქვს გატანილი. ბელოტი იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი იმედია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს თაობა ვერაფერს ვერ მიარწევს. ძამბროტა ბუფონი პირლო ტოტი და ინძაგისთან ესენი არაფერს წარმოადგენენ
გიო123
14:27 11-01-2017
0
ძალიან ნიჭიერი თაობაა, შემდეგი სეზონიდან ბერნანდესკი და ბერარდი იუვენტუსში!
dato
14:09 11-01-2017
0

სიახლეები პოპულარული