ჟოზე მოურინიო - მსაჯების ნომერ პირველი მტერი

AutoSharing Option
ვინ არის მსაჯების ნომერ პირველი მტერი დღევანდელ ფეხბურთში? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა იოლია. რა თქმა უნდა, ეს არის ჟოზე მოურინიო.

ის გამუდმებით ერჩის თემიდის მსახურთ. აგერ, სულ ახალი ინციდენტი. "ვესტ ჰემთან" პრემიერლიგურ მატჩში მას არბიტრმა მინდორი ვადაზე ადრე დაატოვებინა. პორტუგალიელი მას შემდეგ გაბრაზდა, რაც პოლ პოგბა გააფრთხილეს. ჟოზეს გაგიჟებამ უდანაშაულო წყლის ბოთლი შეიწირა.

მოურინიომ მორიგი დისკვალიფიკაცია მიიღო. არადა, სულ სამი კვირაა, რაც მის სასჯელს ვადა გაუვიდა. სეზონის დაწყების შემდეგ კი ინგლისელი დისციპლინარები "განსაკუთრებულის" საქმეს მესამედ იხილავენ.

მოურინიოს რეაქცია ამ შემთხვევაში
ძალიან გასაკვირი იყო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მოცემულ მომენტში მან გუნდი დააღალატა. "მანჩესტერი" ძალიან ჯაბნიდა "ვესტ ჰემს", ლონდონელთა მეკარე რენდოლფი კი ძლივს აუდიოდა ერთიმეორეზე სახიფათო "მოსაკითხების" განეიტრალებას.

მეორე მხრივ, პორტუგალიელ მწვრთნელს გაღიზიანების საკმარისი საფუძველი აქვს. "მანჩესტერმა" ყველაზე ცუდი სტარტი აიღო პრემიერლიგის ისტორიაში. გარდა ამისა, გუნდს ძალიან ცოტა გააქვს. არადა, ბევრ საგოლე მომენტს ქმნის.

ამის თაობაზე უკვე ღიად დაიჩივლა მოურინიოს მუდმივმა ასისტენტმა რუი ფარიამ, ცოტა ხნის წინ კი ხუან მატამ დაიწუწუნა. როგორც ჩანს, პორტუგალიელი საკუთარ თავსა და ფეხბურთელებზე მეტად ზებუნებრივ ძალებს უწყრება.

და მაინც, როგორც გამოცდილი მწვრთნელი, მოურინიო უნდა ხვდებოდეს, რომ ადრე თუ გვიან ეს უიღბლობა დასრულდება. მით უმეტეს, "იუნაიტედის" თამაშში პროგრესი თვალსაჩინოა. გუნდი უკეთესად უტევს პოზიციურად და, რაც მთავარია, მოწინააღმდეგეების წნეხში მოქცევასაც ახერხებს. გუნდს ახლა ყველაზე მეტად სიწყნარე სჭირდება, მოურინიო კი პირიქით იქცევა.

საინტერესოა, რომ პორტუგალიელი სხვადასხვა გზით აგროვებს დისკვალიფიკაციებსა და წითელ ბარათებს. ზოგჯერ ეს ეშმაკური გეგმის ნაწილია. მაგალითად, "აიაქსთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში, მაშინ, როცა "რეალის" მწვრთნელი იყო, უხმო სერხიო რამოსსა და ჩაბი ალონსოს და უთხრა, რომ... მათ სპეციალურად მიეღოთ ბარათები. დისკვალიფიკაციით ამ შემთხვევაში თავად პორტუგალიელი დასაჯეს.

"ინტერში" მუშაობის დროს "განსაკუთრებულს" ხშირად გამოჰყავდა ფეხბურთელები ერთი შეხედვით გამოუვალი სიტუაციიდან და თავად იღებდა წითელ ბარათებს. "ტრიპლეტის" სეზონში ის იტალიის ჩემპიონატის მატჩებში მინდვრიდან ორჯერ მიაბრძანეს. მაშინ ჟოზე ძალიან მაგრად მსახიობობდა კამერების წინ. ოინები გაუგეს და 70 ათასი ევროც გადაახდევინეს, თუმცა "ინტერი" ერთიან გუნდად დარჩა და იქ მწვრთნელი ყველას ძალიან უყვარდა.

განსხვავება 2010 წელს და ახლანდელს შორის მაინც არის. მაშინ პორტუგალიელი მშვიდად იყო და სხვადასხვა საგანს მაინც არ ისროდა. ახლა კი ეს სიმშვიდეც აღარსად არის. მოუს საკუთარი თავის კონტროლი უჭირს, კონტროლის დაკარგვა საკუთარ თავზე მას ესპანეთშიც სჩვეოდა. გავიხსენოთ, რისთვის გააგდეს ის მინდვრიდან "მურსიასთან" სათასო შეხვედრაში.

მოურინიომ არბიტრს უყვირა, როცა მან წითელი ბარათი უჩვენა დიარას, მერე კი მის მიერ მიცემული შენიშვნა იუკადრისა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სკანდალი მალევე ჩაცხრა - "ბარსა" "რეალს" ეწვია და 0:5 წააგო.

მოხდება თუ არა "იუნაიტედში" ბუნტი, რომელიც მოურინიოს "ჩელსიში" მმართველობის ბოლოს მოხდა? ამ ეტაპზე ამის ნიშნები არ ჩანს. ბუნტი იყო მადრიდშიც. თუ ლონდონურ კლუბში მუშაობისას მოურინიო ერთხმად გაამართლეს ქომაგებმა აზართან, ფაბრეგასთან და კოშტასთან კონფლიქტში, მადრიდში ქომაგებისა და ფეხბურთელების აზრი გაიყო.

"მანჩესტერში" ჯერ არ შეიმჩნევა ბუნტის ნიშნები, თუმცა არც იმის მისწრაფება შეიმჩნევა, რომ შედეგი ნებისმიერ ფასად დაიდოს. არადა, ამ მისწრაფების გარეშე ჟოზეს გუნდებს ძალიან უჭირთ. ასე იყო "ინტერში" და მოუს პირველ "ჩელსიში". იყო თავდადება და შედეგიც იყო.

სულ ახალი ამბავი: გრემ პოლი, ყოფილი მსაჯი, ვისაც ინგლისში ყველა დროის საუკეთესო არბიტრად თვლიან, მოურინიოს ექვსი მატჩით დისკვალიფიკაციას ითხოვს. პოლი დიდად გავლენიანი კაცია ინგლისურ ფეხბურთში და სრულიად შესაძლებელია, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ მის რეკომენდაციას ყური ათხოვოს.

წარმოიდგინეთ, რა მოხდება ასეთ შემთხვევაში. მოურინიოს საქციელის განჭვრეტა ჭირს, მაგრამ იგი ნამდვილად რომ გაგიჟდება, ამას დიდი მკითხაობა არ უნდა. სერ ალექს ფერგიუსონი მსაჯების მეგობარი იყო და რომ არა მეგობრობა, ადვილი შესაძლებელია, იმ ლეგენდარულ "იუნაიტედს" ამდენი მატჩი ვერც კი მოეგო არბიტრების მიერ დამატებულ ბოლო წუთებზე.

ახლა "იუნაიტედის" ფეხბურთელების ტვინში შევაღწიოთ. ისინი ძიების მომენტში არიან და ამ დროს მათი მთავარი მწვრთნელი სიგიჟეებს სჩადის.

სერ ალექსი კი ზის "ოლდ ტრაფორდის" ბევრის მომსწრე ტრიბუნებზე და უყურებს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული