მისი გული და სული ახლა, შესაძლოა, სხვაგანაა - "ევერტონმა" იანიკ ბოლასი შეიძინა

AutoSharing Option
"ევერტონმა" იანიკ ბოლასი შეიძინა. კულუარული ინფორმაცია დიდი ხანია ვრცელდებოდა, რომ "კანფეტებს" კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლის დამატება სურდათ, მაგრამ მოლაპარაკებები ცოტა გაჯანჯლდა.

საბოლოოდ, ირკვევა, რომ 27 წლის შემტევმა ნახევარმცველმა "გუდისონ პარკის" ბინადრებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო "არწივები" მის სანაცვლოდ 25 მილიონ ფუნტს მიიღებენ.

ბოლასი ბოლო ორი წლის განმავლობაში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და გრანდების ყურადღებაც ამიტომ მიიქცია. ის "კრისტალ პალასში" 2012 წელს, "ბრისტოლიდან" გადავიდა და "არწივების" მაისურით 143 მატჩი ჩაატარა.

მან ითამაშა პირველი ტურის შეხვედრაშიც, რომელიც მისმა გუნდმა საკუთარ მოედანზე "ვესტ ბრომვიჩთან"
დათმო. ალან პარდიუმ იანიკი შეცვლაზე შეიყვანა, ხოლო მატჩის მერე თქვა - ვიცით, რომ მისი გული და სული ახლა, შესაძლოა, სხვაგანაა, ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ იმ შემართებით შეიძლება ვეღარ არისო.

პარდიუს სიტყვებით ცხადი გახდა, რომ ამ ტრანსფერის გაოფიციალურება დროის ამბავი იყო...

"ძალიან მინდოდა "ევერტონში" გადმოსვლა და ბედნიერი ვარ, რომ ეს მოხდა კიდეც. თუმცა ამით ყველაფერი არ დამთავრებულა, რადგან ახლა ბევრი უნდა ვიმუშაო იმისთვის, რომ შემადგენლობაში ადგილი დავიმკვიდრო. ამ გამოწვევისთვის მზად ვარ. ფული ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის. მთავარია, უფრო ამბიციურ გუნდში აღმოვჩნდი. "ევერტონს" დიდი გეგმები აქვს. მე, უბრალოდ, ფეხბურთის თამაში და გამარჯვებები მიყვარს", - თქვა ბოლასიმ.

მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი ასე გამოეხმაურა ტრანსფერს:
"იანიკი დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩემს რადარზე, რადგან ის ისეთი ყაიდის ფლანგელია, რომელიც ძალიან მომწონს. ბოლასი სწრაფია, ძლიერი და მრავალმხრივი, რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში".

"ევერტონი", რომელიც რამდენიმე თვის წინ ირანელმა ბიზნესმენმა ფარჰად მოშირიმ შეიძინა (აქციების 49,9%), ფანებს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას ჰპირდება და ამ პირობით ცდილობს რომელუ ლუკაკუს დარჩენაზე დაყოლიებას.

სამაგიეროდ, გუნდმა ვერ შეინარჩუნა მცველი ჯონ სტოუნზი, რომელიც "მანჩესტერ სიტიში" წავიდა. ბოლასიმდე კი მაარტენ სტეკელენბურგი, იდრისა გუეიე და ეშლი უილიამსი დაიმატა.

კუმანის მორიგი სამიზნე "სანდერლენდის" მცველი ლამინე კონეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული