ანდრე აიუ - "ვესტ ჰემის" სარეკორდო შენაძენი

AutoSharing Option
"ვესტ ჰემმა" ანდრე აიუს ტრანსფერი გააოფიციალურა. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ "ჩაქუჩებმა" "სუონსის" 20,5 მილიონი ფუნტი გადაუხადეს და 26 წლის განელი ლონდონელთა სარეკორდო შენაძენი გახდა.

შეგახსენებთ, რომ აიუ "თეთრ გედებში" 2015 წლის ივნისში "მარსელიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

გავიხსენოთ ისიც, რომ ის 2011 წელს აფრიკის წლის ფეხბურთელად დასახელდა. გასულ სეზონში გატანილი 12 გოლით კი აბედი პელეს უფროსი ვაჟი უელსური კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

აიუმ "ჩაქუჩებთან" 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და იქვე კომენტარიც გააკეთა:

"კლუბს დიდი ამბიციები აქვს და შესანიშნავი მწვრთნელიც ჰყავს.
"ვესტ ჰემს" სურს, რომ წლიდან წლამდე გაძლიერდეს და უფრო დიდი გუნდი გახდეს. ამისთვის, კლუბში ყველა პირობაა შექმნილი, აშენდა ახალი სტადიონიც... მეც სიხარულით გავხდი ამ პროექტის ნაწილი".

პარალელურად, "ვესტ ჰემმა" 22 წლის ფრანგი უკანახაზელი არტურ მასუაკუც შეიძინა.

ლონდონელებმა ეს მარცხენა მცველი ბერძნული "ოლიმპიაკოსიდან" გადმოიყვანეს და მასთანაც 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმეს.

"ვესტ ჰემს" გაძლიერება ნამდვილად სჭირდებოდა, რადგან სლავენ ბილიჩს დაცვაში პრობლემები აქვს. საქმე ისაა, რომ ძირითადი შემადგენლობის მარცხენა მცველი აარონ კრისუელი სერიოზულად დაშავდა და 4 თვე ვეღარ ითამაშებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ "ვესტ ჰემმა" უკვე დაიმატა სოფიან ფეგული ("ვალენსია"), ჰავარდ ნორდტვეიტი ("გლადბახი") და ეშლი ფლეტჩერი ("მანჩესტერი").

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული