ალან შირერი: მეტი პატივისცემა ასოციაციის თასს

AutoSharing Option
ალან შირერმა "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელის, მანუელ პელეგრინის გადაწყვეტილებები და განცხადებები გააკრიტიკა. "ნიუკასლის" ლეგენდამ, რომელიც ახლა ტელევიზიაში საფეხბურთო მიმომხილველად და ექსპერტად მუშაობს, ჩილელს წამყვანი ფეხბურთელების დასვენება არ მოუწონა და ასოციაციის თასისადმი არასერიოზული დამოკიდებულება დააბრალა. არც ამდენი წუწუნია კარგიო - დაამატა შირერმა.

"ქალაქელებმა" "ჩელსისთან" ძალზე გადახალისებული შემადგენლობით ითამაშეს, პელეგრინიმ გასაქანი ახალგაზრდა, ფართო მასებისთვის უცნობ ფეხბურთელებს მისცა, აკადემიის მოთამაშეებს. ამით პელეგრინიმ, ფაქტობრივად, კაპიტულაცია გამოაცხადა და დამარცხდა კიდეც "სტემფორდ ბრიჯზე", თანაც, სამარცხვინო ანგარიშით - 1:5.

ერთი მხრივ, პელეგრინის მოტივაციაც გასაგებია, ჩილელს წამყვანი ფეხბურთელების
არცთუ მცირე ნაწილი ისედაც დაშავებული ჰყავს, ჩემპიონთა ლიგაც ახლოვდებოდა და პლუს, პრემიერლიგაში ჩამორჩენა უკვე დიდია.

გარდა ამისა, "სიტი" ლიგის თასის ფინალში ისედაც გასულია და ასოციაციის თასს აღარ შეაკვდა. მეორე მხრივ, ინგლისში მსოფლიოს უძველესი საფეხბურთო ტურნირისადმი ძალიან მგრძნობიარე დამოკიდებულება აქვთ და ასოციაციის თასი ერთგვარი "სიწმინდეა". ალბათ, ფეხბურთის ყველა მოყვარულიც ვისურვებდით, რომ სათასო დაპირისპირებებს გუნდები უფრო მეტი ყურადღებით, სერიოზულობითა და ინტერესით ეპყრობოდნენ.

"მაგალითად, "ბარსელონამ" ჩემპიონატში შაბათს ითამაშა და სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე "არსენალთან" ელოდება დაპირისპირება, ანუ იმდენივე დრო ჰქონდა დასასვენებლად და მოსამზადებლად, რამდენიც "სიტის" და კატალონიელებს ფეხბურთელები არ დაუსვენებიათ.

"სიტი" არის და უნდა იყოს დიდი გუნდი და საერთაშორისო არენაზეც გრანდის სტატუსით ისარგებლოს და წარმატებებს მიაღწიოს. არადა, კატალონიელებს, ალბათ, ყველაზე დიდი რესურსი აქვთ ამჟამად, მაგრამ მე არასდროს მინახავს, ლუის სუარესს და ლიონელ მესის ოდესმე დასვენება სდომებოდათ ან მაგალითად, კრიშტიანო რონალდოს. ინგლისში კი რატომღაც, ამას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ და გადატვირთულ კალენდარზე ბევრს საუბრობენ და წუწუნებენ" - აღნიშნა შირერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული