ალან პარდიუ: ადებაიორს მე მოვთოკავ!

AutoSharing Option
ემანუელ ადებაიორი დაბინავდა - როგორც იქნა, ტოგოელი მინდორს დაუბრუნდება. მისი ხილვა ყოველთვის საინტერესოა, რადგან ან სხვადასხვა სახის სკანდალში ეხვევა და ჩხუბობს, ანაც, ისეთ თამაშს აჩვენებს, რომ დიდ ესთეტიკურ სიამოვნებას ვიღებთ. "ტოტენჰემის" და არა მხოლოდ "დეზების" მიერ მოკვეთილ-დაწუნებული ჭირვეული ხასიათის მქონე ნიჭიერი თავდამსხმელი კარიერას "კრისტალ პალასში" გააგრძელებს.

ადებაიორს 2015 წლის 3 მაისის მერე არ უთამაშია, მაშინაც 6 წუთით შევიდა მინდორზე. თუმცა "არწივების" თავკაცი ალან პარდიუ, რომელიც არც თავად არის ხასიათით საჩუქარი და დიდი სისათუთითა და სათნოებით არ გამოირჩევა, ირწმუნება, მის მოთოკვა-მორჯულებას
შევძლებ და კარგი თანამშრომლობა გამოგვივაო. როგორც ამბობენ – ჰა ბურთი, ჰა მოედანი... აგერ, ადებაიორიც.

"პალასს" 23 მატჩში მხოლოდ 24 გოლი აქვს გატანილი და მიუხედავად იმისა, რომ კლუბში ფრეიზერ კემპბელი, დუაით გეილი, კონორ ვიქჰემი და მარუან შამახი ირიცხებიან, შედეგიანობის პრობლემა აქვს. მხოლოდ იანიკ ბოლაზის, უილფრიდ ზაჰას, ჯეისონ პანჩონისა და ბაკარი საკოს მცდელობები საკმარისი არ არის.

ასე რომ, "არწივებს" ადებაიორის ჯადოქრობები ნამდვილად სჭირდებათ. ემანუელს, რომელიც 26 თებერვალს 32 წლის გახდება, "მეცში", "მონაკოში", "არსენალში", "სიტიში", "რეალსა" და "ტოტენჰემში" აქვს ნათამაშები. ტოგოს ნაკრების მაისურა კი 63-ჯერ მოირგო და 29 გოლით გამოირჩა. მან ნაკრებშიც მოასწრო და მოახერხა კინკლაობა.

ახლა კი აჯობებს მართლაც ჭკუით მოიქცეს, თუ თამაში უნდა, რადგან "კრისტალ პალასმა" მას 6-თვიანი შეთანხმება გაუფორმა და თუ ადებაიორი აურევს, "არწივები" მასთან ახალ კონტრაქტს ხელს აღარ მოაწერენ.

"სიხარულით მინდა შეგატყობინოთ, რომ "კრისტალ პალასში" ჩავირიცხე. ერთი სული მაქვს, როდის გავიცნობ ახალ თანაგუნდელებს და როდის ვითამაშებ ისევ პრემიერლიგაში" - დაწერა ადებაიორმა სოციალურ ქსელში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული