ვესტ ბრომვიჩი-ევერტონი: ლუკაკუს გაბრწყინება ყოფილ გუნდთან

AutoSharing Option
პრემიერლიგამ კიდევ ერთი "ქამბექი" შემოგვთავაზა. "ვესტ ბრომვიჩ ალბიონი" "ევერტონს" 2:0-ს კი უგებდა, მაგრამ 2:3 წააგო და ამ 5-გოლიანმა შეხვედრამ მე-7 ტურის გოლების რაოდენობა 41-მდე აიყვანა, რაც საშუალოდ მატჩში 4 ბურთზე მეტიც კი არის.

იმ თამაშის გმირად რომელუ ლუკაკუ იქცა, რომელმაც დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემაც გააკეთა შეცვლაზე შესულ არუნა კონეზე. ორჯერ გასწია ასისტენტობა ჟერარდ დეულოფეუმაც. თუმცა ლუკაკუს გადაცემა კონეზე თამაშგარეს ჰგავდა, ხოლო გამარჯვების გოლი რომელუმ მას მერე შეაგდო, რაც ბურთი ხელზე მოხვდა. ტონი პულისი ამ ეპიზოდებზე მატჩის შემდგომ ბევრს წუწუნებდა.
ბელგიელმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გაიბრწყინა და გატანილი ბურთები დიდად არ აღუნიშნავს.

ბოლოს "ალბიონს" გათანაბრება შეეძლო, მაგრამ ცვლილებაზე წამების შემოსულმა რიკი ლამბერტმა კარგი მომენტი გაანიავა. იშვიათია, პულისის გუნდი 2:0-ს იგებდეს და ბოლოს უქულოდ დარჩეს. უელსელის ბიჭებს ბოლო დროს შინ უფრო უჭირთ თამაში, ვიდრე გასვლაზე - სტუმრად ჯერ გოლი არ გაუშვიათ. ამ მატჩამდე ასეთი გახლდათ "ევერტონიც", მაგრამ მერსისაიდელებმა ორი ბურთი მიიღეს. აქედან ერთი საიდო ბერაჰინომ გაიტანა. წინა სეზონის დაწყებიდან დღემდე ბერაჰინომ პრემიერლიგაში 16 გოლი გაიტანა და აქედან 12 საშინაო შეხვედრებში. პირადად მას, პირიქით, საგარეო შეხვედრებში თამაში აქვს დასახვეწი.

ისე, პულისის ხელში "სტოკს" 190 მატჩში 188 გოლი ჰქონდა გატანილი, მის "კრისტალ პალასს" 26 თამაშში ამდენივე ბურთი და ახლა ტონის მიერ გაწვრთნილ "ვესტ ბრომვიჩს" აქვს 25 მატჩში 25 გოლი. მას მერე, რაც იგი ამ გუნდს ჩაუდგა სათავეში, "ალბიონმა" 13 გოლი გაიტანა სტანდარტული მდგომარეობებიდან (პენალტების გამოკლებით) და ამ მონაკვეთში ამაზე მეტი გოლი სტანდარტულების დახმარებით მხოლოდ მის ყოფილ გუნდს, "კრისტალ პალასს" უგროვდება, "არწივებმა" 14-ჯერ იხეირეს ასე.

აღსანიშნავია ისიც, რომ მათაც ბოლო დროს სტუმრად უფრო უადვილდებათ ბურთაობა, ალან პარდიუს გუნდს შინ ცუდი შედეგები აქვს.

"ევერტონს" კი, ყოჩაღ! მარტინესს ნახევარი გუნდი აკლდა, სრულიად ექსპერიმენტული დაცვის ხაზით თამაშობდა და მაინც მოიგო. "კანფეტები" მეხუთე ადგილზე გადაბრძანდნენ და ჩემპიონთა ლიგის ზონასთან ერთ ქულაში არიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული