შირერი, რონალდო, ჩეხი, მიულერი - ფეხბურთელები, რომლებსაც ფერგიუსონი ვერ შეწვდა

AutoSharing Option
სერ ალექს ფერგიუსონს პრემიერლიგაში დიდებული კარიერა ჰქონდა, მან "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის ყველაზე ტიტულოვან გუნდად აქცია.

დრო გადიოდა, ფეხბურთელები მიდიოდნენ და მოდიოდნენ, შოტლანდიელი კი პოსტზე რჩებოდა. წარმატებული გამოდგა მისი ავტობიოგრაფიული წიგნიც და ახლა ფერგიუსონმა ახალი ნაშრომი გამოუშვა, სახელად Leading. ჩვენ კი რამდენიმე საინტერესო ამონარიდს შემოგთავაზებთ ამ წიგნიდან...

ხელიდან გაშვებული ფეხბურთელები
ფერგიუსონის უამრავ ნიჭს შორის იყო ისიც, რომ მას შეეძლო, საშუალო კლასის ფეხბურთელისგან ვარსკვლავის ჩამოყალიბება. ის ასევე, როგორც წესი, სწორად არჩევდა ახალ მოთამაშეებს და ტრანსფერი იშვიათად უვარდებოდა. თუმცა იყო გამონაკლისებიც და იყვნენ ისეთი
ფეხბურთელებიც, რომლებსაც სერ ალექსი სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ შესწვდა. აი, ისინიც:

პეტრ ჩეხი
"2003 წელს პეტრ ჩეხის თამაშის სანახავად საფრანგეთში წავედი, "რენისა" და "ოსერის" მატჩს დავესწარი. მაშინ ჩავთვალეთ, რომ პეტრი პრემიერლიგისთვის ჯერ ცოტა ახალგაზრდა იყო. მერე კი ის "ჩელსიში" წავიდა და ბრყინვალე დეკადის განმავლობაში 220-ჯერ შეინახა ამ კლუბის კარი მშრალად" - წერს ფერგიუსონი.

აი, ასე ვერ შეაფასა და დააფასა ბოლომდე ჩეხი ფერგიუსონმა და მერე, ალბათ, ბევრჯერ ინანა, რადგან "რენიდან" "ჩელსიში" გადასულმა პეტრმა არაერთხელ გაამწარა "წითელი ეშმაკები". "ლურჯებთან" ერთად მან 4-ჯერ მოიგო პრემიერლიგა, ერთხელ ჩემპიონთა ლიგა, ერთხელ ევროპალიგა, 4-ჯერ ასოციაციის თასი და 3-ჯერ ლიგის თასი. ახლა კი ის "არსენალში" გადაბარგდა.

დიდიე დროგბა
"დიდიე დროგბა კიდევ ერთი ფეხბურთელია, რომლის შეძენაც "ჩელსიმ" დაგვასწრო. იგი "მარსელში" თამაშობდა და დასაკვირვებლად ჩავედით. თუმცა კლუბს 25 მილიონი გირვანქა სურდა, რაც სოლიდური თანხა იყო. სანამ ჩვენ ვფიქრობდით, "ჩელსიმ" ტრანსფერი განახორციელა" - აღნიშნა ფერგიმ.

თომას მიულერი
თქვენ წარმოიდგინეთ და, ფერგიუსონი თავის დროზე თომას მიულერის შეძენასთანაც კი იყო ახლოს, ფეხბურთელის, რომელიც "იუნაიტედს" ახლაც აინტერესებს, მაგრამ მიუნხენის "ბაიერნი" გერმანიის ნაკრების თავდამსხმელთან განშორებას არ აპირებს.

"მან გერმანიის ნაკრებისთვის 2010 და 2014 წლების მსოფლიოს ჩემპიონატზე 5-5 გოლი გაიტანა. თომასი 10 წლის გახლდათ, როდესაც პირველად გაგვაგონა თავისი არსებობის შესახებ. იგი მიუნხენთან ახლოს, ერთ-ერთ სამოყვარულო გუნდში თამაშობდა. მიულერის თამაში ვნახეთ და მოგვეწონა, მეორე დღეს კი "ბაიერნთან" გააფორმა კონტრაქტი" - ამბობს შოტლანდიელი.

რონალდო
"1994 წელს ბრაზილიელის ყიდვა "კრუზეიროსგან" გვინდოდა, მაგრამ სამუშაო ვიზა ვერ მივიღეთ. ამის შემდეგ, იგი ჰოლანდიაში პსვ-ში წავიდა" - "წითელი ეშმაკების" თავკაცი "ფენომენის" შეძენასთანაც ძალიან ახლოს გახლდათ.

სერხიო აგუერო
"ჩვენ გვქონდა შანსი აგუერო გვეყიდა, სანამ ის "სიტიში" გადავიდოდა, მაგრამ მისი აგენტი ისეთ თანხას ითხოვდა, რომ ასეთი ფინანსური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მაშინ მზად არ ვიყავით" - გაიხსენა ფერგიუსონმა.

ლუკას მოურა
"ჩემი მანჩესტერული კარიერის მიწურულს, ლუკას მოურას შეძენაზე ვფიქრობდით, ძალიან ნიჭიერი მარჯვენა ფლანგის შემტევის, რომელიც მაშინ სამშობლოში, "სან პაულუს" რიგებში თამაშობდა. ჩვენ 24 მილიონ გირვანქას ვიხდიდით, მერე კი 30 და 35 მილიონამდ ავწიეთ შეთავაზება. თუმცა "პარი სენ-ჟერმენმა" მასში 45 მილიონი გადაიხადა. ჩვენ ამ სიმაღლეებზე ასვლა და ამდენის გადახდა არ შეგვეძლო" - განაცხადა სერ ალექსმა.

რაფაელ ვარანი
"2011 წელს ლილში მიმავალ მატარებელზე დავჯექი, რადგან ახალგაზრდა ფრანგი მცველი რაფაელ ვარანი მეყიდა. უფროსობა "ლილთან" თითქმის მოლაპარაკებული იყო. თუმცა სწორედ ამ დროს გამოჩნდა ზინედინ ზიდანი და ვარანი ცხვირწინ აგვაცალა. ეჭვი მაქვს, მადრიდის "რეალის" მაშინდელ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს ვარანის თამაში ნანახიც არ ჰქონდა" - ასე დააბრალა ზიდანს ვარანის შეძენა.

სხვა ფეხბურთელები
"კიდევ ბევრი ფეხბურთელი იყო, რომელთა შეძენაც მინდოდა. მაგალითად, ალან შირერის, რომელიც "ნიუკასლის" რიგებში ბრწყინავდა და პრობლემებს გვიქმნიდა ხოლმე. ასევე არგენტინელი გაბრიელ ბატისტუტასი, რომელმაც კარიერის დიდი ნაწილი იტალიაში გაატარა, ანაც სამირ ნასრის, ვინც საბოლოოდ, "სიტიში" გადავიდა.

1989 წელს გლენ ჰაისენი ვერ ვიყიდე "ფიორენტინადან", სანაცვლოდ კი გარი პალისტერი შევიძინე. ძალიან მინდოდა ჰოლანდიელი პატრიკ კლუივერტის დამატება, მაგრამ ეს არ გამომივიდა, იგი მაშინ "მილანში" თამაშობდა. თუმცა მშვენიერი ალტერნატიული ვარიანტი ვიპოვნე - დუაიტ იორკი" - დასძინა ფერგიმ.

საუკეთესოები
ლეგენდარულმა მწვრთნელმა იმ ფეხბურთელებზეც გააკეთა კომენტარი, რომლებიც მისი ეპოქის დროს "მანჩესტერში" თამაშობდნენ და "მსოფლიო დონის" ფეხბურთელები ეთქმოდათ და ერქვათ. ასეთად ფერგიუსონს 4 მიაჩნია - ერიკ კანტონა, რაიან გიგსი, პოლ სქოულზი და კრიშტიანო რონალდო.

როგორც ხედავთ, მსოფლიო დონის მოთამაშის წოდება ვერ დაიმსახურეს - დევიდ ბექემმა, როი კინმა, პიტერ შმეიხელმა, უეინ რუნიმ... ყველა მათგანს ფერგიუსონმა "დიდი და ძალიან კარგი ფეხბურთელი" უწოდა, მაგრამ საუკეთესოთა შორის საუკეთესოების სიაში ისინი ვერ მოხვდნენ.

მემკვიდეობა
ფერგიუსონმა აღიარა, რომ თავის შემცვლელად პეპ გვარდიოლას განიხილავდა და ისიც აღნიშნა, მას დავურეკე და ვუთხარი დამკავშირებოდა, რომ გაგვესაუბრა, მაგრამ აღარ შემეხმიანა და სხვა გადაწყვეტილება მიიღოო (ანუ "ბაიერნში" წავიდა).
განიხილებოდა კარლო ანჩელოტის, იურგენ კლოპისა და ჟოზე მოურინიოს კანდიდატურები.

"პეპის მუშაობა ძალიან მომწონდა და ვგულშემატკივრობდი. ვთხოვე, სანამ გადაწყვეტილებას და სხვა გუნდის შემოთავაზებას მიიღებდა, დაერეკა, მაგრამ ეს არ გააკეთა და "ბაიერნის" წინადადება მიიღო. როდესაც ჩემი შემცვლელზე ფიქრი და მისი ძებნა დავიწყეთ, რამდენიმე აშკარა ვარიანტი გამოიკვეთა, მაგრამ ზოგიერთი კანდიდატის მოყვანა უბრალოდ, შეუძლებელი გახლდათ" - თქვა 73 წლის სეციალისტმა.

პოლ პოგბაზე
"პოლთან სამწლიანი კონტრაქტი გვქონდა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით და ამ პუნქტის გამოყენება გვსურდა. თუმცა მოულოდნელად, სცენაზე მისი აგენტი მინო რაიოლა გამოვიდა და ჩვენი პირველივე შეხვედრა ფიასკო იყო, ერთმანეთს ვერ გავუგეთ. ჩვენ ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან, ისევე, როგორც ზეთი და წყალი".

მარიო ბალოტელიზე
"2010 წელს აქტიურად მაწუხებდა აზრი და სურვილი მისი შეძენის შესახებ. თუმცა იტალიური კონტაქტები გამოვიყენე და მასზე დამატებითი ინფორმაცია შევაგროვე. დამიდასტურეს, რომ მისი შეძენა ძალიან დიდი რისკი იქნებოდა. ამიტომაც, ამ იდეას შევეშვი".

რაიან გიგსზე
"მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ კარგი მწვრთნელი გამოვიდეს. რაიანი ჭკვიანია, გამოცდილი, ქარიზმატული. სათამაშო კარიერა ცოტა ადრე რომ დაესრულებინა, დიდი შანსი იყო იმის, რომ ბოლო წლები ჩემი ასისტენტის რანგში გაეტარებინა. ახლა მისთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო პერიოდია, ვან გაალის თანაშემწედ მუშაობს და უცხოელი მწვრთნელისგან მიღებული გამოცდილება ბევრს ნიშნავს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული