პრემიერლიგა. II ტური: ქალაქელებმა დედაქალაქელები დაჩაგრეს [VIDEO]

AutoSharing Option
"ჩელსის" ფიასკო
"მანჩესტერ სიტიმ" ლონდონის "ჩელსის" გადაურბინა და ორი ტურის შემდეგ წინა სეზონის ვიცე-ჩემპიონმა უკვე 5-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა მოქმედ ჩემპიონთან. იმის მიხედვით, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავდით, სავარაუდოც გახლდათ, რომ "ქალაქელებს" უპირატესობა ექნებოდათ და ვამბობდით კიდეც - "სიტი" თავისთვის კარგ დროს ხვდება "ჩელსისო", მაგრამ თუ მანუელ პელეგრინის გუნდი ასეთი თავდაჯერებული და შთამბეჭდავი იქნებოდა და "ლურჯებს" ამდენად დაჯაბნიდა, ადვილი წარმოსადგენი არ გახლდათ.

ის, რომ "სიტი" პირველ ნახევარ საათში ვერ დაწინაურდა და მინიმუმ ერთი გოლი მაინც ვერ გაიტანა, პირველ რიგში, დისკვალიფიცირებული ტიბო კურტუას ნაცვლად
მოთამაშე ასმირ ბეგოვიჩის დამსახურებაა. ბოსნიელმა მეკარემ ყოვლად მოუსვენარ სერხიო აგუეროს სისხლი გაუშრო, სამჯერ აჯობა და "კუნის" აღფრთოვანებაც დაიმსახურა. მეოთხედ არგენტინელმა თავად ააცილა, მეხუთედ კი მშვენივრად შეასრულა და თავისი მაინც გაიტანა.

დაცვის შეცდომები, როგორც ჩანს, ჯონ ტერის დაბრალდა, რომელიც ჟოზე მოურინიომ შესვენების შემდეგ შეცვალა, არადა, ასეთი რამ მათი თანამშრომლობისას აქამდე არასოდეს მომხდარა - პორტუგალიელს ტერი არც ერთხელ არ შეუცვლია.

მეორე ტაიმში "ჩელსი" შედარებით გააქტიურდა, მაგრამ "სიტი" ოლიმპიური სიმშვიდითა და დამაჯერებლობით აგრძელებდა ბურთაობას. მხოლოდ ორი ეპიზოდი იყო, რომელზედაც "ლურჯების" "გასამართლებლად" ღირს ყურადღების გამახვილება - რამირესს გოლი არ ჩაუთვალეს, არადა, სესკ ფაბრეგასის ბრწყინვალე პასის მერე ბრაზილიელი მაქსიმუმ 1-2 სანტიმეტრით წინ თუ იყო მეტოქეზე, ხოლო გარდამტეხი, ალბათ, ის მომენტი გახლდათ, რომელიც ედენ აზარმა ვერ გამოიყენა, როდესაც ზუსტად იქ დაარტყა, სადაც ბურთს ჯო ჰარტი ელოდებოდა.

სულ მალე კი მანჩესტერელებმა ინტრიგა მოკლეს - ვენსან კომპანიმ მეორე ტურშიც გაიტანა - "სიტის" კაპიტანმა თავურით იხეირა, ხოლო წერტილი ფერნანდინიომ დასვა, რომელმაც ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა და ბევრის აზრით, მატჩის საუკეთესო მოთამაშეც იყო.

ბრაზილიელმა ისეთი გაიტანა, რომ ყველაზე მეტად მის ძლიერ გასროლას შემდეგი გამოთქმა მოუხდება - მეტოქეს ბოლო ლურსმანი დააჭედაო. დედაქალაქელებს ერთის გაქვითვა ბოლოსკენ შეეძლოთ, როდესაც შეცვლაზე შემოსული რადამელ ფალკაო იმავე ჰარტმა არ გაახარა და კოლუმბიელს მახვილი კუთხიდან დარტყმული აუღო.

ასე რომ, "სიტიმ" უკვე ორ ტურში მოიპოვა 5-ქულიანი უპირატესობა "ჩელსისთან" და ორი თამაშის შემდეგ 6 გოლი აქვს გატანილი, გაშვებული კი არც ერთი...

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სხვა 6-ქულიანები
ნაკლებად შთამბეჭდავი თამაშით, მაგრამ ექვსი ქულით მიიპარება მეორე მანჩესტერული გუნდიც.

"იუნაიტედმა" ბირმინგემში "ასტონ ვილას" აჯობა. ლუი ვან გაალი ექსპერიმენტებს აგრძელებს. მან, ამჯერად, ადნან იანუზაი გაამწესა ძირითად შემადგენლობაში და ეშლი იანგი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ საბურთაოდ მხოლოდ მოგვიანებით გამოუშვა.

იანუზაის შეიძლება ციდან ვარსკვლავები არ მოუწყვეტია, მაგრამ ლამაზი კომბინაციისა და ტექნიკური თამაშის შემდეგ გამარჯვების გოლი კი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ "ტოტენჰემთან" შეხვედრაში "მანჩესტერმა" მეტოქის კარში ზუსტად მხოლოდ ერთხელ დაარტყა და მოიგო, "ასტონ ვილასთან" კი ზუსტი დარტყმების რაოდენობა ორი გახლდათ...

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩვენს გაოცებას აგრძელებს "ლესტერი", რომელმაც, ამჯერად, გასვლაზე პირველ ტურში "არსენალის" მძლეველ "ვესტ ჰემს" აჯობა. თავისი გოლი გაიტანა "მელიების" ახალწვეულმა შინჯი ოკაზაკიმ და ისევ გამოიჩინა თავი რიად მაჰრეზმა, რომელიც ორ შეხვედრაში სამი გოლით ბომბარდირთა დავას ჩაუდგა სათავეში. კლაუდიო რანიერის ლესტერშირელები ჩემპიონატის მოულოდნელი თანალიდერები არიან.

დღეს "ლივერპულს" აქვს შანსი, 6-ქულიანთა ბანაკს შეუერთდეს და მსვლელობა უდანაკარგოდ გააგრძელოს - თუ საკუთარ "ენფილდზე" "ბორნმუთს" დაამარცხებს.

სტუმრების დომინირება
პირველ ტურში 30 გოლი გავიდა, აქედან 18 სტუმარმა გუნდებმა გაიტანეს და ზოგადად, ტურმა მასპინძელთა პასიურობით ჩაიარა. გოლებმა იკლო, მაგრამ სტუმართა ყოჩაღობა მეორე ტურშიც შესამჩნევია. "მანჩესტერისა" და "ლესტერის" გარდა, საგარეო გამარჯვება კიდევ ორმა კლუბმა იზეიმა.

"ევერტონმა" "სენტ მერიზე" "საუთჰემპტონს" აჯობა. მიუხედავად იმისა, რომ ლივერპულელთა კარგ თამაშს ველოდით, ანგარიში ნამდვილად მოულოდნელია - 0:3. "კანფეტებისთვის" კარგი ამბავია ისიც, რომ რომელუ ლუკაკუმ ამ სეზონში თავისი ანგარიში გახსნა და დუბლი გაიფორმა, ხოლო როს ბარკლიმ მეორე ტურშიც გაიტანა.

"ნორვიჩმა" კი "სანდერლენდი" არ დაინდო "ლაითზე" და შეიძლება ითქვას, უშუალო კონკურენტს აჯობა. დიკ ადვოკაატის ბიჭები კი კვლავაც უსუსურები იყვნენ და ფაქტია, "შავ კატებს" რთული სეზონი ელოდებათ.

დანარჩენი
უიღბლოდ იწყებს "ტოტენჰემი", რომელიც, თითქოს, მშვენივრად თამაშობდა და 2:0-საც უგებდა "სტოკს", მაგრამ ეს უპირატესობა "დეზებმა" რამდენიმე წუთში გაფლანგეს და მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო ძალიან გულდაწყვეტილი დატოვეს. მარკ ჰიუზის გუნდში სერდან შაქირის დებიუტი გადაიდო, რადგან მას მილანის "ინტერიდან" დისკვალიფიკაცია აქვს გადმოყოლილი.

სამაგიეროდ, "ვესტ ბრომვიჩ ალბიონზე" შედგა სალომონ რონდონის დებიუტი, იგი შეცვლაზე შევიდა მინდორზე - სულ რაღაც 7 წუთით. ტონი პულისს ერთბაშად სამი თავდამსხმელი ჰყავდა მინდორზე, "ვესტ ბრომმა" კი მაინც ვერ მოიგო, მაგრამ არც წააგო. "უოტფორდი" კი ორი ტურის მერე ამდენივე ქულითაა.

დაბოლოს, ოთხი ძვირფასი ქულითა და მშვენიერი თამაშით იწონებს თავს "სუონსი". გარი მონკის დამოძღვრილმა უელსელებმა ძალიან აკადემიურად აჯობეს "ნიუკასლს", რომელიც მოუგებლად რჩება. "თეთრმა გედებმა" ძალების დაზოგვით იმარჯვეს და საინტერესოა, რომ "სუონსის" მხრიდან გოლები იმავე ფეხბურთელებმა გაიტანეს - ბაფეტიმბი გომისმა და კლუბის ახალწვეულმა ანდრე აიუმ. მშვენივრად გამოიყურებოდნენ ჯონჯო შელვი და გილფი სიგურდსონიც.

პრემიერლიგა. II ტური
14 აგვისტო
ასტონ ვილა-მანჩესტერი 0:1
გოლი: 0:1 იანუზაი (29)
ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი - ბაკუნა, რიჩარდსი, კლარკი, ამავი - ვერეტო (78. კ. სანჩესი), გეიე, ვესტვუდი - ჯ. აიუ, სინკლერი (59. ჟესტედი), აგბონლაჰორი
მანჩესტერი (4-2-3-1): რომერო - დარმიანი, სმოლინგი, ბლინდი, შოუ - კერიკი (60. შვაინშტაიგერი), შნეიდერლენი - მატა, დეპაი (82. იანგი), იანუზაი (60. ერერა) - რუნი
გაფრთხილება: ჯ. აიუ, გეიე - ერერა, დარმიანი
კუთხური: 3-5 ჯარიმა: 14-10 თამაშგარე: 4-3 კარში დარტყმა: 5(1)-9(2) ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 42 200

15 აგვისტო
საუთჰემპტონი-ევერტონი 0:3
გოლები: 0:1 ლუკაკუ (22), 0:2 ლუკაკუ (45), 0:3 ბარკლი (84)
საუთჰემპტონი (4-2-3-1): სტეკელენბურგი - სედრიკი, ფონტე, იოშიდა, ტარგეტი - დევისი (79. უორდ-პრაუსი), ვანიამა - ტადიჩი (46. რომეუ), მანე, ლონგი (72. ჯეი როდრიგესი) - პელე
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - კოულმენი, სტოუნსი, ჯაგიელკა, გოლოუეი (88. ბრაუნინგი) - მაკარტი, ბერი - ბარკლი, კლევერლი, კონე (80. ნეისმიტი) - ლუკაკუ (89. დეოლოფეუ)
გაფრთხილება: ტარგეტი, პელე, რომეუ, დევისი - ბარკლი, მაკარტი
კუთხური: 9-9 ჯარიმა: 11-10 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 17(4)-10(4) ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 30 966

ვესტ ჰემი-ლესტერი 1:2
გოლები: 0:1 ოკაზაკი (27), 0:2 მაჰრეზი (38), 1:2 პაიე (55)
ვესტ ჰემი (4-3-1-2): ადრიანი - ჯენკინსონი, რიდი, ოგბონა, კრისუელი - კუიატე (76. ლანსინი), ოქსფორდი (46. ობიანგი), ნოუბლი - პაიე - სარატე (83. მაიგა), სახო
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - დე ლაეტი (66. ბენალუანი), ჰუტი, მორგანი, შლუპი - ოლბრაიტონი, კინგი, დრინკვოტერი, მაჰრეზი (82. ფუხსი) - ვარდი, ოკაზაკი (62. კანტი)
გაფრთხილება: ჯენკინსონი - ვარდი, ოკაზაკი, ბენალუანი
გაძევება: ადრიანი (90+2)
კუთხური: 8-4 ჯარიმა: 11-12 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 10(3)-11(6) ბურთის ფლობა: 65%-35%
მაყურებელი: 34 857

უოტფორდი-ვესტ ბრომვიჩი 0:0
უოტფორდი (4-2-3-1): გომესი - ნიომი, პრიოდლი, კატკარტი, ანია - კაპუ, ბეჰრამი - ლაიუნი (55. აბდი), იგალო, ხურადო (84. ბერგუისი) - დინი
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): მაიჰილი - დოუსონი, მაკკოლი, ოლსონი, ბრანტი - მორისონი, გარდნერი (62. რონდონი), ფლეტჩერი, იაკობი - ლამბერტი (69. მაკკლინი), ბერაჰინო (90. მაკმანამანი)
გაფრთხილება: ნიომი - ოლსონი, ლამბერტი
კუთხური: 2-4 ჯარიმა: 13-10 თამაშგარე: 0-0 კარში დარტყმა: 16(5)-5(0) ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 20 011

ტოტენჰემი-სტოკი 2:2
გოლები: 1:0 დაიერი (19), 2:0 შადლი (45+2), 2:1 არნაუტოვიჩი (78-პენ.), 2:2 დიუფი (83)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოკერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, დეივისი - დაიერი, მეისონი (69. ბენთალები) - დემბელე, ერიკსენი, შადლი - კეინი (64. ლამელა)
სტოკი (4-2-3-1): ბატლენდი - ჯონსონი, კამერონი, მუნიესა, პიტერსი (46. ვოლშაიდი) - ვან გინკელი (59. აირლენდი), უელანი - უოლტერსი (59. ხოსელუ), აფელაი, არნაუტოვიჩი (90+1. ადამი) - დიუფი
გაფრთხილება: უოკერი, დეივისი - უელანი, მუნიესა
კუთხური: 4-3 ჯარიმა: 15-11 თამაშგარე: 3-3 კარში დარტყმა: 13(7)-16(7) ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 36 004

სუონსი-ნიუკასლი 2:0
გოლები: 1:0 გომისი (9), 2:0 ა. აიუ (52)
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი - ნოტონი, ფ. ფერნანდესი, უილიამსი, ნ. ტეილორი - შელვი, კორკი - ა. აიუ (72. დაიერი), სიგურდსონი (86. ბრიტონი), მონტერო (77. რუტლეჯი) - გომისი
ნიუკასლი (4-2-3-1): კრული - იანმაატი, მბემბა, კოლოჩინი, ჰაიდარა - ანიტა, კოლბეკი - სისოკო (46. ს. ტეილორი), ვეინალდუმი, ობერტანი (82. მიტროვიჩი) - სისე (54. აარონსი)
გაფრთხილება: ა. აიუ, ნოტონი - იანმაატი, იანმაატი, მიტროვიჩი
გაძევება: იანმაატი (41)
კუთხური: 4-4 ჯარიმა: 11-8 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 19(6)-4(2) ბურთის ფლობა: 65%-35%
მაყურებელი: 20 678

სანდერლენდი-ნორვიჩი 1:3
გოლები: 0:1 მარტინი (26), 0:2 უიტეკერი (37), 0:3 რედმონდი (57), 1:3 უოტმორი (88)
სანდერლენდი (4-4-2): პანტილიმონი - ჯოუნსი (54. მეტიუსი), კოატესი, ქაბული, ვან აანჰოლტი - კატერმოლი, ლარსონი (46. გრემი), მ"ვილა, ლენსი - ფლეტჩერი (70. უოტმორი), დეფო
ნორვიჩი (4-2-3-1): რადი - უიტეკერი, მარტინი, ბასონგი, ბრედი - დორანსი, ტეტი - ჰულაჰანი (62. ჯონსონი), რედმონდი (83. ო"ნილი), ჰოუსონი - ჯერომი (68. გრაბანი)
გაფრთხილება: ლენსი - ბასონგი, ტეტი
კუთხური: 6-6 ჯარიმა: 7-7 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 6(2)-19(6) ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 41 379

16 აგვისტო
კრ. პალასი-არსენალი 1:2
გოლები: 0:1 ჟირუ (16), 1:1 უარდი (28), 1:2 დელანი (55-ს.კ-ში)
კრ. პალასი (4-5-1): მაკარტი - უარდი, დანი, დელანი, სუარე - ზაჰა (76. იუნი), პანჩონი, კაბაი, მაკარტური (80. ბამფორდი), ბოლაზი (46. მატჩი) - ვიქჰემი
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, მერტეზაკერი, კოშელნი, მონრეალი - კოკლენი (64. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), კასორლა - რემზი, იოზილი (83. გიბსი), სანჩესი (75. არტეტა) - ჟირუ
გაფრთხილება: მაკარტური - კოკლენი
კუთხური: 6-6 ჯარიმა: 14-12 თამაშგარე: 3-2 კარში დარტყმა: 10(4)-19(6) ბურთის ფლობა: 41%-59%
მაყურებელი: 24 732

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სიტი-ჩელსი 3:0
გოლები: 1:0 აგუერო (31), 2:0 კომპანი (759), 3:0 ფერნანდინიო (85)
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - სანია, კომპანი, მანგალა, კოლაროვი - იაია ტურე, ფერნანდინიო - ნავასი (65. ნასრი), სილვა, სტერლინგი (79. დემიკელისი) - აგუერო (84. ბონი)
ჩელსი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი (46. ზუმა), ასპილიკუეტა - ფაბრეგასი, მატიჩი - ვილიანი (79. ფალკაო), რამირესი (84. კუადრადო), აზარი - დიეგო კოშტა
გაფრთხილება: კომპანი, ფერნანდინიო, მანგალა, იაია ტურე - ივანოვიჩი, აზარი
კუთხური: 5-1 ჯარიმა: 19-13 თამაშგარე: 1-3 კარში დარტყმა: 18(8)-10(3) ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 54 331

17 აგვისტო
ლივერპული-ბორნმუთი 23:00

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული