"ჰალ სიტი": უიღბლო "ვეფხვები" და სტატისტიკა

AutoSharing Option
"ბარნლისა" და "ქუინზ პარკ რეინჯერსს" ხელი "ჰალმა" ჩაჰკიდა და ჩემპიონშიპში გავარდა. "ვეფხვებმა" ბოლო ტურში "მანჩესტერს" ვერ მოუგეს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ "ნიუკასლმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა, სტივ ბრიუსის გუნდს გამარჯვებაც არ შველოდა.

ბევრი ფიქრობს, რომ სტატისტიკას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ შესაძლოა, იმის მერე, რასაც ახლა ვიტყვით, აზრი შეიცვალოს - "ჰალს" მაისში პრემიერლიგაში არასოდეს მოუგია.

"ვეფხვებს" ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში გოლი არ გაეტანათ და ვერც ახლა გაიტანეს. ბრიუსს კი ყოფილი გუნდი "მანჩესტერი" მწვრთნელის რანგში იქამდელი 20 მატჩისას არც ერთხელ არ დაემარცხებინა და
ეს უიღბლო სერიაც გაგრძელდა. ერთადერთი, რაც შეიცვალა, ის არის, რომ "ჰალს" "ოლდ ტრაფორდის" ბინადრებთან აქამდე უმაღლეს ლიგაში 7-ივე თამაში წაგებული ჰქონდა და ამჯერად ფრეს დასჯერდა.

არადა, "ჰალმა" ტრანსფერებში პატარა გუნდისთვის საკმაოდ ბევრი ფული დახარჯა, განსაკუთრებით, თავდამსხმელებში, მაგრამ გოლის გატანა "ვეფხვებისთვის" ბოლო დროს ყველაზე დიდი პრობლემა იყო. მიუხედავად ჩადებული ინვესტიციებისა, ფანები პრეზიდენტის, ასემ ალამის წასვლას ითხოვენ. ბრიუსი კი ხელშეუხებელია, ის ქომაგებს ძალიან უყვართ და თავად სტივიც არ აპირებს წასვლას.

"საშინელი გამოცდილება და შეგრძნებაა, ეს ფეხბურთელებს აუცილებლად ცუდ ხასიათზე დააყენებს, მაგრამ გონზე რაც შეიძლება მალე უნდა მოვიდეთ და ასევე მალე დავუბრუნდეთ პრემიერლიგას, უფრო ძლიერები. მეგონა, რომ სეზონის სტარტზე საკმარისად კარგად ვითამაშეთ იმისთვის, რომ დარჩენის პრობლემა აღარ შეგვქმნოდა, მაგრამ ვცდებოდი.

ხშირად გამოვსულვარ და მისაუბრია იმაზე, რომ არ გვიმართლებდა, მომენტებს ვქმნიდით და ვერ ვიყენებდით. ეს მართლაც ასე იყო, მაგრამ გოლებს თუ ვერ გაიტან, ყველაფერს სხვადასხვა ფაქტორს ვერ დააბრალებ. საკმარისად კარგები არ გამოვდექით და პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გავიზიაროთ" - განაცხადა ბრიუსმა.

შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც 12 თვის წინ "ჰალი" ასოციაციის თასის ფინალში იყო, ახლა კი პრემიერლიგიდან გავარდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული