მოიგებს გაისად არსენ ვენგერის "არსენალი" პრემიერლიგას?

AutoSharing Option
"ჰალთან" მატჩის განსაკუთრებით პირველი ტაიმით, მთლიანად მატჩითა და ზოგადად, "არსენალის" მიერ ბოლო პერიოდში ნაჩვენები თამაშით მოხიბლულთა შორის არის ფილ ნევილიც. იგი ახლა ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტია ინგლისში და მისი აზრი მართლაც საინტერესოა.

"თუ "მეთოფეები" ასე გააგრძელებენ, ისინი აუცილებლად იბრძოლებენ მომავალ სეზონში ჩემპიონობისთვის და ჩემი აზრით, "არსენალს" ძალიან ცოტა აკლია იმისთვის, რომ უკვე "ჩელსის" კონკურენტად ჩავთვალოთ", - ამბობს ნევილი.

ეს ცოტა კი, მისი აზრით, მეკარეა. როგორც ჩანს, ნევილს არც დავიდ ოსპინა აკმაყოფილებს და მით უმეტეს, არც ვოიცეხ შჩესნი.

"თუ "არსენალი" ახალ მეკარეს
მოიყვანს, ლონდონელებს შეუძლიათ, ჩემპიონობისთვის იბრძოლონ. მაგალითად, დავიდ დე ხეას ვუყურებ და მან 5-6 მატჩი პირადად მოაგებინა "მანჩესტერ იუნაიტედს", თავისი ბრწყინვალე სეივებით", - დასძინა ნევილმა.

ნოსტალგია და მომავალი
"არსენალი" "ჰალთან" გასვლაზე იმდენად შთამბეჭდავი გახლდათ, რომ ნევილმა "მეთოფეების" ძველი დიდების წლები გაიხსენა და პარალელები გაავლო.

"ეს იყო "არსენალის" შესრულებით საუკეთესო 45 წუთი პატრიკ ვიეირასა და ემანუელ პეტის პერიოდის მერე. ეს თამაში მარტივად შეიძლება აღვწეროთ - WOW. ისინი ბურთს თავისუფლად და ბრწყინვალედ ათამაშებდნენ, ყველა ჩინებულად მუშაობდა, გუნდურად.

მოედნის ხედვის, ვიზუალური მხარის, სისწრაფისა და ყველაფრის გათვალისწინებით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სხვა "არსენალია". ამ გუნდის ლამაზი თამაში აქამდეც გვინახავს, მაგრამ ეს ისეთი პერფორმანსი იყო, საჩემპიონოს რომ დაარქმევ", - თქვა ნევილმა.

კლოპი თუ ვენგერი?
არსენ ვენგერის შესაძლო წასვლაზე ხშირად საუბრობენ, მაგრამ თავად ფრანგს დარჩენა უნდა და ბოლო დროს მან ბევრის გული მოიგო, მათ შორის, ნევილისაც. თუმცა ფანების ნაწილი მაინც მიიჩნევს, რომ იურგენ კლოპი, რომელიც "დორტმუნდიდან" მიდის, "არსენალისთვის" უკეთესი ვარიანტი იქნება და ვენგერმა პოსტზე თავისი თავი ამოწურა.

"მსმენია, რომ "მეთოფეთა" ფანების ნაწილს ვენგერის წასვლა და იურგენ კლოპის მოსვლა სურს, არადა, ისინი უბრალოდ გაოცებულნი უნდა იყვნენ "არსენალის" თამაშით.

ამ გუნდს უკვე წლებია, ვაკვირდები და ზოგჯერ იმედგაცრუებას იწვევს, მაგრამ "ჰალთან" პირველი ტაიმი გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე კლუბის თამაშია. ისინი თავსაც კარგად, ორგანიზებულად იცავდნენ და შეტევაში ხომ საერთოდ, საოცრად, სწრაფად და ტექნიკურად გამოიყურებოდნენ.

ვფიქრობ, "არსენალისთვის" მეორე ადგილზე გასვლა ძალიან მნიშვნელოვანია. შესაძლოა, ეს ის ადგილია, რომლითაც ვერ იამაყებ და ტიტული არ მოაქვს, მაგრამ ვენგერის გუნდს პროგრესი აქვს და ეს სატურნირო ცხრილზეც უნდა აისახოს, რაც თავდაჯერებისთვისაც მნიშვნელოვანია.

ოთხეულის გუნდებს თუ გადავხედავთ, ჩემი აზრით, "ჩელსის" გარდა, "არსენალი" საუკეთესოდ აღჭურვილი გუნდია, რომელსაც ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია", - აღნიშნავს ნევილი.

არსენის ფიქრები
ვენგერს პრემიერლიგა 3-ჯერ აქვს მოგებული, მაგრამ 2004 წლის მერე ეს არ მომხდარა და სანამ მუსიე არსენი წინა სეზონის ასოციაციის თასს არ აღმართავდა, იქამდე 7 წელი სულაც უტიტულოდ იყო.

"დიახ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მეორე ადგილი ახლა ჩვენთვის საუკეთესო შედეგი იქნება და ჩვენი მიზანი ეს არის, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოვუმატოთ. ოთხეულში ადგილი უკვე გარანტირებული გვაქვს და ახლა მთავარია, მეორეზე გავიდეთ, მაგრამ თან, ასევე ხარისხიანად თამაში უნდა გავაგრძელოთ, რაც მნიშვნელოვანია.

ამჟამად, უკვე მომავალ მატჩზე ვფიქრობთ და კონცენტრაცია გვმართებს. მობილიზაციაში ისიც გვეხმარება, რომ წინ ასოციაციის თასის ფინალი გვაქვს და ვცდილობთ, საუკეთესო ფორმაში ვიყოთ.

ვგრძნობ და ვხედავ, რომ პროგრესი გვაქვს და ასე უნდა გაგრძელდეს, როგორც გუნდი, უნდა განვვითარდეთ".

რა იქნება შემდეგ სეზონში? "არსენალის" თამაში ამ კლუბის ფანებს მართლაც აძლევს იმედს, რომ გუნდი მომავალ სეზონში ჩემპიონობისთვის ბრძოლას შეძლებს და ჟურნალისტებმაც ვენგერს პირდაპირ ჰკითხეს, მოიგებთ თუ არა პრემიერლიგასო...

"მე წინასწარმეტყველი არ ვარ. ფეხბურთი არაპროგნოზირებადი სახეობაა. არავინ იცის, როგორ ფორმაში იქნება გუნდი სეზონის სტარტზე. არადა, ეს მნიშვნელოვანია. მთავარია, კარგად დავიწყოთ.

თუმცა ახლა, პირველ რიგში, დარჩენილ შეხვედრებზე უნდა ვიფიქროთ, ჩემპიონატი მეორე ადგილზე ჩავამთავროთ და ასოციაციის თასი მოვიგოთ", - განაცხადა 65 წლის სპციალისტმა.

ტრავმიანობა და უილშირი
ვენგერისა და არამარტო მისი აზრით, "არსენალი" ბევრად მეტს შეძლებდა, ტრავმები რომ არა. თუმცა ტრავმიანობა უკვე დიდი ხანია, "მეთოფეების" განუყრელი მეგზური და სენია. ზოგი ამას უკვე ღიად აბრალებს ექიმებს, ხოლო "მეთოფეთა" თავკაცის აზრით, უბრალო უიღბლობასთან გვაქვს საქმე.

"სეზონის სტარტიდანვე უამრავი დანაკარგი გვქონდა და მეტ-ნაკლებად ოპტიმალური შემადგენლობა მხოლოდ ბოლო თვეებში შევკრიბეთ, მაგრამ რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი ახლაც გვაკლია, მაგალითად, ჯეკ უილშირი. შესაბამისად, სიტუაციის დაბალანსებისთვის და კარგად ათამაშებისთვის დრო დაგვჭირდა და თავიდან ბევრი ქულა დავკარგეთ", - განაცხადა ვენგერმა.

რაც შეეხება უილშირს, რომელიც მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია როგორც კლუბისთვის, ასევე ინგლისის ნაკრებისთვის, ვენგერი მასთან დაკავშირებით არც ისე დამაიმედებელ განცხადებას აკეთებს.

23 წლის ნახევარმცველის მთავარი პრობლემა სწორედ ხშირი ტრავმიანობაა და მწყობრში სრულად ვერაფრით ჩადგა.

"იმისათვის, რომ ჯეკი ძველებურად ათამაშდეს, მას 2-3 წელი სჭირდება პრობლემების გარეშე. მან თავდაჯერება და სათამაშო ფორმა უნდა აღიდგინოს. იმედია, ბედი ისევ არ უმტყუნებს, ტრავმები აღარ შეაწუხებს და ნელ-ნელა საჭირო სიმაღლეზე ავა", - დასძინა ფრანგმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული