ინგლისის ნაკრები: ერის სირცხვილი თუ გონივრული გადაწყვეტილება

AutoSharing Option
გარი ლინეკერის თქმით, დანაშაული, ქვეყნის სირცხვილი და უსამართლობა იქნება, თუ ახალგაზრდა და გამორჩეულ ინგლისელ ფეხბურთელებს 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშის უფლება არ მიეცემათ. მაგალითისთვის შეგვიძლია ჰარი კეინი, როს ბარკლი და რაჰიმ სტერლინგი მოვიყვანოთ.

მართლაც რომ "ნაციონალური საგანძური" ჰარი კეინი "ტოტენჰემთან" ერთად ავსტრალიაში აპირებს გამგზავრებას, სადაც "დეზებს" "სიდნეისთან" აქვთ თამაში, ხოლო აქედან სამ კვირაზე ნაკლებში, კერძოდ კი, 18 ივნისს, ინგლისის ახალგაზრდულ გუნდს პორტუგალიასთან აქვს თამაში. ერთი სიტყვით, კეინს დიდი დასვენება არ გამოუვა და ზოგი მიიჩნევს, რომ იგი შეიძლება გადაიწვას, მაგრამ ლინეკერი და მაგალითად,
გარი ნევილიც სულ სხვა აზრზე არიან.

"ამ ბიჭების შემადგენლობიდან ამოგდება დიდი უსამართლობა და ქვეყნის სირცხვილი იქნება. ინგლისის 21-წლამდელებმა გერმანიას მოუგეს, რამდენიმე კარგი მოთამაშეც ძირითადი ნაკრებიდანაა და მათ შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატი მოიგონ" - ამბობს ლინეკერი.

გარი ნევილი: "კეინის, როგორც ფეხბურთელისა და პროფესიონალის განვითარებას ზაფხულში ამ ტურნირზე მონაწილეობის მიღება მხოლოდ ხელს თუ შეუწყობს და არა პირიქით".

რაც შეეხებათ ბარკლისა და სტერლინგს, პირველი დიდი ხანია, ფორმაში არ არის, თუმცა ბოლო დროს როსს კიდევ არა უშავს, მაგრამ "ევერტონის" მწვრთნელი რობერტო მარტინესი თავის აზრზე რჩება - ბარკლი გადაღლილია და დასვენება სჭირდება, ზაფხულში კიდევ ერთი შეჯიბრება მისთვის ზედმეტი იქნებაო. სტერლინგი კი უკვე დიდების ნაკრების თავკაცს, როი ჰოჯსონს სთხოვს ხოლმე, დამასვენეო და აბა, რამდენად რეალურია ახალგაზრდულ გუნდში მისი გამოჩენა?

"მჯერა, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატს და ახალგაზრდულ ნაკრებს შეუძლია ახალგაზრდების კარგად მომზადება და მათთვის იმ გამოცდილების მიცემა, რომელიც მათ ძირითად ნაკრებში გამოადგებათ.

ეს იგივე ჰარის ეხება. სტერლინგი კი, რეალურად თუ ვიტყვით, როგორც ინგლისის ნაკრებისთვის, ასევე "ლივერპულისთვის" ძალიან მნიშვნელოვან ფეხბურთელად იქცა. მას დიდი დატვირთვა აქვს და დარწმუნებული არ ვარ, რომ ზაფხულში დამატებითი შეჯიბრება მისთვის კარგი იქნებოდა" - აღნიშნა 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული