"ჰალის" მთავარი მწვრთნელი ჟურნალისტებს გაუწყრა

AutoSharing Option
"ჰალის" მთავარმა მწვრთნელმა სტივ ბრიუსმა, რბილად რომ ვთქვათ, "ჟურნალისტური სისულელე" უწოდა იმ ხმებს, რომელთა მიხედვითაც, იგი "ვეფხვების" მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებდა და ჩემპიონშიპის ბინადარ "ფულემს" ჩაიბარებდა.

ბრიუსს "ჰალში" ძალიან მძიმე სეზონი აქვს და დიდი ხანია, მის სავარაუდო წასვლაზე საუბრობენ.

თუმცა ახლა, მას მერე, რაც გამოცდილმა სპეციალისტმა კინაღამ გასვლაზე "მანჩესტერ სიტის" მოუგო, იგი უფრო თამამად ალაპარაკდა.

თუმცა "ასტონ ვილასთან" დღევანდელი საშინაო მატჩი მისთვის შესაძლოა, გადამწყვეტი გამოდგეს - თუ "ჰალმა" წააგო, ბრიუსის მოხსნის საკითხი უკვე სერიოზულად დადგება.

ბრიუსი დარწმუნებულია, რომ ბირმინგემელების გარდა,
მას კიდევ ორ უშუალო კონკურენტთან მომავალ დაპირისპირებასაც აცდიან - "სანდერლენდთან" და ქპრ-სთან.

ამის მერე კი მართლაც ბევრი რამ გამოჩნდება და თუ "ჰალი" წარუმატებლად ჩაატარებს ხსენებულ შეხვედრებს, ბრიუსი, ალბათ, თავადაც გადადგება.

"ვეფხვების" დამრიგებელს ჰკითხეს ნიკიცა იელავიჩზეც. ხორვატი ძირითადად სათადარიგოთა სკამზე რჩება და ჟურნალისტებმა ამის მიზეზი მოიკითხეს.

"ნიკიცა მუხლის ტრავმის გამო ბევრად უფრო გვიან უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ სარეაბილიტაციო პერიოდი კარგად წავიდა და მანაც იმდენად მოინდომა და ისე შემართულია, რომ უკვე განაცხადში ხვდება, რაც მიღწევაა და ნელ-ნელა მეტ სათამაშო დროს მიიღებს. მჯერა, მალე ძველებურადაც ათამაშდება", - თქვა ბრიუსმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული