ასოციაციის თასი და სტივენ ჯერარდის 700

AutoSharing Option
"ლივერპულს" ასოციაციის თასის მერვედფინალში გასასვლელად "ბოლტონთან" გადათამაშება დასჭირდა. "ენფილდური" 0:0-ისა არ იყოს, ბრენდან როჯერსის ბიჭებმა ამჯერადაც იწვალეს.

ჩრდილოირლანდიელ როჯერსს მისმა თანამემამულემ, ნილ ლენონმა კარგი ტაქტიკური დუელიც გაუმართა. "უონდერერსი" ვეტერანმა ისლანდიელმა ეიდურ გუდიონსენმა პენალტით დააწინაურა და მასვე კიდევ ერთი კარგი შანსი რომ გამოეყენებინა, ათკაციანი "ბოლტონი", ალბათ, სენსაციას მოახდენდა, მაგრამ... ისიც ფაქტია, რომ მერსისაიდელებს არ უმართლებდათ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მათ სამჯერ გაარტყეს ბურთი ძელს. "ბოლტონმა" 86-ე წუთამდე გაძლო, მერე კი "ლივერპულმა" გაილაღა.

მშვენივრად მოთამაშე ემრე ჯანმა რაჰიმ სტერლინგს საუცხოო პასი "
დაუხატა" და ანგარიშიც გათანაბრდა, ხოლო ბოლო წამებზე ფილიპე კოუტინიომ ტექნიკური შორეული დარტყმით "ჩასვა" ბურთი მეტოქის კარში და თავისიანებს მოაგებინა, რითაც აღნიშნა კიდეც გუნდთან კონტრაქტის 2020 წლამდე გახანგრძლივება.

ეს სტივენ ჯერარდის მე-700 მატჩი გახლდათ "ლივერპულის" მაისურით. ამ მხრივ, იგი ჯეიმი კარაგერსა (737) და პირველზე მყოფ იან კალაგანს (857 მატჩი) ჩამორჩება. ისე, ლივერპულელებმა თავიანთი კაპიტნის ხათრით მაინც უნდა სცადონ ფინალში გასვლა, რომელიც "უემბლიზე" 30 მაისს გაიმართება, ანუ ჯერარდის 35-ე დაბადების დღეს და ამის მერე იგი დატოვებს კიდეც გუნდს.

მიუხედავად იმისა, რომ როჯერ ისტმა "ბოლტონის" სასარგებლოდ საეჭვო პენალტი დანიშნა, ლენონი არბიტრით მაინც უკმაყოფილო დარჩა და აღნიშნა, მსაჯს ნილ დანსი სულ ტყუილად რომ არ გაეძევებინა, მეეჭვება, შეხვედრა ასე წარმართულიყოო.

ბრენდან როჯერსი: "ფილიპე კოუტინიო ბრწყინვალე გახლდათ. ამ ბიჭის სანახავად ფული უნდა გადაიხადო და დააკვირდე, როგორ თამაშობს იგი ფეხბურთს, ეს სასიამოვნოა. კოუტინიო ბევრი ტექნიკური, მაგრამ ფიზიკურად არც ისე ძლიერი მოთამაშისთვის მისაბაძი უნდა გახდეს. ის ჩინებული ფეხბურთელია და ახლახან თავისი მომავალი დიდი ხნით დაუკავშირა "ლივერპულს", რაც ძალიან კარგია. რაც შეეხება ზოგადად მატჩს, სამართლიანი შედეგი დაფიქსირდა.

ძალიან თავდაჯერებულები ვიყავით და ბოლომდე საჭირო შემართებით ვითამაშეთ და მახარებს, რომ ხასიათს ვავლენთ. 0:1-ზეც მჯეროდა, რომ მოვიგებდით. გოლი არარსებული პენალტით გავუშვით, თავად კი ორი გავიტანეთ, მაგრამ ბევრად, ბევრად მეტი უნდა გაგვეტანა".

ბოლტონი-ლივერპული 1:2
გოლები: 1:0 გუდიონსენი (59-პენ.), 1:1 სტერლინგი (86), 1:2 კოუტინიო (90+1)
გაძევება: დანსი (66. ბოლტონი)

ასოციაციის თასი. 1/8-ფინალის განრიგი
14 თებერვალი
ვესტ ბრომვიჩი-ვესტ ჰემი 16:45
დერბი-რედინგი 19:00
ბლექბერნი-სტოკი 19:00
კრ. პალასი-ლივერპული 21:30

15 თებერვალი
ასტონ ვილა-ლესტერი 16:30
ბრედფორდი-სანდერლენდი 18:30
არსენალი-მიდლსბრო 20:00

16 თებერვალი
პრესტონი-მანჩესტერი 23:45

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული