მივხვდი, რატომაც უწოდებენ "ოცნებების თეატრს" - "ლელოს" კორესპონდენტი "ოლდ ტრაფორდზე"

AutoSharing Option
რა არის ფეხბურთი? ბურთი. სტადიონი. მიიღო იამანიძემ, გადააწოდა მესხს. მესხმა თავისი შესანიშნავი ფინტებით მოატყუა ერთი, მოატყუა მეორე, მოატყუა მესამე, მოატყუა მეოთხე, მეხუთე, მეკარე! დარტყმა... არის!

ვფიქრობ, ფეხბურთის ეს ქართული განმარტება კინოფილმიდან "ბურთი და მოედანი" ერთ-ერთი საუკეთესოა (თუ საუკეთესო არა) და ამაზე უკეთესის მოფიქრება შეუძლებელია. ესაა ფეხბურთი საქართველოში და ნებისმიერ საფეხბურთო ქვეყანაში და ესაა ფეხბურთი ინგლისშიც.

მაგრამ ინგლისი განსაკუთრებულია, რადგან ეს სასწაული სწორედ ინგლისელებმა გვაჩუქეს.

ფეხბურთი ყველგან ერთია, მაგრამ ყველგან სხვადასხვანაირად უყვართ, სხვადასხვანაირად თამაშობენ და ფეხბურთს ყველგან სხვადასხვანაირად უდგებიან.

მოგზაურობისას ყოველთვის
ვცდილობ, იქაურ ფეხბურთს დავესწრო, ფეხბურთისადმი იქაური ვნება ვნახო.

მადლობა ღმერთს, უკვე ბევრ ქვეყანაში ვნახე ფეხბურთი, ევროპის საუკეთესო ოთხეულიდან კი ერთი ქვეყანაღა მაკლდა. ეს იყო ინგლისი, ფეხბურთის სამშობლო ინგლისი, სადაც სპორტის ამ სახეობის სიყვარული ყველა მოკვდავისთვის სავალდებულოა.

გერმანია, ესპანეთი, იტალია, ახლა კი ინგლისიც - ევროპის დიდი ოთხეული ამ უქმეებზე შევავსე: ნისლიან ალბიონზე "მანჩესტერ იუნაიტედის" გენერალურმა სპონსორმა "შევროლემ" მიმიწვია.

ავტომობილების მწარმოებელი ლეგენდარული ამერიკული კომპანია მილიონებს ხარჯავს იმისათვის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელების მაისურებზე Chevrolet ეწეროს და ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ "შევროლეს" ლოგო "იუნაიტედის" ფორმას მართლაც ძალიან მოუხდა - მგონი, "შარპის" მერე მანკუნიანელების მაისურებს ასე არცერთი სხვა ფირმის ლოგო და სახელწოდება არ მოხდენია.

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ჰალის" მატჩს სწორედ "შევროლეს" სახელობის VIP-ლოჟიდან მივადევნე თვალ-ყური და ჩემი პირველი დასკვნა ევროპის სხვა წამყვან საფეხბურთო ქვეყნებთან შედარებით ასეთია:

იტალიელებს ფეხბურთი ყველაზე გულწრფელად უყვართ, ესპანელებს - ყველაზე ეგოისტურად, გერმანელებმა იციან, რომ ფეხბურთის სიყვარული ძალიან საჭირო რამ არის, ხოლო ინგლისელებისთვის ფეხბურთი ცხოვრების წესია.

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ჰალის" მატჩის დასრულების შემდეგ ვხედავდი, როგორ იცლებოდა "ოლდ ტრაფორდი" და სტადიონზე ყოფნისას ცხოვრებაში პირველად დამეუფლა ისეთი შეგრძნება, რომ ფეხბურთზე კი არ ვიყავი, არამედ თეატრში გახლდით.

და მივხვდი, რატომაც უწოდებენ "ოლდ ტრაფორდს" "ოცნებების თეატრს".

მანჩესტერიდან შთაბეჭდილებებით დახუნძლული მოვდივარ და დღეს ყველაფერს ვერ გიამბობთ - ყველა საინტერესო დეტალის თქვენამდე მოსატანად ახლა არც საგაზეთო ადგილი მეყოფა და არც დრო, რომელიც აეროპორტში მისვლამდე დამრჩა. პირველ რიგში, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანებს ვპირდები, რომ ამ დღეებში "ლელოს" ფურცლებიდან მოგიყვებით ყველაფერს, რაც აქ ვნახე და განვიცადე.

ერთს კი გეტყვით: ეს იქნება მართლაც თეატრალური წარმოდგენის მსგავსი რეპორტაჟი - ამბავი "მანჩესტერ იუნაიტედისეული" საფეხბურთო კულტურისა, რომელიც ზოგადად, ინგლისური ფეხბურთის კულტურის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია.

რაც მთავარია, "იუნაიტედმა" "ჰალს" 3:0 მოუგო და ნელ-ნელა ბრუნდება იქ, სადაც მისი ადგილია. ყოველ შემთხვევაში, ასე სწამთ მანკუნიანელ ქომაგებს, რომლებსაც მთელი პარასკევი-შაბათი-კვირა ველაპარაკებოდი და რომელთაგან არცერთს არ დასცდენია კრიტიკის შემცველი თუნდაც ერთი სიტყვა ლუი ვან გაალისადმი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მართალია, ფერგი არ არის, მაგრამ მწვრთნელიაო - ამაზე მეტი "კრიტიკა" ჰოლანდიელი სპეციალისტისადმი, რომლის ხელშიც გუნდი ნამდვილად არ ბრწყინავს ისე, როგორც უნდა ბრწყინავდეს, ვერავისგან მოვისმინე.

რა არის ფეხბურთი? ამ კითხვას პასუხი ან ისე უნდა გასცე, როგორც "ბურთი და მოედანშია", ანაც ყველა საფეხბურთო ქვეყანაში უნდა ნახო ფეხბურთი. დროებით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. XIII ტური: კუმანი გამოცდაზე ჩაიჭრა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეტყობა მანჩესტერს შამანი გაუცოცხლდა რაღაც ლივერპულიც ვეღარ თამაშობს,ჯერ ეშმაკები რომ ქვიათ მაგიტომ არ უნდა უგულშემატკივრო ზუსტად ამართლებენ სახელს ორი ფინალი როგორი იღაბლით მოიგეს ამთი სიხარული ჯოჯოხეთის სიხარული
givi
15:35 02-12-2014
0
საღოლ კარგი სტატია, მეც მინდა ონცებების თეატრში :(((
0

სიახლეები პოპულარული