პრემიერლიგის ასეული კენიელმა ვიქტორ ვანიამამ შეკრა

AutoSharing Option
2013/14 წლების სეზონის ინგლისური პრემიერლიგა, ისევე, როგორც წინა, კვლავ მსოფლიოს ერთა ნაკრები იქნება. 17 აგვისტოს ჩემპიონატი იწყება და 20 კლუბის განაცხადებში 67 სხვადასხვა ქვეყნის შვილს ამოიკითხავთ.

სამწუხაროა, რომ მათ შორის ქართველი არც ერთია. ბოლო ქართველი, ვინც პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო საკლუბო პირველობაზე მონაწილეობდა, ზურაბ ხიზანიშვილია, რომელიც ახლა 31 წლისაა და თურქულ "ქაისერისპორში" თამაშობს. 2008/09 წლების პრემიერლიგაში მან "ბლექბერნ როვერსის" შემადგენლობაში 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

2 სექტემბრამდე (როცა სატრანსფერო ფანჯარა იხურება) სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება. ასე რომ, მულტინაციონალურ ჩემპიონატს ჯერ კიდევ შეიძლება დაემატოს
რომელიმე სხვა ერის შვილი.

როდესაც "საუთჰემპტონში" დებიუტი ექნება, ვიქტორ ვანიამა გახდება პირველი კენიელი ფეხბურთელი, ვინც პრემიერლიგაში ითამაშებს. 22 წლის ნაირობელი ინგლისში "სელტიკიდან" 12,5 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ გადავიდა.

კენია გახდება მე-100 უცხოური ქვეყანა, რომელსაც ისტორიაში ერთი წარმომადგენელი მაინც ეყოლება პრემიერლიგაში. ბუნებრივია, ამ ჩამონათვალში არ მოხვდა ოთხი ბრიტანული ქვეყანა: ინგლისი, უელსი, შოტლანდია და ჩრდილოეთ ირლანდია.

ინგლისის ჩემპიონატი პრემიერლიგად 1992/93 წლების სეზონში გადაკეთდა და მას მერე ამ ტურნირზე 99 უცხოური ქვეყნის წარმომადგენელმა ითამაშა.

ინგლისელები ჯერჯერობით მაინც ჭარბობენ სხვებს საკუთარ ლიგაში, თუმცა უმრავლესობაში აღარ არიან - 566 ფეხბურთელიდან 207 ინგლისელია (36,6 %). მომდევნო ადგილებზე არიან ესპანელები და ფრანგები - 32-32 ფეხბურთელი (5,7%). შემდეგ მოდიან: ირლანდიელები - 29; შოტლანდიელები - 24; უელსელები - 21; ჰოლანდიელები - 15; ბელგიელები - 14; ბრაზილიელები - 14; ჩრდილოირლანდიელები - 11; გერმანელები - 10 და ასე შემდეგ, 67-ივე ქვეყანას ნამდვილად ვერ ჩამოვთვლით.

სხვათა შორის, უცხოელებს ახასიათებთ კომპაქტურად რომელიმე კლუბის "ათვისება". ასე მაგალითად, ყველაზე დიდი ესპანური "სათვისტომო" "სუონსიშია", სადაც 7 ესპანელი თამაშობს. ყველაზე მეტი ფრანგი კი "ნიუკასლშია" - 11. იქ ფრანგები ინგლისელებზე (9) მეტნი არიან.

ქართველები პრემიერლიგაში
როგორც უკვე ვთქვით, 5 წელიწადია, ჩვენებურს ინგლისის უმაღლეს ლიგაში არ უთამაშია. პირველი მერცხალი კი გიორგი ქინქლაძე იყო - ზუსტად 18 წლის წინ, 1995 წლის 19 აგვისტოს ქართველის დებიუტი შედგა პრემიერლიგაში, კერძოდ, "მანჩესტერ სიტიში" ("ტოტენჰემის" წინააღმდეგ). "ქართველი ჯადოქარი" "ნისლიან ალბიონზე" 2 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ გადავიდა თბილისის "დინამოდან". ქინქლაძემ პრემიერლიგაში "სიტის" და "დერბის" მაისურით ითამაშა.

"მანჩესტერ სიტიში" უთამაშია მიხეილ ყაველაშვილს, "ბლექბერნის" მაისურით კი - ზურაბ ხიზანიშვილს. სამი სეზონი გაატარა "ნიუკასლში" თემურ ქეცბაიამ.

იცით თუ არა, რომ...
* 566 ფეხბურთელიდან 463 ევროპის 32 ქვეყანას წარადგენს.
* 42 ფეხბურთელი აფრიკის 15 ქვეყნიდანაა.
* 32 ფეხბურთელი - სამხრეთ ამერიკის 8 ქვეყნიდან.
* 14 ფეხბურთელი კონკაკაფის რეგიონის 6 ქვეყანას წარმოადგენს.
* 9 აზიელი სულ 4 ქვეყნიდანაა.
* 6 ფეხბურთელი ავსტრალაზიის 2 ქვეყნიდანაა.
* ყველაზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი თამაშობს "ფულჰემში" - 19.
* ყველაზე ნაკლები ქვეყნის წარმომადგენელი თამაშობს "ნორვიჩში" - 9.
* ყველაზე ცოტა ინგლისელი "ფულჰემს" ჰყავს განაცხადში - სულ 4.
* "არსენალში" სულ 5 ინგლისელია, "ჩელსიში" - 7, "მანჩესტერ სიტიში" - 9.
* საოცარია, მაგრამ ყველაზე მეტი ინგლისელი პრემიერლიგის უელსურ კლუბს ჰყავს - "კარდიფში" 16 ინგლისელი და მხოლოდ 1 უელსელი თამაშობს.
* გრანდებიდან ინგლისელების სიმრავლეს "მანჩესტერ იუნაიტედი" (14) და "ლივერპული" (13) დაიკვეხნიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული