რაიან გიგზი და ფილ ნევილი - დევიდ მოიესის ახალი ასისტენტები

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" სამწვრთნელო შტაბში კიდევ უფრო სერიოზული ცვლილებები იგეგმება, ვიდრე ამას წარმოვიდგენდით.

უმაღლეს დონეზე დევიდ მოიესის ასისტენტების გამოუცდელობას ინგლისურმა პრესამ ხაზი რამდენჯერმე გაუსვა და როგორც ჩანს, ამავე დასკვნამდე მივიდა კლუბის მენეჯმენტიც. 50 წლის შოტლანდიელმა საკუთარ შტაბს დამატებით სამი ადამიანი დაამატა. აქედან ორს, ფილ ნევილსა და რაიან გიგზს, როგორც იტყვიან, ჭიპი "იუნაიტედში" აქვს მოჭრილი; რაც შეეხება რობი კუკს, "ევერტონში" ის 2002 წლიდან მუშაობდა მთავარ სკაუტად და ანალოგიურ მოვალეობას ახლა უკვე "ეშმაკებში" შეასრულებს.

პოსტზე ის სერ ალექს ფერგიუსონის ძმას, მარტინ ფერგიუსონს ჩაანაცვლებს.
ჟურნალისტებმა ფილ ნევილი 4 ივლისს, დილით, უკვე დააფიქსირეს "აონ-ის საწვრთნელ ცენტრში" მისული. მოგეხსენებათ, ფილი "იუნაიტედის" აკადემიის აღზრდილია და "ოლდ ტრეფორდზე" 1995/2005 წლებში ყველა ტურნირზე ერთად 300-ზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული. ორიოდე კვირის წინ მან პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება.

ცალკე თემაა მოქმედი ფეხბურთელი რაიან გიგზი. "იუნაიტედის" ვებგვერდმა უკვე დაადასტურა, რომ ის მოთამაშე-მწვრთნელის ფუნქციებს შეასრულებს. არ დაგავიწყდეთ, რომ 39 წლის უელსელი პროფესიული სამწვრთნელო ლიცენზიის კურსს გადის, რაც იმას ნიშნავს, რომ უელსელს წინ ძალიან დატვირთული წელიწადი ელის.

"ბედნიერი ვარ, რომ რაიანი დათანხმდა ჩვენს შეთავაზებას. მისი წარმატებები და საოცარი უნარი, იოლად მოახდინოს ახალ გარემოებებთან ადაპტაცია, მას განსაკუთრებულად ფასეულ მოთამაშედ აქცევს. გიგზის კარიერა შეიძლება მისაბაძ მაგალითად გამოიყენოს ნებისმიერმა ფეხბურთელმა, რომელსაც სურს წარმატების მიღწევა. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ახალი როლით ყველანი მოგებულები დავრჩებით," - განუცხადა დევიდ მოიესმა manutd.com-ს.

"ჩემთვის მოთამაშე-მწვრთნელობა უდიდესი პატივია. იმედია, გუნდის წარმატებებში ჩემს წილს შევიტან. საიდუმლო არავისთვის არის, რომ სამწვრთნელო ლიცენზიას უკვე ვფლობ და კარიერის ახალ ეტაპზე ეს პირველი სერიოზული ნაბიჯი იქნება. მოუთმენლად ველოდები მოიესთან და მის გუნდთან მუშაობის დაწყებას," - დაამატა ლეგენდარულმა უელსელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რაიან გიგზი "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშე-მწვრთნელია
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია ნევილი და გიგზი თუ იქნებიან მწვრთნელები
Levan
18:28 06-07-2013
0

სიახლეები პოპულარული