ნეტავ, ეს ამბავი გაზეთებმა არ გაიგონო...

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრებს შვეიცარიასთან აქვს სათამაშო, მაგრამ არის კი უეინ რუნი ამ შეხვედრისთვის ფსიქოლოგიურად მზად? საქმე ის გახლავთ, რომ ორი დღეა მისი ცხოვრება ლამაზი შენობის ნანგრევებს დაემსგავსა - კვირის მერე ინგლისური გამოცემების პირველი გვერდები ხომ რუნისა და მავანი მეძავის ჯენიფერ ტომპსონის ურთიერთობის ამბავს გაჰყვირიან. ერთი სიტყვით, ფეხბურთელი ცოლს ღალატობდა და ეს მთელი ქვეყნისთვის გახდა ცნობილი. ამბობენ, ნაკრების მწვრთნელი ფაბიო კაპელო ინგლისელთა მთავარ ფორვარდს პირისპირ ელაპარაკა და ძალიან შეშფოთებული დარჩაო.

ასე უთქვამს, უეინი შკარად შორს არის იმ მდგომარეობისგან, ბედნიერება რომ ჰქვიაო. მოგეხსენებათ,
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავი გასულ პარასკევს ბულგარეთთან შეხვედრაში დაფრინავდა, ოთხივე გოლი მან შექმნა, მაგრამ მაშინ ეს "მეძავური ისტორია-ისტერია" ჯერ არ იყო ამოხეთქილი. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის პრესმდივანმა განაცხადა: "პრესაში ატეხილ აჟიოტაჟს მის ვარჯიშებზე არ უმოქმედია. მან ამ დღეებში ჩვეულებრივად იმუშავა, რადგან ეს მისი პროფესიაა".

რუნი ვარჯიშებზე გუნდისგან დამოუკიდებლად მივიდა. მიზეზი: არ უნდოდა ფოტოგრაფების ყბაში ჩავარდნილიყო. მთელი დღის განმავლობაშიც სასტუმროდან არ გამოსულა. ამბობენ, გოლფს თამაშობდაო. სკანდალზე თავისი რეაქცია ჰქონდა "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაც სერ ალექს ფერგიუსონსაც. მან თავისი საყვარელი საცხენოსნო საქმეები გადასდო და მანჩესტერში დარჩა. კომენტარისთვის ინგლისელთა ბანაკთან ჩასაფრებულმა ჟურნალისტებმა ჯეიმს მილნერი გამოიჭირეს, რომელმაც ასე თქვა:
"ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევიან, მაგრამ ჩვენ ჩვენი საქმე ძალიან გვიყვარს. ნებისმიერ პროფესიაში ასეა, არის რაღაცა, რაც გსიამოვნებს და არის რაღაცა, რაც გაღიზიანებს. იმედი მაქვს, აგორებულ სკანდალს რუნი შვეიცარიასთან ჰეთ თრიკით უპასუხებს".

ამასობაში, ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ რუნის ცოლისთვის ღალატის ამბავი სატელეფონო მესიჯით გაუმხელია. თურმე, ქალმა ქმრის შMშ შაბათს საპარიკმახეროში მიიღო - ოჯახური ზეიმისთვის ემზადებოდაო. რა ძალა ადგა რუნის, რამ გამოიწვია მისი მოულოდნელი გულწრფელობა? - იკითხავს ვინმე. რამ გამოიწვია და იმან, რომ შეიტყო: მეძავს გაზეთებისთვის ყველაფერი უამბია და პრესისთვის უნდა დაესწრო. გუშინაც მოგახსენებდით: ღალატმა რუნისა და კოლინის ოჯახი რომ შეიძლება შეარყიოს ერთია, მაგრამ რუნები ჩვეულებრივი ცოლ-ქმრის გარდა უკვე "ბრენდიც" რომ არიან და ერთობლივი "სელებრითი" ცხოვრებით 33 მილიონი ფუნტი რომ აქვთ ნაშოვნი - მეორე. თუ ოჯახი დაინგრა, ყველაფერი დიდი კორპორაციის დაშლასაც დაემსგავსება.

რაც გაზეთებმა ერთი ამბავი ატეხეს, კოლინი მშობლებთან გადასულა საცხოვრებლად. პრესაში უამრავი რამ ეწერა და ამ ყველაფრის გაძლება 24 წლის ქალისთვის მხარდაჭერის გარეშე მართლა ძალიან ძნელი იყო. ბოლტონელმა მეძავმა მეტისმეტად პიკანტური დეტალებიც კი უამბო ტაბლოიდებს, რომელთაც ყველაფერი, რასაკვირველია, მოურიდებლად გამოაქვეყნეს.

ფეხბურთის მოყვარულთათვის კიდევ აი, რა არის საინტერესო: თავდამსხმელმა ახლო ძმაკაცებს გაანდო, სამხრეთ აფრიკაში სულ იმაზე ვფიქრობდი ჩემი და მეძავის ამბავი გაზეთებმა არ გაიგონ და არ გამოაქვეყნონო. სწორედ ამიტომ არ ჰგავდა უეინი მსოფლიოს ჩემპიონატზე საკუთარ თავსო, ამბობენ ბიჭები. არადა, გეხსომებათ: ამ ტურნირზე რუნისგან დიდ გაბრწყინებას ელოდნენ. ამბობდნენ, მსოფლიოს ჩემპიონატის გმირი გახდება და ფეხბურთის ისტორიაში დიდ ადგილს დაიმკვიდრებსო.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთმა წევრმა თქვა: "ჩვენთან, კლუბში, მისი და მეძავის ამბავი ყველამ იცოდა, თვითონ კი ეგონა, რომ საიდუმლო იყო. ჰოდა, როდესაც ასეთი რამ ყველამ იცის, რასაკვირველია, ერთ დღესაც გაზეთებში დაიწერება".


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული