ხელიდან გაფრენილი გამარჯვება

AutoSharing Option
არსენ ვენგერის განკარგულებაში რამდენიმე ფეხბურთელი იყო, რომელთაც ბოლო ხანს ტრავმების გამო თამაში არ უწევდათ. უპირველესად ბაკარი სანიას ვგულიხმობთ. მიუხედავად 4-თვიანი პაუზისა (ბოლოს 2 ოქტომბერს ითამაშა), 28 წლის ფრანგი იოლად ჩაჯდა გუნდში და ორიოდე ეპიზოდში თანაგუნდელებს საგოლე სიტუაციაც შეუქმნა.

სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა მიკელ არტეტაც. რაც შეეხებათ "მაწანწალებს", მათ ბოლო 7 შეხვედრაში 4 მოგება, 2 ფრე და წაგება ჰქონდათ. ასე რომ, ოუენ კოილის გუნდზე ნამდვილად შეიძლება თქმა, რომ კარგ ფორმაში არიან და იმაში, რომ "არსენალთან" ქულას გამოჰკრეს ხელი, გასაკვირი არაფერია.

თამაში საშუალო
ტემპში დაიწყო. პირველი მომენტი მხოლოდ მე-10 წუთზე შეიქმნა, როცა მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს რობინ ვან პერსი თავით გამოეხმაურა. ჰოლანდიელმა ბურთის ტრაექტორია კარგად ვერ გათვალა და ისე ვერ დაარტყა, როგორც უნდოდა. მცველებმა სიტუაცია იოლად განმუხტეს. ვან პერსის შეხვედრის განმავლობაში თავის გამოჩენა კიდევ შეეძლო, მაგრამ ერთხელ ხარიხას გაარტყა და მეორედ კი სულ რაღაც 2 მეტრიდან - ძელს.

გუნდისთვის სამი ქულის მოტანა შეეძლო ტეო უოლკოტსაც, თუმცა მან მეკარესთან პირისპირ გასვლა ვერ გამოიყენა. თავის მხრივ რეალური საგოლე სიტუაციები გაანიავეს მასპინძლებმაც. ჯერ იყო და კოშელნიმ ვერ მოახერხა ნგოგთან გამკლავება და რომ არა შჩესნი, გოლი ნამდვილად გავიდოდა.

ბოლტონელთა ფრანგმა თავდამსხმელმა პირველ ტაიმში კიდევ ერთი მომენტი გააფუჭა, როცა საჯარიმოში ბურთი ტექნიკურად დაიმორჩილა და 6-7 მეტრიდან დაარტყა. მიზნამდე ბურთს სანტიმეტრები დააკლდა. პრინციპში სულ ეს არის. ვფიქრობთ, თამაშზე, სადაც მეტი გოლი არ გასულა ლაპარაკი არ ღირს.

მატჩის შემდეგ არსენ ვენგერი უკმაყოფილი იყო შედეგით. აი, რა თქვა მან:

"გვესმის, რომ კიდევ 2 ქულა დავკარგეთ. დავკარგეთ, იმიტომ, რომ მისი მოპოვების არაერთი და ორი შანსი გვქონდა. ისეთი მეტოქე გვყავდა, ვისთან დაპირისპირებაც ყოველთვის ყველას უჭირს. ბევრს ვცდილობდით, მაგრამ არ გაგვიმართლა, ხომ ნახეთ, ბურთი ძელსაც გავარტყით და ხარიხასაც.

იმოქმედა იმანაც, რომ "ბოლტონთან" შედარებით ერთი დღით ნაკლები გვქონდა დასასვენებლად და თანაც "ასტონ ვილასთან" ძალიან დიდი ენერგია დავხარჯეთ მოსაგებად. ბიჭები მას შემდეგ ძალიან დაღლილები იყვნენ. მათ უბრალოდ ძალები არ ჰყოფნიდათ. ყოველივეს მიუხედავად, მაინც მჯერა, რომ შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილის დაკავება. დიახ, ბევრი ლაპარაკობს რაღაც კრიზისზე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ამაზე რთული პერიოდებიც გვქონია.

ეს ყველაფერი ფეხბურთის ნაწილია".

* * *
"ასტონ ვილა"-"ქუინზ პარკის" მატჩში საინტერესო ის იყო, რომ 3-წლიანი პაუზის შემდეგ პრემიერლიგას ჯიბრილ სისე დაუბრუნდა და დედაქალაქური გუნდის შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრაში ულამაზესი გოლით გამოიჩინა თავი. მარკ ჰიუზის გუნდმა ამის შემდეგაც განაგრძო შეტევები. 28-ე წუთზე სტივენ უორნოკმა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი მოგერიების ნაცვლად შეი გივენს თავით ისე დაურტყა, ვერც ერთი მეკარე რომ ვერ წარმოიდგენს მსოფლიოში.
მოულოდნელობის ეფექტმა შედეგი გამოიღო და ანგარიში გაორმაგდა.

თითქოს ყველაფერი მშვენივრად იწყებოდა... თუმცა მასპინძლებმა ძალები მოიკრიბეს. ჯერ ფლანგზე გაათამაშეს ბურთი, რომელიც დარენ ბენტმა ისევ ცენტრში მიიღო და კარში გადაგზავნა, ბოლოს კი შარლ ნზოგბიამ ისარგებლა მცველების დაბნეულობით და ისევ და ისევ ფლანგიდან ჩამოწოდებულ ბურთი ერთი შეხებით გადაგზავნა პატრიკ კენის კარში.

თამაშის შემდეგ ჯიბრილ სისემ ჟურნალისტებთან სალაპარაკოდ მოიცალა:

"პრემიერლიგაში დაბრუნების შანსი მომეცა თუ არა, უმალ გამოვიყენე. "ლაციოში" ჩემი თამაშით უკმაყოფილო ვიყავი, თუმცა ამის მიუხედავად ერთი გოლი და 8 პასი გავაკეთე (სისეს ანგარიშზე 6 შედეგიანი პასია. ლ.ბ.), არც მიკვირს, იქ ხომ ხან ერთ ფლანგზე მათამაშებდნენ, ხან მეორეზე. ჩემთვის ეს უჩვეულო იყო.

ახლა მნიშვნელოვანია, თუ როგორ ვითამაშებ. თუკი დარჩენილ დროში 10-12 გოლს გავიტან, ლორან ბლანი ევროპის ჩემპიონატზე ალბათ წამიყვანს კიდეც".

* * *
მარტინ ონილის "სანდერლენდმა" პრემიერლიგაში არცთუ ყველაზე სუსტი "ნორვიჩი" დაიჭირა და რბილად რომ ვთქვათ, სულ კუდით ქვა ასროლინა.

მიმდინარე სეზონში პირველი შეხვედრა ჩაატარა ფრეიზერ კემპბელმა, ვინც უმძიმესი ტრავმა მოირჩინა. ფეხბურთელს სულ რაღაც 21 წუთი დასჭირდა ულამაზესი გოლის გასატანად. კემპბელმა ბურთი საჯარიმოს გარეთ მოწინააღმდეგე მცველისგან მიიღო, ერთი მოძრაობით აიგდო, მერე კი იმავე ფეხით მეკარისგან შორეულ "ცხრიანში" ჩაახვია.

დიდებული იყო სტეფან სესინიონიც. კონტრშეტევა მეორე გოლისას მან დაიწყო, ფლანგზე გადააწოდა და მერე ბურთს ცენტრში დახვდა და თავით გაიტანა. უკანასკნელად კი ბურთი საკუთარ კარში ნორვიჩელმა აიალამ გაიტანა, როცა ფილიპ ბერდსლის ჩაწოდება ჩაჭრა და კემპბელს გატანა  არ დაანება.

მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე მარტინ ონილმა თქვა: "ეს გამარჯვება ღირსეულად მივიპოვეთ. კემპბელის ულამაზესმა დარტყმამ გუნდს საქმე დებიუტშივე გაუადვილა. უნდა ვთქვა ისიც, რომ სამივე გოლი არაჩვეულებრივი გამოგვივიდა. ზოგადად გუნდის თამაშითაც კმაყოფილი დავრჩი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული